შენდობის დღეს წასაკითხი

13 მარტი, 2016

shendobis-kvira1აღდგომის მარხვის დაწყებამდე ბოლო დღე – კვირა შენდობის დღეა. ადამიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ და ნებსითი თუ უნებლიე ცოდვების მიტევებას ითხოვენ.

“არტინფო” გთავაზობთ ისტორიას, რომელიც არა მარტო შენდობის კვირას, არამედ ყოველდღეა საკითხავი, რათა არ დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი მისია დედამიწაზე – სიკეთე და ადამიანობა.

წარმოგიდგენთ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ნაწარმოების “იესო – ძე კაცისა” ამონარიდს იუდას დედას მონოლოგიდან, რომელიც გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა:

“…ჩემი ძე იყო, ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილი.

ამ ბაღჩაში აიდგა ფეხი; ამ თითებზე, ახლა რომ გამხმარ, ქარით აცახცახებულ ლერწამს დამსგავსებიან, მეჭიდებოდა თავისი პატარა, ფუნჩულა, ლიბანური ყურძნის მტევნის მსგავსი ხელებით…

…პირველად რომ ხამლები ეცვა, დედაჩემის ნაჩუქარ სელის ნაჭერში გამოვკარი და დღემდე აგერ, იმ ფანჯარასთან მდგარ ზანდუკში ვინახავ.

…ჩემი სიყრმის შვილი იყო და ფეხი რომ აიდგა, სიარული მეც მაშინ ვისწავლე, რადგან ქალები მხოლოდ მაშინ თუ დააბიჯებენ, როცა წინ შვილები მიუძღვიან…

…გთხოვ, ნუღარას მკითხავ ჩემს ძეზე. მე იგი მიყვარს და სამუდამოდ ასე მეყვარება. სიყვარული რომ ხორცთან შეზრდილი ყოფილიყო, სიმშვიდის საპოვნელად რკინის გახურებული მარწუხებით ამოვიშანთავდი. მაგრამ სიყვარული სულშია განზავებული და მისი მოხელთება შეუძლებელია.

…ახლა კი აღარ მინდა, თავი შეგაწყინოთ. წადი და ახლა სხვა ქალებს ესაუბრე, იმ პატივით რომ გარემოცულან, რაც იუდას დედას არ გააჩნია…”

გააზიარეთ

 
...