გამოცდა, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა ღირსეულად ჩააბარა

23 აპრილი, 2016

ivane123123 აპრილი ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე მასთან პირველ შეხვედრას იხსენებს და იმ უცნაურ შეკითხვაზე საუბრობს, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ერთ-ერთი ლექციის დროს დაუსვეს.

მარიკა ლორთქიფანიძე:

“უნივერსიტეტში როცა ჩავაბარეთ, ცოტა მატრაკვეცა ბავშვები ვიყავით და ცხრილში ივანე ჯავახიშვილის ძებნა დავიწყეთ. მას უკვე გავლილი ჰქონდა დევნის პერიოდი და ყველანაირად რეაბილიტირებული იყო. აღმოჩნდა, რომ ისტორიკოსებთან ის კითხულობდა სპეციალურ კურსებს მხოლოდ მესამე კურსიდან. არ მოვინდომეთ მესამე კურსამდე დაცდა და აღმოვაჩინეთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთ კურსს უკითხავდა ქართული სამართლის ისტორიას.

მივედით სტუდენტებთან და ვთხოვეთ, რომ ოთხი-ხუთი სტუდენტი დავეწრებით მის ლექციებს და არ გაგვცეთო. შემობრძანდებოდა ბატონი ივანე შავი პორტფელით ხელში, დადებდა მას მერხზე, იქიდან ამოალაგებდა ბარათებს, სადაც ამოწერილი ჰქონდა ციტატები ქართული სამართლის ძეგლებიდან და ორნაირად უდგებოდა საკითხს, ან თეორიულ დებულებას ჩამოაყალიბებდა და ამ დებულების დასასაბუთებლად კითხულობდა ამ ბარათებიდან, ან პირიქით, ჯერ დებულებებს წაიკითხავდა და მერე ამის საფუძველზე აყალიბებდა თეორიას. ცოტა გვიჭირდა გაგება, მაგრამ ძალიან საინტერესო ლექციები იყო და გატრუნულები ვუსმენდით.

ლექციებს სისტემატურად ვესწრებოდით. მას გამოცხადებული ჰქონდა რომ ლექციის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისთვის დაესვათ შეკითხვები და ის უპასუხებდა, მაგრამ ვინაიდან სმენა ცოტა დაქვეითებული ჰქონდა, შეკითხვებს წერილობით აწვდიდნენ. ძალიან საინტერესო კითხვა-პასუხი იყო ხოლმე. ერთხელაც მიუვიდა ფურცელი, რომელზეც ეწერა: სტალინური მოძღვრების თანახმად, ერის ჩამოყალიბების შესახებ, ქართველი ერი XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა. თქვენ კი საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიას? შეიძლება ეს საგანგებოდ იყო დაწერილი, შეიძლება გულწრფელად იყო ნაკითხი, არ ვიცი. გაიტრუნა აუდიტორია. ბატონმა ივანემ მთელი თავისი გუდა-ნაბადი აკრიფა, ჩაალაგა პორტფელში, მოკიდა ხელი და წავიდა. შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია, ეს ფურცელი წვრილ-წვრილად დაკეცა, დახია და სამელნის ჩასადებში ჩაყარა.

გავოგნდით. ჩემი მეგობარი ბიჭები ამბობდნენ, რომ ბატონი ივანე ძალიან სწორად მოიქცა, როცა ამ შეკითხვას პასუხი არ გასცაო. მე კი დიდხანს ვბორგვადი, რომ კითხვაზე პასუხი მაინც უნდა გაეცა-მეთქი. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ბიჭები მართლები იყვნენ. მერე იმაზე ვინერვიულეთ, რას უზამდნენ ივანე ჯავახიშვილს. მისი დასჯა უკვე აღარ შეიძლებოდა. ის საკავშირო აკადემიის აკადემიკოსი და უზენაესი საბჭოს წევრი იყო. შეიძლება რამე უთხრეს, მაგრამ გარეგნულად არ შეტყობია.

ჩვენ მის ლექციებს ყოველთვის გასუსულები ვუსმენდით. ჩვენ არ ვიყავით მათი სტუდენტები და კითხვის დასმის უფლებას ვერ მივცემდით ჩვენს თავს. არც მოგვიანებით გაგვიმხელია ივანე ჯავახიშვილისთვის, რომ ქურდულად ვესწრებოდით მის ლექციებს. ამას როგორ გავუბედავდით? სანამ ჩვენ მესამე კურსამდე მივედით ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა და ბედნიერები ვიყავით, რომ მოვესწარით მის ლექციებზე ყოფნას.”

გააზიარეთ

 
...