14 მარტი, 2016

ვახუშტი კოტეტიშვილი: “გავიბითურეთ სამშობლო, მართლაც სამოთხის სადარი!”

1vaxushti-kotetishviliგავიბითურეთ სამშობლო,

მართლაც სამოთხის სადარი.

სხვა საქართველო კი არა,

თვით საქართველო სად არი?!

– ეს არის “მკაფიო კაფია”, რომელიც ფოლკლორისტმა, მთარგმნელმა და პოეტმა ვახუშტი კოტეტიშვილმა 1994 წელს დაწერა. სამწუხაროდ, ეს კაფია დღითი დღე სულ უფრო აქტუალური ხდება და ჩვენს რეალობას ყველაზე მეტად შეეფერება. საუყედუროდ, საქართველოს გაბითურება გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება.

“არტინფო” ცნობილი პოეტის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეპიზოდებს გაგაცნობთ:

ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა მრავალმხრივი მიმართულებებით წარიმართა. მას თავიდანვე მძიმე ტვირთი დააწვა მხრებზე – მამის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ კოტეტიშვილის შვილობა:

“მჯერა, რომ იმას, რაც ადამიანს შუბლზე აწერია, ვერაფერი შეცვლის. სხვანაიარად ვერ ვხსნი იმ უბედურებების სერიას, რაც თავს დამატყდა. დედაჩემს პოლონელ ქალბატონს ნინო დილევსკის ბავშვის გაჩენა ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს. მან იფიქრა, ვახტანგს ვაჟი უნდა და იქნებ ბიჭი იყოსო. ექიმების რჩევის საწინააღმდეგოდ დედა მაინც დაორსულდა, მართლაც მამას ბიჭი აჩუქა, თუმცა ჩემს დაბადებას თავად შეეწირა. მე სიცოცხლის კი არა, სიკვდილის შვილი ვარ, დედაჩემის სიცოცხლის ფასად გაჩენილი. ძალიან მალე 1937 წელს მამაჩემი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მამა არ მახსოვს. მამა რომ გვერდით მყოლოდა, შესაძლოა, ბედის ნებიერას ნაკლები გამეკეთებინა, მაგრამ პოეზია ნაკლებად არ მეყვარებოდა. მთელი ცხოვრება სხვა ტვირთი მაწვა – მამაჩემის შვილობის ტვირთი. უფლება არ მქონდა, სხვანაირი ვყოფილიყავი. ობლად დარჩენილს უფროსი და, ლეილა, შვილივით მზრდიდა. მისი გარდაცვალება ჩემთვის აუტანელი ტანჯვა იყო. კოშმარები ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ღამე მეღვიძებოდა და ლეილას ხმა მესმოდა. ვერ გავიაზრე, რომ ლეილა აღარ იყო. ამდენი უბედურების შემდეგ უფროსი ვაჟი, ტატო 42 წლის ასაკში გულის ინფორქტით გარდამეცვალა. ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველას ჩვენი ფუნქცია გვეკისრება. ზოგს – წამებულის, ტანჯულის, ზოგს კი ბედნიერი კაცის ფუნქცია აქვს. უფალმა ბიბლიური იობის ბედი მარგუნა, მასავით ვიტანჯები. ეს არის ერთგვარი გამოცდა – ღვთის საგმობი სიტყვა წამოგცდება თუ პირიქით, უფალს მადლობას შესწირავ, რომ ამ გამოცდის ღირსი გაგხადა. მე ბევრი ტანჯვა ვნახე. ღმერთმა ბევრჯერ მომიწყო გამოცდა. ახლა არავითარი გამოცდისთვის აღარ ვარგივარ, რადგან სულთმობრძავ მდგომარეობაში ვარ”, – ასე საუბრობდა პოეტი სიცოცხლის ბოლო წლებში.

დაობლებული ფოლკლორისტი მეგობრის, გოგი წიკლაურის დედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა იშვილა:

“არაგვისპირში მეგობართან, გოგი წიკლაურთან ვქეიფობდი. მისმა ედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა რომ გაიგო, ვახუშტის დედ-მამა არ ჰყავსო, ძალიან შეწუხდა და მოთქმა-ტირილი დაიწყო. ვუთხარი, ხოშია დედი, მოდი, ბარემ დედა-შვილად გავიფიცნოთ და მიშვილეო. მართლაც, იმ დღეს ფიცვერცხლით დედა-შვილად გავიფიცეთ. ამ რიტუალს გოგი წიკლაური თავად ხელმძღვანელობდა. მერე ვხუმრობდი, ახლა შენი ძმა ვარ, მეწილედ ვითვლები-მეთქი და სახლის ყველაზე ლამაზ, კარგ ნაწილზე ვთქვი, ეს ჩემი წილი იქნება-მეთქი. ხოშია დედა კი ისევ ტიროდა. გოგიმ უთხრა, დედი, რაღაზე ტირი, მოხუცებულობაში უშრომ-უზრუნველად პირდაპირ პროფესორი შვილი დაირტყიო. მან კი უპასუხა, შვილო, მე უკვე 90 წელს ვარ მიღწეული, სადაცაა მოვკვდები და ვახუშტი ისევ ობლად რომ დარჩება, სწორედ იმაზე ვტირიო. საწყალი დედა ხოშია გარდაიცვალა და მართლაც ისევ ობლად დავრჩი.”

პოეტმა მამობის სიხარული პირველად 23 წლის ასაკში განიცადა. უფროს ვაჟს ვახტანგ დაარქვა, თუმცა მას ყველა მოფერებით ტატოს ეძახდა:

“როცა ტატო შემეძიტნა, ზემელის დაღმართზე გახარებული მივრბოდი. ამ დროს ნიკო სამადაშვილი და თამაზ ჩხენკელი შემხვდნენ. გახარებულმა მივახარე, მამა გავხდი-მეთქი. ნიკო სამადაშვილმა მკითხავ, ქალია თუ ვახტანგიო. ვაჟია, მაგრამ ვახტანგს არ დავარქმევ, არ ვიცი, როგორი გამოვა, მამაჩემის სახელი შეუბღალავი დარჩეს-მეთქი. ნიკო სამადაშვილს კი ახალგაზრდა პოეტისთვის უთქვამს: “რას გეტყვი, იცი? შენა შენს შვილსა ვახტანგი უნდა დაარქვა, იმანაც თავის შვილსა – ვახტანგი, იმან კიდევ თავის შვილსა – ვახტანგი და თქვენს გვარში სახელი ვახტანგი არ უნდა მოიშალოსო.” მეორე შვილის, გუგას დაბადებაც კარგად მახსოვს. მაშინ უკვე ცნობილი ვიყავი და ბავშვი რომ მაჩვენეს, ჯერ დედამისს არ ჰყავდა ნანახი. მამაშვილობა საოცარი გრძნობაა, მაგრამ როცა პაპა ხდები, ეს უკვე სულ სხვა გიჟური სიყვარულია.”

ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრებაში მანდილოსნებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. მისთვის ყველაზე მთავარი თვალები იყო, რადგან ქალის თვალები არასოდეს იტყუებიან:

“ქალის თვალები არასოდეს იტყუებიან. თვალებს სულის სარკმელს ტყუილად არ უწოდებენ. თვალებს იშვიათად მოვუტყუებივარ. ცხოვრებაში ბევრ სულელ ქალს შევხვედრივარ. მათთან ურთიერთობა საშინელებაა. არ ვეთანხმები აზრს, როცა ამბობენ, მამაკაცებს სულელი ქალები მოსწონთო. სულელელი ქალი მხოლოდ სულელ მამაკაცს შეიძლება მოეწონოს. მხოლოდ ერთადერთხელ არ ვენდე თვალებს და ვინანე კიდეც, მაგრამ ჩემი ბრალი იყო. მინდოდა თავის მოტყუება და კიდეც მოვიტყუე. იმ ნაბიჯმა ჩემი ცხოვრება არია. თბილისის ომის დროს სახლი დამეწვა. მაშინ სულიერადაც, ფიზიკურადაც და მატერიალურადაც ძალიან გამიჭირდა. შვილის მეგობარმა გოგონამ მეიდანზე თავისი სახლი დამითმო, სადაც მარტო ვცხოვრობდი. მარტოხელა, უბედური ვიყავი. საჭმელი ხან მქონდა, ხან – არა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მზეო. 30 წლით უმცროსი ქალი ჩემი მეუღლე გახდა. ჩვენ ერთმანეთთან პოეზიის სიყვარულმა დაგვაახლოვა. მზეოს უბედობაში გამოჩენილ ღვთის საჩუქარს ვეძახი, მაგრამ ცოტა ნერვებს მიშლის. სიგარეტი გადამაგდებინა. სასმელიც ამიკრძალა. ახლა გახდიო, მეუბნება და საჭმელსაც მიკრძალავს. მე, როგორც უზნეო ბავშვი, ვუძალიანდები, მაგრამ ხშირად არაფერი გამომდის.”

მან ქართულ ფოლკლორს უდიდესი სიყვარულით და რუდუნებით მოუარა, რის გამოც, ვახუშტი კოტეტიშვილს ქართული ფოლკლორის მამაც უწოდეს:

“ამბობენ, ვახუშტი კოტეტიშვილმა ააღორძინა ფოლკლორი, ქართული საქმე გააკეთაო. სინამდვილეში მე არაფერი გამიკეთებია. დილიხორის კაცი ვარ, რაც მინდოდა და მიყვარდა, იმას ვაკეთებდი. არ შემეძლო შირაქში, არხილოსკალოში მცხოვრები ივანე წიკლაურის “რამ დამაბერა” მომესმინა და არ გავგიჟებულიყავი. ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული დღე იყო 1979 წლის 14 აპრილი, როდესაც ფილარმონიის დარბაზში პირველი ფოლკლორული საღამო გავმართეთ. ივანე წიკლაურის ლექსის წაკითხვაც მე თვითონ მომიხდა, რადგან მან თავად ჩამოსვლა ვერ შეძლო. მერე მეუბნებოდა, კიდევ კარგი ვერ ჩამოვედი, ჩემს წაკითხულს ხომ ასეთი მადლი არ ექნებოდაო. იმ დღეს ფილარმონიის დარბაზი გადაჭედილი იყო. ქალებს ღაწვებზე ცრემლის ზოლები ჰქონდათ, ვხედავდი, როგორ ადნებოდათ ტუში თვალებზე. მერე ჩემმა მეგობარმა, მურაზ ჯაფარიძემაც რომ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოაცოცა და ცრემლები მოიწმინდა, მაშინ ვთქვი, მურაზიც რომ ატირდება, ესე იგი მართლაც კარგ საღამოს ვატარებ-მეთქი. მაშინ 43 წლის ვიყავი. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგონა”.

საქვეყნოდ ცნობილია ვახუშტი კოტეტიშვილის უწმაწური კაფიები, რის გამოც მას ახალგაზრდობის გარყვნაშიც კი დასდეს ბრალი:

“კაფიაობაში ვერავინ მჯობნის. საკუთარ თავს ენაბილწს ვუწოდ, რადგან ბევრი ხალხური გამონათქვამი ვიცი. ამიტომ ყველაფერს, რაც შეიძლება ზოგს ბილწობად მოეჩვენოს, ყოველგვარი ბოდიშის მოხდის გარეშე ვამბობ, რადგან ესეც ხელოვნება და ჩემი სპეციალობაა. თუმცა ბილწად არ უნდა თქვა. შენი ნათქვამით შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენო. “კიკიმორა” ქალი უნდა იყოს, ცხვირი რომ აიბზუოს. ჩემს ნათქვამზე ყოველთვის ალალად იცინიან. ქალთან ურთიერთობასაც ხელოვნება და განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, არშიყობაც ხელოვნებაა. მარტო წიგნის ჭია არ ვყოფილვარ. კარგი მომლხენი ვიყავი, კარგი თამადა და კარგი მოარშიყეც. ლამაზად უნდა იარშიყო. ქალისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. მას ყოველთვის ვანიჭებდი იმ ღირსებებს, რომლებიც შეიძლება არც ჰქონდა. ამით უფრო ვაკეთილშობილებდი. ყოფილა შემთხვევა, რომ უზნეო ქალიც კი ასეთი მოპყრობით თავის ყოფაზე დაფიქრებულა და უკეთესი გამხდარა. ადამიანური ურთიერთობა ყველას სიამოვნებს. ვინმეს დამცირება არ შემეძლო. ნურცერთ კაცს ნუ ეგონება, რომ ამგვარი მოპყრობით თავს დაიმცირებს. ქალის წინაშე თავის დამცირება არ არსებობს. უნდა დაფიქრდე, იქნებ ამ დროს უფრო მაღლდები კიდეც”.

საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ ბოროტი და კაცთმოძულე არ იყო და სხვისთვისსამეგიეროს გადახდის სურვილიც არასოდეს გასჩენია:

“ბოროტება და სიძულვილი ჩემგან შორსაა. მტრისთვისაც კი არასოდეს გადამიხდია სამაგიერო. ტკივილიც არავისთვის მიმიყენებია. ადამიანებს ვენდობი, თანაც ვენდობი ისე, რომ ერთხელ მთელი ჰონორარი თაღლითებს მივეცი. რაღაც საქმე უნდა გაეკეთებინათ და მომატყუეს. შემდეგ ისინი სხვა საქმეზე დააპატიმრეს და სასამართლოზე მეც დამიბარეს. მოსამართლემ მკითხა, ამათ როგორ ენდეთო. მე კი ვუპასუხე, ხომ ასეთი რამ გამიკეთეს, ხვალ რომ მოვიდნენ, კიდევ ვენდობი, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია-მეთქი. უნდობლად ცხოვრება საშინელებაა. მირჩევნია, რამდენჯერმე მოტყუებული ვიყო. იქნებ ჩემმა მიტევებამ რაღაც სიკეთე გამოიღოს. შესაძლოა, ჩემი მიამიტობა ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ სხვანაიარად ცხოვრება მართლა არ შემიძლია.”