გიორგი კეკელიძე ბოდიშს იხდის

1giorgi-kekelidze-gurul-dgiurebzeსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ბოდიშს იხდის და სპეციალურ ჩანაწერს აქვეყნებს.

გიორგი კეკელიძე:

“ცოტა გრძელია, მაგრამ თუ წაიკითხავთ, განსაკუთრებით ჩემი მეგრელი მეგობრები, გამახარებთ:

,,სამეგრელოს გარდა?”

ეს წერილი ადრე დავწერე. მაშინვე ვფიქრობდი, რომ აუცილებლად შევიდოდა ,,გურული დღიურების” მეორე წიგნში. სამეგრელოზეა. იმ უსამართლობაზე, ამ კუთხეს რომ ახლდა.

,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა,
ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა”

დიახ, ჩვენ გვახსოვს და ეგებ გვიმღერია კიდეც ცნობილი ტექსტის ეს სამარცხვინო და სახიფათო ვარიაცია. იმ გაუაზრებელ და მრუმე წელიწადებში. არც ისე შორს – თვალისა და ფიქრის ახლო გაწვდენაზე. ასეთი სიმღერები უკვალოდ არ ჩაივლის, სადღაც რჩება: ან მოუხდელ ბოდიშად, სინდისი რომ გქენჯნის, ან სულაც, მეგრულად მოლაპარაკეთა შემხედვარე საგანგებოდ დაჭყანულ სახედ, უსინდისობა რომ ვერ შეაწუხებს. რადგან ასეთია. ასეთად გაზარდეს, მათ ვინც ტყვიებს ესროდა, აუპატიურებდა, ძარცვავდა თანამოქალაქეს. ადამიანს. ან თუნდაც: თანაუგრძნობდა ამ ლაშქრობებს.

ბევრმა ეს ტკივილი გამოვტოვეთ. აი, მე, მაგალითად რამდენიმე დღის წინ, როცა ზვიად კვარაცხელია მმასპინძლობდა და დეტალებს მიყვებოდა, მართლა სიურეალისტური ფილმის სცენარი მეგონა აქამდე ათასჯერ განაგონი. არ და ვერ ვიჯერებდი. არადა, ხომ ვიცოდი, რომ თუნდაც ჩემს მეზობელსაც უმღერია ასე: ,,ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა.” და ის, რომ ეს სიმღერა აადვილებს ტყვიების გამეტებას და მზერასაც ასხვაფერებს.

მოკლედ, რთული ამბავია. ასეთი ჭრილობების საქმე კი ორგვარად გვარდება – ან გაანალიზებით და მერე დისკუსიებით, ხან ჭრილობაზე მარილით და მერე გამოფხიზლებით. ან მეორე გზა – უპირობო პატიება და ტაბუ. ამ კუთხის მცხოვრებებმა აპატიეს ,,მომღერლებს” ,,სიმღერა”. იმაზე ადვილად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ, იქით, ჩვენი დაუძინებელი ჩრდილოელი მოყვარის მცდელობები, თუნდაც უსაყრდენო სეპარატიზმის გასაღვივებლად. მაგრამ ამაოდ. და ვიცი, რომ სამუდამოდ ამაოდ. თუ მაინც რამე პოზიტიურის დანახვა გვინდა ოთხმოცდაათიანების შავ ქრონიკაში, ერთი ეს დასტურია: სამეგრელო საქართველოს ყველაზე მყარი ნაწილია.

აქ წერტილი დასვით. და იგულისხმეთ ეს წერილი ჩემს ბოდიშად. ჩემი მეზობლის მაგივრად მოხდილ ბოდიშადაც და გასწორებულ სტრიქონებად: ,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო”.. და ა.შ. და ა.შ.

პირველი, რაც სამეგრელოზე მახსენდება, გაგიკვირდებათ და დადიანების ბრწყინვალე მუზეუმი არ არის. ეს მარტვილის გზაა, განიერი მთები, მუხლებზე წეროების ბუდეებით. ძნელია ამ გარემო-განწყობისთვის შედარებების დაძებნა. უმეტაფორო სილამაზეა. და მერე მეგრული ჯარგვალები. და ჩემთვის უცხო ენა, რომელსაც ისე ვხვდები, ოცამდე სიტყვის ცოდნაც მყოფნის. ანუ ჩემთვის უცხო ჩემი ენა. მერე უკვე დადიანების მუზეუმი. და მთელი ეს საგა მიუარატების. მერე ლამბერტი. ,,შემაშინებლად” მოვლილი ეზოები, მეგრული ყოფის აუცილებელი პროლოგი, იმთავითვე გულისხმობს განსხვავებულ დრამატურგიას, რომელსაც მერე სახლებში ხვდებით. სახლებიც ეგრე მოვლილი. ნივთებისადმი განსაკუთრებული ფეტიში. წყობა. აურა. ღომი. ელარჯი. გებჟალია. კულინარიის მარტივი და მიუწვდომელი მასშტაბები. მოკლედ, დიახაც, რომ ქებათა-ქებათა.”