გაიცანით ქალბატონები, რომლებმაც მეუღლეები დიდების მწვერვალზე აიყვანეს

15 მარტი, 2016

salvador-dali1ამბობენ, მამაკაცის წარმატება უმეტესწილად მის მეუღლეზეა დამოკიდებულიო. ამ ნათქვამში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალის როლი მართლაც გადამწყვეტია.

მსოფლიო კულტურაში ბევრია ისეთი ლეგენდა, რომლებიც ვარსკვლავებად სწორედ მათმა საყვარელმა ქალბატონებმა აქციეს.

“არტინფო” რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:

1. გალა

გალა – იგივე ელენა დიაკონოვა იყო პირველი, რომელმაც ესპანელ მხატვარში სალვადორ დალიში პირველმა დაინახა მისი გენიალურობა. იმ პერიოდში მხატვარი თითქმის შეშლილობამდე იყო მისული. სწორედ გალა გახდა მისი პირველი ქალიც, მუზაც, მოდელიც, დედაც, მდივანიც და მენეჯერიც. მან საკუთარ თავზე აიღო მხატვარზე ზრუნვის ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ელემენტი: გალა უვლიდა დალის, ორგანიზებას უწევდა გამოფენებს, პოულობდა დამკვეთებს.

მხატვარი მის გვერდით ავადმყოფობისგანაც განიკურნა, საკუთარი შესაძლებლობებიც ირწმუნა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. შემთხვევითი არ არის, რომ მის ტილოებს ყოველთვის ამშვენებდა წარწერა – “გალა-სალვადორ დალი”. მხატვარი ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა, რომ გალას დამსახურებით მან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლო და ნამდვილი მხატვარი გახდა:

“მე მიყვარს გალა უფრო მეტად, ვიდრე მამა, უფრო მეტად, ვიდრე დედა, უფრო მეტად ვიდრე პიკასო. უფრო მეტადაც ვიდრე ფული, მადლობა შენ, გალა!”

 

2. მერსედეს ბარჩა პარდო

ეს ქალბატონი მსოფლიოში ცნობილი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის მეუღლეა. მათ ერთმანეთი საცეკვაო მოედანზე გაიცნეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გოგონა მხოლოდ 13 წლის იყო, მარკესმა მას ცოლობა მაშინვე შესთავაზა. წინადადებაზე მწერალს უარი არ მიუღია, თუმცა ერთი პირობით – გოგონას სკოლა უნდა დაემთავრებინა. საბოლოოდ მათ 13 წლის შემდეგ იქორწინეს.

მერსედესმა მთლიანად თავის თავზე აიღო მწერლის კომფორტსა და ხელშეწყობაზე ზრუნვა, ასევე ოჯახური საკითხების მოგვარება და მეუღლეს ყველანაირი პირობა შეუქმნა მაქსიმალური რეალიზებისთვის. მარკესს მეუღლე არც მაშინ მოშორებია გვერდიდან, როდესაც მსოფლიოში აღიარებულ რომანზე “მარტოობის 100 წელი” მუშაობდა. მერსედესს მეუღლის გენიალურობაში ეჭვი არასდროს ეპარებოდა და აი, როდესაც წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ მარკესმა რომანის წერა დაასრულა, მისი რედაქციაში გასაგზავნი ფულიც კი არ აღმოჩნდა. მაშინ საყვარელმა ქალმა გაყიდა უკანასნელი ნივთები – ფენი და მიქსერი და მეუღლის რომანის გამოქვეყნებას მოახმარა. მართლაც ამ ნაწარმოებმა უსწრაფესად მოიპოვა პოპულარობა მთელს მსოფლიოში, მის ავტორს კი სოლიდური ანაზღაურება და ნობელის პრემია მოუტანა.

 

3. იოკო ონო

ამ ქალბატონის სახელს ხშირად გაიგონებთ მაშინ, როდესაც ბიტლომანები ჯგუფის დაშლის შესახებ საუბრობენ. ხშირ შემთხვევაში ბიტლზის დაშლის მიზეზად სწორედ იოკო ონო სახელდება, თუმცა როგორც ამბობენ, ლივერპულელმა ბიჭებმა ბევრად უფრო ადრე დაასრულეს ერთობლივი კარიერა, ვიდრე იოკო ონო და ჯონ ლენონი ერთმანეთს შეხვდებოდნენ.

იოკომ ლენონი სულ სხვა გარემოში გადაიყვანა – ავანგარდული ფერწერა, ლიტერატურა, მრავალფეროვანი მუსიკა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებით შეიქმნა ჯონ ლენონის სოლო ალბომი, რომლის ერთ-ერთი სიმღერა “XXX” მსოფლიო ჰიტად იქცა. ჯონ ლენონი ხშირად აღნიშნავდა, რომ იოკო ონომ მას არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ბედნიერება მოუტანა.

 

4. უნა ო’ნილი

– მან მოწიფულ ადამიანად მაქცია, ხოლო მე მას ახალგაზრდობას ვუნარჩუნებდი, – ასე საუბრობდა უნა ო’ნილი მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავზე ჩარლი ჩაპლინზე. 54 წლის კომიკოსი და 17 წლის ახალგაზრდა მსახიობი ერთმანეთს ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, რომლის რეჟისორიც თავად ჩარლი ჩაპლინი იყო.
მათი ქორწინება 34 წელი გრძელდებოდა და მას ხელი ვერც უნას მამამ, ამერიკელმა დრამატურგმა იუჯინ ო’ნილმა ვერ შეუშალა. წყვილს 8 შვილი ეყოლა – 5 ქალიშვილი და 3 ვაჟი. უფროსი ჯერალდინა დღეს აღიარებული მსახიობია. ჩარლის გამო უნამ სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, ამის სანაცვლოდ კი ბედნიერი მეუღლის, დედის და გენიალური კომიკოსის ცხოვრების ერთად-ერთი მუზის ტიტული დაიმსახურა.

 

5. ჯულიეტა მაზინა

რეჟისორ ფედერიკო ფელინისა და მსახიობ ჯულიეტა მაზინას ქორწინება ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში. მათი თანაცხოვრება 50 წელი და 1 დღე გაგრძელდა. განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, საოცრად უგებდნენ ერთმანეთს, თუკი ფედერიკოს ფუფუნება უყვარდა და საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღება მუდმივად სიამოვნებდა, ჯულიეტა ყოველთვის თავშეკავებული იყო და მეუღლის ერთგულებას არასდროს ღალატობდა. ალბათ სწორედე ს იყო მათი ბედნიერი თანაცხოვრების მთავარი საიდუმლო, რამაც ნახევარი საუკუნე გასტანა.

თუ ჯულიეტა გადასაღებ მოედანზე არ იყო, ფედერიკო წონასწორობიდან გამოდიოდა და დიდი სკანდალი შეეძლო მოეწყო, იგი ცოლს სახლში ნებისმიერი წვრილმანის გამო ურეკავდა და რჩევას ეკითხებოდა. ჯულიეტას უამრავი საქმე ჰქონდა შეთავსებული – სცენარებს წერდა, მსახიობებს როლზე ამტკიცებდა… მიუხედავად მაზინას კარიერის წარმოუდგენელი წარმატებისა, მან საკუთარი ცხოვრება მთლიანად თავის გენიალურ ქმარს მიუძღვნა.

 

6. კლემენტინა ჩერჩილი

მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი უინსტონ ჩერჩილი თავისი მეუღლის კლემენტინას გვერდით მოსიყვარულე და სათნო ყმაწვილი ხდებოდა. მეუღლე პოლიტიკოსისთვის საიმედო მეგობარი და მთავარი თანამოაზრე იყო.
ძლიერი ხასიათის მქონე კლემენტინა იმ მეუღლეების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, რომლებიც გენიალური ქმრების ჩრდილში იმყოფებოდნენ. მათ სიყვარულის საკუთარი ფორმულა შექმნეს. კლემენტინამ იმ საიდუმლოსაც მიაკვლია, თუ როგორ შეიძლება 57 წლიანი ქორწინების მიუხედავად, ქმარს თავი არ მოაბეზრო და მისთვის ყოველთვის სასურველად დარჩე.

გააზიარეთ

 
...