5 მარტი, 2016

ნინო რამიშვილი: “ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის მთლიანობა და თავისუფლება!”

1Nino-Ramshvili– ჩვენ არაფერი გვიშველის, თუ მთელი ერი არ შეერთდება ერთი მიზნით. ეს მიზანი უნდა იყოს ქვეყნის მთლიანობა და თავისუფლება. ავადმყოფურად განვიცდი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამბებს, – ამბობდა ცეკვის დედოფალი ნინო რამიშვილი.

განუმეორებელი პლასტიკა, ვირტუოზული ტექნიკა, ურთულესი, დახვეწილი მოძრაობები, ცეცხლოვანი ტემპერამენტი, მგრძნობიარე ხელები, მომაჯადოებლად მეტყველი ზურმუხტისფერი თვალები – ეს ქართული ცეკვის დედა-დედოფალი ნინო რამიშვილია. მან მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა ეროვნულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში.

“არტინფო” ნინო რამიშვილის მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომლებიც ქართულ ცეკვას და მისთვის უძვირფასეს – საქართველოს ეხება.

***

“ბევრი შეიძლება ვერ ამჩნევს, მაგრამ ჩვენი ანსამბლის არსებობის მანძილზე მისმა პროგრამამ, თითქმის ყველა ცეკვამ სახე იცვალა. იხვეწება ნახაზი, პლასტიკა. ანსამბლი არ არის ცეკვის მუზეუმი – ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება.”

***

“ვინ მოსთვლის რამდენი დღე და წელიწადი გასული ვარჯიშში, ვიდრე ახალი ცეკვა დაიდგმებოდა. ტრენაჟი, ილეთი, რეპეტიცია, ანთებული თვალები, დაღლა, წუთიერი შესვენება და კვლავ ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში! ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო, ამბობენ. ვისაც ჩვენი რეპეტიცია უნახავს, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნდებოდა: ჩვენი ანსამბლის რეპეტიციები მუდამ ზუსტად, დანიშნულ დროზე იწყება, მაგრამ ის არასოდეს დროზე არ თავდება და ეს ჩვენში უკვე კანონად იქცა.”

***

“თუკი რამე მეტყველებს ერის გენიაზე, ერთ-ერთი პირველი ქართული ცეკვა. ამიტომ ყოველ გასტროლზე თან დამყვება ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ, ჩვენი ხელოვნებით მთელს ქართველ ერს, მის ძირძველ მრავალსაუკუნოვან კულტურას წარმოვადგენთ. ეს სიამაყესაც გულისხმობს და უდიდეს პასუხისმგებლობასაც. ყოველი გასტროლი გამოცდაა, რომელთან შეჩვევა არ შეიძლება. ყოველ გასტროლზე ჩვენ თავდაპირველი მღელვარებით ვაბარებთ ამ გამოცდას, თითქოს საზღვარგარეთ პირველად გამოვდიოდეთ.”

***

“შეჩვევა არც შენი ხალხის სიყვარულთან შეიძლება. რაც უფრო მეტად უყვარხარ, სჯერა და გაფასებს, მით უფრო მეტს ელის, მოითხოვს კიდეც შენგან. ხალხის სიყვარული, უწინარეს ყოვლისა, მოვალეობაა და ბედნიერები ვართ, რომ ამ მოვალეობას პირნათლად ვასრულებთ.”

***

“ეროვნულობა – ეს ჩემთვის უპირველესი ცნებაა, დიდი გრძნობაა და აუცილებელიც. ეს გახლავთ ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის სიყვარული, ჩემი ისტორიის სიყვარული. ქართველი ერი მსოფლიოში არის ერთადერთი ერი, რომელსაც აქვს საოცრად მრავალფეროვანი სიმღერები და ამის შესაბამისად ცეკვებიც. ისინი სხვადასხვა კუთხეების შექმნილია. მართალია, მე პირადად ვერ ვიტან კუთხურ დაყოფას, მაგრამ სწორედ კუთხურობა ქმნის ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვნებას. მართლაც, ბედნიერია ქართველი ერი, რომ ასეთი უნიკალური სიმღერები და ცეკვებს აქვს.”

***

“ჩვენი მასწავლებელი ბრძენია და მისი სახელი – ხალხია. მხოლოდ ყურის გდება, მოსმენა, დანახვა, აკრეფაა საჭირო. მასში საუნჯე მარგალიტებად არის მიმობნეული, ცოდნისა და გამარჯვების წყაროდ ჩქეფს და დაუსრულებლად მოედინება. ეს წყარო არასოდეს დაშრება, რაც მეტს დავეწაფებით, უფრო მეტად გაგვახარებს.”

***

“ჩვენ არაფერი გვიშველის, თუ მთელი ერი არ შეერთდება ერთი მიზნით. ეს მიზანი უნდა იყოს ქვეყნის მთლიანობა და თავისუფლება. ავადმყოფურად განვიცდი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამბებს. ყველამ კარგად იცის ეს რომ ქართული მიწაა და თუ აქ ცხოვრობდა აფხაზი, ოსი, სომეხი, რუსი განა ვინმეს შევდავებივართ? მგონი, ჩვენ ზედმეტად შემწყნარებელნი ვიყავით ყველას მიმართ, გარდა ერთმანეთისა და რაც დღეს ხდება, ეს ამისი ბრალიც უნდა იყოს. ვუსურვებდი ჩვენს ქართველ ხალხს ყოველგვარი პირადულის დათმობას და გაერთიანებას ჩვენი ტანჯული სამშობლოს გადასარჩენად.”

***

“ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ვარ, არა? ეს არ არის სიმკაცრე, მე მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, სხვების მიმართაც. მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა, მტკიცე დისციპლინა, მე უბრალოდ მუდამ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ და არასოდეს დავღალატებულვარ; ერთგულების, დიდი შრომის გარეშე, უსიყვარულოდ არასოდეს არ იქნება მოსაწონი საქმე.”

***

“რაც შეეხება იმას, რომ ჩემზე, როგორც მოცეკვავეზე ჰყვებიან ლეგენდებს, შემფასებლად ვერ გამოვდგები. ვერ ვიტყვი როგორ ვცეკვავდი. ეს კია, ცეკვა ჩემთვის სიცოცხლეა… ყოველ საქმეში სიცოცხლე უნდა ჩააქსოვო. თუ შენი საქმე სიცოცხლესავით გიყვარს, ბევრი რამ გაგიადვილდება, იოლად სძლევ ცხოვრებისეულ სირთულეებს. თუ შენი საქმე სიცოცხლესავით გიყვარს, მაშინ ის კაცი ხარ, ერთგულად რომ ჩამდგარა მშობელი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში და უშურველად ირჯება ერის დღეგრძელობისათვის. ეს კი ყველაზე წმინდა სამსახურია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის.”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...