ოდრი ჰეპბერნი – სიფრიფანა გოგონა არაამქვეყნიური ტკივილით

31 მარტი, 2016

odrrii1XX საუკუნის ულამაზეს ქალად აღიარებული ოდრი ჰეპბერნი მსოფლიო კინოხელოვნებაში განუმეორებელ მოვლენად არის აღიარებული, ფილმი “რომაული არდადეგები” კი მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათია.

“საბრინა”, “ომი და მშვიდობა”, “საუზმე ტიფანისთან”, “ჩემი მშვენიერი ლედი”, “როგორ მოვიპარო მილიონი” – ეს ის ფილმებია, რომლებშიც ოდრი ჰეპბერნის სილამაზემ და მომხიბვლელობამ უკიდეგანოდ გაიბრწყინა.

მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი მართლაც მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა… მსახიობთან დაკავშირებით ხშირად ამბობდნენ, რომ წარმოუდგენელია ასეთი არაამქვეყნიური სილამაზის და სიწმინდის გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩვეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს ყველაზე ლამაზი და სიფრიფანა მსახიობის – ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებასა და შემოქმედებიდან.

“მე ჩემს მშობლებს არ ვჭირდებოდი, რადგან ჩემზე არავინ ზრუნავდა. ბავშვობაში ჩასუქებული და შეუხედავი გოგონა ვიყავი. ჩემი ერთადერთი სიხარული შოკოლადი გახლდათ, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვუღალატე, ეს კი საშინლად აღიზიანებდა დედა-ბარონესას, რადგან ჩემი სიმსუქნე მის არისტოკრატულობას ჩრდილს აყენებდა. შოკოლადს მიმალავდნენ და იძულებული ვიყავი ფრჩხილები მეკვნიტა. ეს უფრო მეტად აღიზიანებდა დედას, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი გაღიზიანების მიზეზი ცუდი თვისებების მქონე შვილი კი არა, ქმარი იყო. ჯოხი ჩემზე ტყდებოდა. ძილის წინ გამუდმებით ბიბლიას ვკითხულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩემს მშობლებს კინკლაობა შეეწყვიტათ. ფიცს ვდებდი უფლის წინაშე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამხდარი და ნაზი ვიქნებოდი! მტკიცედ გადავწყვიტე, რომ როცა გავიზრდებოდი, ჩემი წონა 46 კილოგრამზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, რადგან დედა გამუდმებით მიკიჟინებდა, რომ ნამდვილი ლედი სწორედ ასეთი წონის მქონე უნდა იყოსო და ეს ფიცი სრული სიზუსტით შევასრულე…” – წერდა მსახიობი თავის მოგონებებში.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები გამუდმებით კინკლაობდნენ და ამ კამათს დასასრული არ უჩანდა, ოდრიმ მშობლების განშორება ყველაზე მეტად განიცადა:
“ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დრამატული მოვლენა. ამას დაერთო მეორე მსოფლიო ომი, ხუთი წლის განმავლობაში ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ბომბმების შიშით უმეტეს დროს სარდაფში ვატარებდით და საკვებად ჰოლანდიური ტიტების ბოლქვები გვქონდა. ყველაზე მეტად ოდრის უმამობა აწუხებდა, რადგან დედა საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა. გერმანელებმა ჩემი ძმა ვილჰელმი მოკლეს და დედა გლოვა-ტირილში ჩაეფლო. მტირალი დედა კი უფრო მეტად მაშინებდა. კარგად ვხვდებოდი, რომ დედის გასამხნევებლად, უფრო მეტად სუსტი და უღონო ისევ მე უნდა ვყოფილიყავი… ამით დედა მიხვდა, რომ მას ქალიშვილი ჰყავს და მზრუნველობა მასაც სჭირდება. ეს ხერხი შემდგომ ცხოვრებაშიც არაერთხელ გამომადგა, რითაც ვაგრძნობინებდი ჩემს მეუღლეებსა და საყვარელ ადამიანებს, რომ მათ გარეშე ქალს სიცოცხლე გაუჭირდებოდა. ჩემი ეს “სისუსტე” მთელმა მსოფლიომ დაიჯერა. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ სხვისი სისუსტის მეშინოდა, კარგად მესმოდა, რომ სისუსტის გაძლება ყველას არ შეეძლო.”

როცა საკვები შემოაკლდათ, მსახიობმა საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ჭირის დღესავით სძულდა საჭმელი, სწორედ ასეთმა უჭმელობამ გადაარჩინა ის, როცა კუჭის კიბოთი დაავადდა. ერთი ცალი კარტოფილით კმაყოფილდებოდა, ქალაქის მოედანზე მთელი დღე სახტუნაოთი ხტუნავდა და ფეხსაცმელში გერმანელთა წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცებისათვის განკუთვნილ ბარათებს მალავდა. ეს იყო მისი პირველი როლი, რომლის “მაყურებლებიც” ფაშისტები იყვნენ. როცა ტყეში “სასეირნოდ” მიდიოდა მას კალათით გერმანელების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავების პილოტებისათვის საკვები მიჰქონდა, თვითონ კი არაფერს ჭამდა.

ერთხელ ნაცისტებმა ქუჩაში შეიპყრეს და სხვა ქალებთან ერთად გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნას უპირებდნენ, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და ერთი თვე ვირთხებით სავსე სარდაფში მარტო იმალებოდა. მან საკუთარ თავს უბრძანა, რომ ვირთხების არ შეშინებოდა… ნახევრად გონდაკარგულს აგონდებოდა, როგორ დაატარებდა დედა თეატრში, შემდეგ როგორ ასწავლიდნენ მუსიკას, ცეკვას, ინგლისურ ენას, რომლის შესწავლაც ჯერ კიდევ ლონდონში, მამასთან სტუმრობისას დაიწყო. წარმოსახვით ცდილობდა ვიოლინოს ხმის გაგონებას, მთელი დღეების განმავლობაში ინგლისური ზმნების უღლებას იმეორებდა და მთელი თვის განმავლობაში შეჭამა მხოლოდ ექვსი ვაშლი და ნახევარი პური, რაც მას ფაშისტებისაგან გაქცევისას აღმოაჩნდა. ერთხელაც ის ამოძვრა სარდაფიდან და სახლში დაბრუნდა.

“დედამ ცოცხალი რომ დამინახა, მეტყველების უნარი წაერთვა. მე მაშინ აჩრდილს ვგავდი, ყვითელ აჩრდილს. შემდეგ ნამდვილი სიყვითლე შემეყარა, ასთმითაც დავავადდი და მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემმა ორგანიზმმა ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესი ვეღარ აღიდგინა.”

17 წლის ოდრიმ ბალერინობა მოისურვა, მას არანაირი ნიჭი არ აღმოაჩნდა, თუმცა ჯიუტად განაგრძობდა საბალეტო სკოლაში სიარულს, რათა დედის ცხოვრება რამით მაინც გაელამაზებინა. ერთხელ, რიგითი პა-დე-დეს შესრულებისას, ის შეამჩნია ჰოლანდიელმა რეჟისორმა ჩარლზ ვან დერ ლინდენმა, რომელიც სტიუარდესას ეპიზოდური როლის შემსრულებელს ეძებდა ფილმისათვის “ჰოლანდიური ენა შვიდი გაკვეთილით”. რეჟისორი ყოველთვის ამბობდა, მართალია ამ როლისთვის მსუქანი გოგონა მჭირდებოდა, მაგრამ ოდრის მომხიბვლელობას გვერდი ვერ ავუარე და სცენარი შევცვალეო”. ასე დაიწყო დორი ჰეპბერნის კინოკარიერა.

მსოფლიო ვარსკვლავის ტიტულის მოპოვებამდე მსახიობმა ბევრ იაფფასიან კორდებალეტში და უგემოვნო მიუზიკლში იცეკვა, არაერთ მესამეხარისხოვან ფოტოგრაფთან მოდელად იმუშავა, რომ საარსებო მინიმუმი მოეპოვებინა.
“მაშინ მხოლოდ გათხოვებაზე ვოცნებობდი, რათა ერთი-ორი შვილი, (შესაძლოა – სამიც!) მყოლოდა, რომლებსაც დედაჩემი ანრემის მამულში გაზრდიდა, რომლებიც ძალიან ეყვარებოდა ჩემს ქმარს და ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდით… ყოველივე ამისათვის კი ჯერ მე ბევრი და ბევრი უნდა მემუშავა.”

ამასობაში ჰოლივუდის ცნობილმა რეჟისორმა უილიამ უაილერმა ოდრი ჰეპბერნი ტარაკნების წამლის სარეკლამო ფილმში შეამჩნია. ის აქტიურად ფიქრობდა აეყვანა თუ არა ყველასათვის უცნობი, მაგრამ საოცრად მომხიბლავი არსება პრინცესას როლზე “რომაულ არდადეგებში”. ამ ფილმისთვის სინჯები უკვე გავლილი ჰქონდა ელიზაბეტ ტეილორს. ქალთა რომანების ცნობილმა ავტორმა კოლეტმა დაასწრო რეჟისორს და როცა ოდრი მონაკოში გადაღებებზე ყოფნისას ნახა ნიუ-იორკში დეპეშა გაგზავნა, “მე ჩემი ჟიჟი ვიპოვნე! იგი მშვენიერების სრულყოფილებაა.” “ჟიჟი” იმდროინდელი ბროდვეის ყველაზე პოპულარული მიუზიკლი იყო. ამ როლს ოდრი ვერ ეგუებოდა, რადგან მსახიობად არ თვლიდა საკუთარ თავს.

“ჟიჟის” პრემიერაზე ნიუ-იორკში ჩავიდა ოდრის დიდი ხნის თაყვანისმცემელი ჯეიმზ ჰენსონი და მსახიობს ცოლობა სთხოვა. მან თანხმობა განაცხადა, თუმცა ქორწინების გადადება ითხოვა. ამ პერიოდში ოდრი ისეთი პოპულარული გახდა, დარწმუნდა, რომ ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლიდა მის სამსახიობო კარიერას და საქმროსთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.

ამერიკაში ჩასულ მსახიობს პირველივე წელს გვარის შეცვლა შესთავაზეს, რადგან უკვე არსებობდა კეტრინ ჰეპბერნი, თუმცა ოდრიმ კატეგორიული უარი განაცხადა, თუ ჩემი მიღება გსურთ, ჩემი გვარიც უნდა მიიღოთ, სხვაგვარად შეუძლებელიაო.

კარიერული წარმატებები და დიდება მალევე მოვიდა. პრინცესას როლის შესრულებისთვის ოდრი ჰეპბერნმა ოსკარიც დაიმსახურა და მაყურებლის უზომო სიყვარულიც, პირად ცხოვრებაში კი არადა არ უმართლებდა. მსოფლიოს სათაყვანებელ მსახიობს პირველად ისეთი პიროვნება შეუყვარდა, რომელიც ყველანაირად მიუღებელი იყო: ეს კაცი მსახიობი უილიამ ჰოლდენი იყო, ლოთი და გამოუსწორებელი დონ ჟუანი. მას უკვე მოესწრო ორი ცოლის გამოცვლა და შვილების ყოლაც. წინააღმდეგობების მიუხედავად მსახიობს არაფრის გაგონება არ სურდა. მან თავისი სიყვარული ფილმის “საბრინა” გადაღებებზე გაიცნო. ოდრი საყვარელი მამაკაცის სიყვარულის აგმო ვყელაფერს შეეგუა, მის ლოთობასაც, მის დეპრესიულობასაც, მაგრამ ვერ შეეგუა იმ აღსარებას, რომელიც საყვარელმა მამაკაცმა გაანდო, გადატანილი ოპერაციისა გამო, მომავალში შვილი აღარასოდეს მეყოლებაო. იმ ღამეს მსახიობმა ბევრი იტირა, მეორე დღეს კი მივიდა უილიამთან და უთხრა, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ერთი წლის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა მსახიობ მელ ფერერის, რომელიც გრეგორი პეკმა გააცნო. ოდრის გულის სიღრმეში მაინც უილიამ ჰოლდენი უყვარდა და მის გამო ღამღამობითაც კი ტიროდა.

ოდრი და მელი შვეიცარიაში დაქორწინდნენ, სადაც მსახიობი გადატვირთული რეჟიმის გამო დასასვენებლად ჩავიდა. მისი პირველი მშობიარობა მკვდარი ბავშვის დაბადებით დასრულდა. ორი წლის შემდეგ ოდრი ისევ დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვის შენარჩუნება კვლავ ვერ შეძლო, გადაღებებზე ცხენიდან ჩამოვარდა და ერთი თვე გაუნძრევლად იწვა, შემდეგ კი გადაღებებს ორთოპედიულ კორსეტში დაუბრუნდა და კვლავ შეჯდა ცხენზე. წარუმატუბელმა ორსულობებმა საშინლად იმოქმედა მსახიობზე დაიწყო უხილავი ძაფების ძიება, რაც ოდესღაც, ბავშვობაში, ღმერთთან აკავშირებდა: “მე მორჩილი და დამჯერი გოგო ვიქნები, კარგად მოვიქცევი და კინოსაც აღარ გავეკარები, ოღონდ შვილი გვაჩუქეო,” ევედრებოდა ღმერთს. მართლაც 30 წელს გადაცილებულმა მსახიობმა ბიჭი გააჩინა, რომელსაც შონი დაარქვეს. ბავშვის გაჩენის შემდეგ, ოდრი მიხვდა, რომ თავისი ქმარი აღარ უყვარდა, თუმცა შვილის გამო, მზად იყო ყველაფერი უხმოდ აეტანა: “ჩემი ბავშვობა დასრულდა მაშინ, როცა მამა წავიდა ჩვენგან. დედა არ მაძლევდა უფლებას, რომ მამა მეხსენებინა, ან თუნდაც მომნატრებოდა იგი. ამიტომაც არ მსურდა ჩემი შვილი უმამოდ გაზრდილიყო და შევფიცე საკუთარ თავს, რომ არ გავშორებოდი ქმარს.”
ასეთი ფიცის მიუხედავად, ოდრი და მელი ერთმანეთს მაინც დაშორდნენ. ქმარი აძალებდა ცოლს მონაწილეობა მიეღო რაც შეიძლება მეტ ფილმში, რომ ბევრი ფული ეშოვა, ოდრის კი თავის მხრივ აღარ სურდა ფილმებში მონაწილეობა და მთელი თავისი დროის დათმობას შვილისთვის აპირებდა.

ერთ-ერთ კრუიზში ოდრი ჰეპბერნი შეხვდა ახალგაზრდა იტალიელ ფსიქოანალიტიკოსს ანდრეა დოტის, რომელიც ფერერისთან განქორწინების ექვსი კვირის შემდეგ ოდრის მეორე ქმარი გახდა. ანდრეას ოდრი შეჰყვარებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რომში “რომაულ არდადეგებს” იღებდნენ. იმ დღიდან ანდრეას ოდრიზე ფიქრი არ მოშორებია და ოცნების ასრულება მხოლოდ 30 წლისამ შეძლო, როცა ოდრი უკვე 40 წლის ასაკს იყო მიახლოებული. ახლადშეყვარებულებს ეგონათ, რომ მთელი მსოფლიოს პრესა მათი რომანის შესახებ ალაპარაკდა, ამიტომაც პირობა დადეს, რომ არანაირ ჭორს ყურადღებას არ მიაქცევდნენ.
ოდრის და ანდრეას ბიჭი შეეძინათ და მას ლუკა დაარქვეს. მაგრამ ახალგაზრდა ქმარი სასიყვარულო თავგადასავლებში გადაეშვა და ოდრის კიდევ ერთხელ ეტკინა გული: “ანდრეა იტალიელია. იგი ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ მას მაინც ვუყვარვარ,” თუმცა საკუთარი თავის მოტყუება მალევე შეწყვიტა და მთელი არსებით შეიგრძნო, რომ მისი პირადი ცხოვრების რომაული არდადეგები დასრულდა: “ალბათ, ბედნიერებას იქ არ ვეძებ, სადაც მელოდებაო,” – გადაწყვიტა მსახიობმა და ანდრიასაც დაშორდა.

ამდენი ტკივილის მიუხედავად, ოდრი კიდევ ერთხელ გათხოვდა. მისი რჩეული რობერტ უოლდერსი საერთოდ არ ჰგავდა წინა მეუღლეებს, საოცრად პატიოსან მამაკაცს მართლა უყვარდა მსახიობი და ამას ყველანაირად გამოხატავდა. საქორწინო ცერემონიალი არ ყოფილა, წყვილი არც ოფიციალურად დაქორწინებულა, თუმცა მსახიობი მიხვდა, რომ სწორედ რობერტი იყო მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი. ოდრიმ კარჩაკეტილი ცხოვრება დაასრულა, ისევ გამოჩნდა ელიტარულ წვეულებებზე, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა, თავისი საყვარელი მოდელიორის, ჟივანშის სამოსელით გაიბრწყინა საზოგადოებაში: “ის, ვინც ახლა ვარ, სწორედ ჟივანშიმ შექმნა ჩემგან. ქალი ფუფუნების ნაირგვარი საგნების დახვავება არ არის. ქალი ელეგანტურობის და უბრალოების გამოხატულება უნდა იყოს”, – ამბობდა მსახიობი.

ოდრი ჰეპბერნის უკანასკნელი ფილმი სტივენ სპილბერგის “მუდამ” აღმოჩნდა, სადაც მან ანგელოზის როლი შეასრულა. ელიზაბეტ ტეილორმა მისი გარდაცვალების შემდეგ თქვა: “ახლა ღმერთს მიწიერი ანგელოზიც ჰყავს, რომლის მშვენიერებას ვერანაირი ციური არსებანი ვერ გაუტოლდებიან.” ოდრის სიკვდილის შემდეგ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე ჯინ ჰერშოლტის საგანგებო ჰუმანიტარული პრემია მიანიჭეს.

ტკივილებით გატანჯულ მსახიობს ექიმებმა კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობს გვერდიდან არ მოშორებიან უახლოესი მეგობრები გრეგორი პეკი და ელიზაბეტ ტეილორი, დედა ტერეზამ ლოცვა აღავლინა მისი სულისთვის, მსახიობი კი 64 წლის ასაკში ძილში მშვიდად გარდაიცვალა. ოდრის დაკრძალვის დღეს შვეიცარიის ალპების ერთ პატარა სამლოცველოში ისმოდა ბახის მუსიკა, მღეროდა ბავშვთა ქორო. ცხედრის გვერდით იდგნენ ის მამაკაცები, ვისაც ქალმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა: მელ ფერერი, ანდრეა დოტი, რობერტ უოლდერსი, იუბერ დე ჟივანში და მისი ორი ვაჟი შონი და ლუკა. რომში კი ხალხს ყვავილები მიჰქონდა ტიბრის იმ ნაპირზე, სადაც ოდრი და გრეგორი პეკი “რომაული არდადეგების” გადაღებისას ერთად ცეკვავდნენ.

გააზიარეთ