12 მარტი, 2016

ლიანა ასათიანის მსხვერპლად შეწირული ცხოვრება

1liana-asatiani“გიორგი სააკაძე”, “ჭირვეულის მორჯულება”, “თავადის ქალი მაია”, “ჭრიჭინა”, “დიდოსტატის მარჯვენა” “ეთერის სიმღერა” – ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც ლიანა ასათიანმა ითამაშა. ყველა როლს ის უფლის საჩუქარს მიაწერდა და აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.

მართალია პროფესიით მსახიობი არ იყო, მაგრამ ლიანა ასათიანმა თავისი სილამაზითა და მომხიბვლელობით შეძლო სამუდამოდ დაემახსოვრებინა თავი მაყურებლისთვის.

ლიანა ასათიანის კინოკარიერა მიხეილ ჭიაურელის ფილმში “გიორგი სააკაძე” დაიწყო, სადაც მან დედოფალი თეკლეს როლი შეასრულა. საბედნიეროდ, განგებამ ის მრავალგზის გაახარა და გაანებივრა. მეუღლესთან, ცნობილ კომპოზიტორთან დავით თორაძესთან 38 წელი იცხოვრა, ორივე შვილი ნინო და ლექსო უცხოეთში ცხოვრობენ, ორივე წარმატებულები და რეალიზებულები არიან – ლექსო ცნობილი პიანისტია, ნინო კი ინგლისში მოღვაწეობს.

ლიანა ასათიანი კულტურას პატარაობიდანვე ეზიარა. ის ოპერის თეატრის ხშირი სტუმარი იყო – “დაისი”, “ქეთო და კოტე”, “აბესალომ და ეთერი” თითქმის ზეპირად იცოდა. მომავალი მსახიობი თეატრში მარტო დადიოდა. თანამშრომლები პატარა გოგონას უკვე სცნობდნენ და მისი თეატრისადმი ასეთი განსაკუთრებული სიყვარული ცოტა აკვირვებდათ კიდეც. ლიანა ასათიანის სახლში, ერთი სართულით მაღლა “აბესალომ და ეთერში” ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი ოლღა ბახუტაშვილი ცხოვრობდა. მასთან მოსწავლეები როცა მიდიოდნენ, პატარა გოგონა კარს აღებდა და მათ კიბეებზე ხვდებოდა, ამით თითქოს ოპერის სურნელს შეიგრძნობდა.

სკოლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადიოდა, როცა მსახიობი წამოიზარდა, რუსთაველის თეატრში დაიწყო სიარული. იქაც მარტო დადიოდა. მშობლების მიერ საუზმისთვის მიცემულ ფულს თეატრის ბილეთების შესაძენად აგროვდებდა. რუსთაველის თეატრი გრიბოედოვის თეატრმა ჩაანაცვლა, რასაც მოყვა მარჯანიშვილის თეატრი. მისთვის ყველაზე საინტერესო ადამიანები მსახიობები აღმოჩნდნენ.

ლიანა ასათიანის ცხოვრებაში კინო მერვე კლასში შეიჭრა. ის სპექტაკლს “გიორგი სააკაძე” მეგობრებთან ერთად ესწრებოდა. შესვენებაზე მას სიმპათიური ქალი მოუახლოვდა, თან მამაკაცი ახლდა. გაეცნო, ნატაშა ჟუჟუნაძე ვარ, მიშა ჭიაურელის ასისტენტიო. მამაკაცი კი შალვა გედევანიშვილი აღმოჩნდა, თამარ ციციშვილის მეუღლის ძმა, რომელიც ფილმ “გიორგი სააკაძის” მეორე რეჟისორი იყო. ქალბატონმა ნატაშამ გვარი და სახელი ჰკითხა და დააყოლა, კინოში გადაღება თუ გინდათ, ხვალ კინოსტუდიაში მოდითო. ამ შემთხვევას მსახიობი ღვთის საჩუქარს უწოდებდა და სიცოცხლის ბოლომდე გაოცებული ამბობდა, არც კი ვიცი, თეკლე დედოფლის როლზე მე რატომ ამირჩიესო. კინოსტუდიაში ისე მივიდა, მშობლებისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მშობლები ხელოვანები არ იყვნენ და შეეშინდა, ვაითუ უარი მითხრან და არ გამიშვანო.

“კინოსტუდიაში რომ მივედი, კართან დამხვდნენ, მესამე სართულზე ამიყვანეს, სადაც ცნობილი მხატვარი და საოცრად ნიჭიერი ქალი, თამარ აბაკელია, მუშაობდა. დედოფლის სამოსი ჩამაცვეს, თავზე გვირგვინი დამადგეს და საგრიმიოროში, მეორე სართულზე ჩამიყვანეს. გრიმი რომ წამისვეს, საკუთარი თავი ვერ ვიცანი. საოცრად გამომცვალა, სარკეში გაოცებული ვიყურებოდი. ასე მიმიყვანეს მიხეილ ჭიაურელთან. გენიალურ რეჟისორს მოვეწონე და დედოფლის როლზე დამამტკიცეს. ფილმში მონაწილეობდნენ იმ დროის ლეგენდარული მსახიობები. მათ ფოტოებს სპეციალურად ვყიდულობდი და ალბომებში ისე ვაკრავდი, რომ არავის მოეპარა. მოულოდნელად მათ გვერდით აღმოვჩნდი. გადასაღებ მოედანზე სპარტაკ ბაღაშვილი რომ დავინახე, თვალებს ვერ დავუჯერე. გაოცებული ვუყურებდი ჩემთვის საყვარელ, არაჩვეულებრივ მსახიობებს, რომლებიც 15 წლის გოგონას მეფერებოდნენ, მანებივრებდნენ. ახალგაზრდა ვიყავი და გარემოსთან ასიმილაცია ადვილად მოვახერხე. როგორც კი მივიდოდი სტუდიაში, მაშინვე საგრიმიოროში გავრბოდი, რომ სწრაფად წაესვათ გრიმი. თითქოს საღებავი მორიდებასა და სირცხვილს მიფარავდა და მიქრობდა,” – ასე იხსენებდა ლიანა ასათიანი თავის პირველ კინოროლს.

“გიორგი სააკაძეზე” მუშაობა რომ დამთავრდა, ლიანა ასათიანმა სკოლა სწორედ მაშინ დაამთავრა. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და პატარა გოგონას მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამან ლიანა ასათიანს კომპლექსი გაუჩინა და სახლში გამოკეტა. სახლიდან მხოლოდ საღამოობით გადიოდა, რომ ხალხის ყურადღება არ მიეპყრო.

“როცა მიხეილ ჭიაურელთან ვმუშაობდი, მასთან მსახიობები მოდიოდნენ და სთხოვდნენ, მასობრივ სცენებში მაინც დაგვაკავე, თორემ დავიხოცებითო. საკუთარ თავს ასეთ რამეს არასოდეს ვაკადრებდი. ღირსების გრძნობას ადამიანი არ იძენს, უბრალოდ, ან აქვს, ან არა. ღირსება ასევე არ მაძლევდა უფლებას, რომელიმე რეჟისორისთვის როლი მეთხოვა. ძალიან მალე მივხვდი, რომ მსახიობობა პროფესია არ იყო. მსახიობების როლები ფორტუნაზე იყო დამოკიდებული, ბედი ან გაუმართლებდათ, ან არა. ამიტომაც ავირჩიე ისეთი პროფესია, სადაც წარმატება მხოლოდ ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული და არა რომელიმე რეჟისორის გემოვნებაზე. ამიტომაც სამედიცინოზე ჩავაბარე და ეს არასოდეს მინანია. თეატრის მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია, განა იმიტომ, რომ სცენაზე თამაშს ვერ შევძლებდი, უბრალოდ, კულისების ცხოვრება არ მომწონდა. ყველაფერი ის, რაც ღირსებას შემილახავდა, ჩემთვის მიუღებელი იყო. სიყალბეში არასოდეს მიცხოვრია,” – ამბობდა მსახიობი.

“გიორგი სააკაძის” შემდეგ იყო “ჭირვეული მეზობლები”, სადაც ლიანა ასათიანი თავის მომავალ მეუღლეს, კომპოზიტორ დავით თორაძეს შეხვდა:

“მომავალ მეუღლეს მანაგაძის ფილმ “ჭირვეულ მეზობლებზე” მუშაობისას შევხვდი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, საოცრად მომხიბვლელი. ჩვენ შორის ძალიან მალე გაჩნდა გრძნობა და დავქორწინდით. ლექსო შეუღლებიდან ხუთი წლის შემდეგ დაიბადა. მანამდე ოჯახური პირობები არ გვიწყობდა ხელს, რომ ბავშვი გვყოლოდა. ლექსოს დაბადებიდან ხუთი წლის შემდეგ ნინო დაიბადა. უცნაურია, რომ სანამ ლექსო დაიბადებოდა, მეუღლე სულ ამბობდა, ლექსო გვეყოლებაო. მერე კი, ნინოს დაბადებამდე, ამ სახელს იმეორებდა. მეუღლემ ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქა. მისი წარმატებები ჩემთვის დოპინგივით იყო. ჩემთვის პირველ პლანზე ოჯახი იდგა და მათსა და რაღაც საქმეს შორის არჩევანს არასოდეს გავაკეთებდი.”

საოცრად ნიჭიერი აღმოჩნდა პატარა ლექსო. ის არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. მამამ დაუწერა ნაწარმოები, რომელიც პიანისტმა მამის სიცოცხლეშივე რამდენჯერმე შეასრულა. სწორედ იმ დღეს, შვიდ ნოემბერს, როცა მოსკოვის კონსერვატორიის დარბაზში ლექსოს უნდა შეესრულებინა მამის მიერ მისთვის შექმნილი კონცერტი, დავით თორაძე გარდაიცვალა.

“მამა საოცრად ამაყობდა თავისი შვილით, იცოდა, რომ ლექსო ნიჭიერი იყო და დიდი სივრცეების დაპყრობა შეეძლო. როცა ლექსო თვითმფრინავით გაფრინდა, ვინატრე, ღმერთო, მთელი ცხოვრება ასე აფრინე გასტროლებზე-მეთქი. უფალმა ესეც შემისრულა. როცა გავიგეთ, ლექსო უცხოეთში დარჩა, მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მას მეტი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო. იმის ილუზია არასოდეს მქონია, რომ ლექსოს სანახავად გამიშვებდნენ, მაგრამ აქაც ბედმა გამიღიმა. საბჭოთა კავშირში პირველი დედა ვიყავი, რომელიც შვილთან უცხოეთში გაუშვეს. საბჭოთა კავშირში რეიგანი უნდა ჩამოსულიყო, მანამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი, შულცი, ჩამოვიდა. იგი თბილისშიც იყო და მაშინდელ ცკ-ის მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს დაუტოვა წერილი, ლიანა ასათიანი თავისი შვილის სანახავად გამოუშვითო. თურმე ლექსოს მისი უწყებისთვის მიუმართავს, დედას შემახვედრეთო. როცა ამ წერილის შესახებ მითხრეს, ვიფიქრე, რომ ჭორი იყო, დაჯერება გამიჭირდა. ამერიკაში რომ ჩავედი, ნიუ იორკის აეროპორტი ხალხითა და ყვავილებით იყო გადაჭედილი. ლექსომ არაჩვეულებრივი შოუ მოაწყო. ტელეარხები, ფოტოკორესპონდენტები, ჟურნალისტები მოვიდნენ. მითხრა, ხომ ხედავ, როგორი შეხვედრა მოგიწყვეო. ვუპასუხე, მე არ მომიწყვე, საკუთარ თავს გაუკეთე-მეთქი. იმ შეხვედრის შემდეგ მთელი ამერიკა ლექსო თორაძეზე ალაპარაკდა.”

ლიანა ასათიანი თბილისში წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა. მას მუდმივად ენატრებოდნენ შვილები და შვილიშვილები, მაგრამ ისიც კარგად ესმოდა, რომ შვილების წარმატებისთვის ეს მსხვერპლი უნდა გაეღო:

“შვილები და შვილიშვილები სულ მენატრებიან. ერთი ოთახი, სადაც დავითის როიალი დგას, მათი ფოტოებით არის სავსე. მენატრებიან, მაგრამ კარგად მესმის, რომ მათი წარმეტებისთვის ასეა საჭირო. ჩემი ცხოვრება მათ მსხვერპლი უნდა შევწირო და შევწირე კიდეც, ისე რომ ამაზე ერთი წუთითაც არ მინანია. ერთხელ ლექსოს მივწერე, თუ გჭირდები, ყველაფერს დავტოვებ და შენთან ვიქნები-მეთქი. ლექსომ მომწერა, დედა, თბილისში უფრო მჭირდებიო. მერე დავფიქრდი, რომ ლექსო მართალი იყო. ერთხელ ლექსომ გამომიგზავნა ჟურნალი, რომელსაც ეწერა “ლექსოს ლიანას”. სულ ვფიქრობ, ამ ორ სიტყვაში რამდენი რამ ჩადო, უფრო ჭკვიანურად მოფიქრება შეიძლებოდა?!”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...