22 თებერვალი, 2016

“ქართული ლიტერატურის თარგმანს ბედისწერად, ღვთის მადლად, გულის ფეთქვად, სიყვარულად ვთვლი….”

1anaida1თამაზ ჭილაძე, ვაჟა ფშაველა, გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი, რევაზ მიშველაძე, ხუტა ბერულავა, ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, გრიგოლ აბაშიძე – ეს იმ ქართველი მწერლებისა და პოეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედებაც პოეტმა და მთარგმნელმა ანაიდა ბოსტანჯიანმა სომხურ ენაზე თარგმნა.

არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი შემოქმედი 40 წელზე მეტია თარგმანს ემსახურება. ამჯამად გურამ ოდიშარიას რომანს ”პრეზიდენტის კატას” თარგმნის.

”არტინფო” ანაიდა ბოსტანჯიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ და მის ლიტერატურული გმირებით სავსე სამყაროში გამოგზაურებთ:

– თბილისელი პოეტი ვარ, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. 40 წელზე მეტია ვმოღვაწეობ, როგორც პოეზიის, ასევე მხატვრული თარგმანისა და ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების დარგში. 43 წიგნის ავტორი ვარ, აქედან 27 ნათარგმნია. ვთარგმნი ძირითადად ქართულიდან სომხურზე, იშვიათად სომხურიდან ქართულზე. წელიწლეულ (ალმანახი) „კამურჯ“-ის (რაც ქართულად ნიშნავს – ხიდი) მთავარი რედაქტორი ვარ (იბეჭდება 1920 იანი წლებიდან და ძირათადი მიმართულება ქართულ-სომხური უძველესი ლიტერატურული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავებაა, როგორც სომეხი, ასევე ქართველი მწერლების ქმნილებების წარდგენის სახით სომხურ ენაზე. განყოფილების გამგე, ჟურნალისტი ვარ სომხურენოვან გაზეთ „ვრასტან’ში“. 1975 წლიდან გამომცემლობა „მერანის“ სომხურენოვანი გამოცემების რედაქტორი გახლავართ. ვარ წევრი საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების. მრავალი ჯილდოსა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი – ღირსების ორდენის კავალერი, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძის, ანა კალანდაძის პრემიების ლაურეატი ვარ, ქართული კულტურის დესპანი და ბევრი სხვა ჯილდო საქართველოს მწერალთა კავშირისგან მაქვს მიღებული. ასევე სომხეთიდან – მოვსეს ხორენაცის მედალი, ლიტერატურული ღვაწლისათვის 2 ოქროს მედალი, საგამომცემლო ღვაწლისათვის ჰაკობ მეღაპარტის მედალი, მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის – უმაღლესი პრემიით „კანდელი“ და სხვა ბევრი….. ჩემი, როგორც საკუთარი, ასევე მთარგმნელობითი ნაწარმოებები იბეჭდება, როგორც საქართველოში და სომხეთში, ასევე საზღვარგარეთ. ჩემი ნაწარმოებები თარგმნილია და დაბეჭდილია ქართულ (ცალკე 2 წიგნად მაყვალა გონაშვილიის თარგმანით), რუსულ (წიგნი მალე გამოვა), ინგლისურ, სპარსულ, არაბულ ენაზე. ვარ დამფუძნებელი ორი საგამოცემო სერიის „მთარგმნელობითი ლიტერატურის ბიბლიოთეკა“ და „პირველი წიგნის ბიბლიოთეკა“.
და ისევ – თბილისელი ვარ და ამას ჩემს ყველაზე დიდ წოდებად ვთვლი, რადგან სიგიჟემდე მიყვარს თბილისი! ჩემთვის პატივია, რომ ვარ თბილისელი, რომ აქ დავიბადე, რომ „აქ ვიხილე მზის პირველი სხივი, აქ შევსვი მტკვრის წყალი და უფლის ყოველ დღეს მე დღემდე ამ წყლით ვაგრილებ მხურვალე, მწყურვალე გულებს…“ (ჩემი ლექსიდანაა ეს სტრიქონები), ჩემი დილაა თბილისი და ჩემი დღეა ნათელი, სიმღერა თბილისზე ჩემს ბაგეებს ცისარტყელად ეფინება ყოველდღე და ყოველ წამს… თბილისი კიდევ იმიტომ, რომ მე აქ, ქართული მზის ქვეშ პირველად წარმოვთქვი ჩემი პირველი მშობლიური სომხური სიტყვა და დღემდე არავინ ხელს არ მიშლის, რომ ვიმოღვაწო ჩემს მშობლიურ ენაზე და ვიყო თავისუფალი.

ასევე მიყვარს, ვაფასებ ქართველ ხალხს, მის დიდსულოვნებას, სტუმართმოყვარეობას, ქართულ ლიტერატურას, ქართულ კულტურას და საერთოდ, ქართულ სინამდვილეს თავისი ისტორიით და დღევანდელობით.

სკოლა დავამთავრე თბილისში, სომხური 34-ე, იქვე მდებარეობდა ქართული 31-ე, რუსული 38-ე და, ალბათ, სწორედ იმ დროიდან ჩემში ღრმა სიყვარულია არა მარტო ჩემი ერის, არამედ სხვა ერების მიმართ, თუმცა მე არასოდეს ჩამითვლია ქართული „სხვად“. ჩემთვის ქართველი ისევე ახლობელი, ისევე ძვირფასი და საყვარელია, როგორც სომეხი… ძალიან, ძალიან ბევრი ქართველი ახლობელი მეგობარი მყავს. პლიუსებს ვხედავ, როგორც სომეხში, ასევე ქართველში და მინუსებს ვხედავ იქაც და აქაც… ჩვენ უძველესი მეგობრები ვართ და ჩვენი ვალდებულებაა, რომ 21-ე საუკუნეში, რომელიც სავსეა გამოწვევებით და კატაკლიზმებით, შევინარჩუნოთ ჩვენი კეთილი და მეგობრული ურთიერთობები და უფრო გავაღრმავოთ! ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს შთამომავლებს: რაც მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან, როგორც მემკვიდრეობა, ის უნდა უფრო გავაღრმავოთ და ასე გადავცეთ ჩვენს შემდგომებს. ჩემი ცხოვრების ძირითადი მიზანი ესაა და სიყვარულით ვემსახურები ორ ერს. მართალია წმინდა წიგნში წერია „არავის ხელეწი ფების ორთა უფალთა მონობაო“ მაგრამ მე ვარ სავსე უკიდეგანო სიყვარულით, ერთგულებით ჩემი ორი სამშობლოსადმი – საქართველოსა და სომხეთისადმი, მე ვუფრთხილდები ამ მეგობრობას და არ მინდა, რომ ვინმემ ან რამემ ხელი შეუშალოს საუკუნეებით განმტკიცებულ მეგობრობას. ამისათვის რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. ყველაფერს ვაკეთებ, რათა ის გზა, რომელიც წინაპრებმა (აკაკი წერეთელი, გაბრიელ სუნდუკიანი, ეღიშე ჩარენცი, ტიციან ტაბიძე, ოვანეს თუმანიანი, იოსებ გრიშაშვილი, ავეტიქ ისააკიანი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი …..სია გრძელია) გაკვალეს ორი ერის კეთილმეზობლური ურთიერთობებისათვის კიდევ უფრო მყარი და ფართო გახდეს. გზა, რომელიც ძალიან ლამაზია – ორი ქრისტიანული ერის საბედისწეროდ ძალიან მსგავსი გზა (რაც მაოცებს ძალიან თარგმანის დროს და მახარებს). მე ვარ საქართველოს უღალატო, ალალი შვილი და დღემდე ვემსახურები ამ მიზნის ყოველდღიურ განხორციელებას. ამის დასტური ჩემი მოღვაწეობაა. თუნდაც ფეისბუქის ჩემს გვერდზე ყოველდღიურად ქართული ლიტერატურის მარგალიტების თარგმანით და გავრცელებით: ჩვენს დროში გარდა წიგნებისა, ესეც ძალიან აქტუალური და აუცილებელია…. ამის დასტური ჩემი ოჯახიცაა: ჩემი უფროსი გოგო, მარინა ბოსტანჯიანი საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში მთარგმნელია, სომხური და ქართული ენის სპეციალისტი, ხოლო უმცროსი გოგო, გაიანე ბოსტანჯიანი ჟურნალისტია, მუშაობს გაზეთ „ვრასტან“- ში, ისიც თარგმნის ქართულიდან და მალე მისი წიგნიც გამოვა. თსუ-ში ქართულ ფაკულტეტზე (საერთაშორისო განყოფილება) სწავლობს და ჟურნალისტიცაა ჩემი უფროსი შვილიშვილი, ლიზა თოროსიანი, მანაც დაიწყო თარგმანი…. ჩემი შვილები იზიარებენ ჩემს აზრებს და დარწმუნებული ვარ, რომ წავლენ ჩემი ნაკვალევით…სურვილი მაქვს, რომ ჩემს ოჯახს ერქვას თარჯიმანების ოჯახი (იყო თბილისში წარსულ საუკუნეში მამა და შვილების ჰოვანეს და არჩილ და ჰრაჩიკ დავთიანების თარჯიმანთა ცნობილი ოჯახი!!!) და როგორც ხედავთ ამ გზაზე ვართ. ამ ყველაფრის საფუძველი კი სიყვარულია საქართველოს მიმართ, ჩვენი ერების მეგობრობის ისტორიის მიმართ.

სხვათა შორის, ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემია – ყოფილი მასწავლებელი, რომელიც ჩემდა სასიხარულოდ ცოცხალია – 94 წლისაა!

– თუ არსებობს რაიმე გამორჩეული მიზეზი, რის გამოც გახდით მთარგმნელი?

– რაიმე კი არა, ალბათ რამოდენიმე კიდევაც. უკვე გითხარით, რომ სიგიჟემდე მიყვარს თბილისი. ქართული ლიტერატურაც სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ თავიდან ასე არ იყო, კერძოდ ლიტერატურის მიმართ. მაგრამ….24 წლის ვიყავი, როცა დავიწყე მუშაობა გამომცემლობა „მერანში“. ახლა კი წარმოიდგინეთ ….მთლიანად ქართული წრე… ქართველი მწერლები ….. სომეხი, სომეხი რედაქტორი მარტო მე ….და სტუმრად მოსული ქართველი და სომეხი მწერლები… „მერანის“ დირექტორი – გამოჩენილი კარლო კალაძე, რამოდენიმე წლის მერე, ისევ გამოჩენილი რევაზ მარგიანი, უფრო გვიან გურამ გვერდწითელი….ქართული მწერლობა ყოველდღე „მერანს“ სტუმრობდა და მე ბუნებრივად გავიცანი ყველა… შემიყვარდა ყველა, დავიწყე წიგნების კითხვა. მოდიოდნენ იოსებ ნონეშვილი, მორის ფოცხიშვილი, კოლაუ ნადირაძე, ზვიად გამსახურდია, ჭაბუა ამირეჯიბი (ნათარგმნი მაქვს), თეიმურაზ ჯანგულაშვილი, გურამ დოჩანაშვილი (ნათარგმნი მაქვს), რევაზ ინანიშვილი, რევაზ ჯაფარიძე, ნოდარ დუმბაძე, თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე, არჩილ სულაკაური, ჯანსუღ ჩარკვიანი, ყველა ნათარგმნი მაქვს, რევაზ მიშველაძე (ცალკე წიგნად მაქვს ნათარგმნი), ხუტა ბერულავა, (ცალკე წიგნად), მზია ხეთაგური და სხვები… მთავარი რედაქტორები იყვნენ დავით მჭედლური, გივი ალხაზიშვილი, მარკ ზლატკინი….მეც ძალიან ენერგიული ვიყავი, კაცთმოყვარე, მაღალი ხელოვნების მოყვარე. გავიცანი ყველა. დავიწყე მუშაობა სადისერტაციო თემაზე – „ქართველი მწერლები და სომხეთი“, ამ პოეტების შემოქმედების იმ გვერდებზე , რომელიც ეხება ქართულ-სომხურ ურთიერთობებს. დავწერე მასალები, დაიბეჭდა „მნათობში“, „ნიანგში“, ქართულენოვან, სომხურენოვან, რუსულენოვან მასმედიაში, საქართველოშიც, სომხეთშიც…. თარგმნა ცოტა გვიან დავიწყე, ვერ ვბედავდი. სხვათა შორის, ერთდროულად ვმუშაობდი ყოფილი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ლექციებს ვკითხულობდი….მერე ოჯახური უმძიმესი პრობლემების გამო (მეუღლე დამეღუპა… ორი სულ პატარა ბავშვი დამრჩა..) დავტოვე ინსტიტუტი, სამწუხაროდ, და, აი, ეს მასალები 2 თვის წინ ცალკე წიგნად და ახალი მასალებითაც (ნეტა ეს წიგნი ითარგმნოს ქართულად) დაიბეჭდა სახელმწიფო შეკვეთით ერევანში, სათაურით „სიყვარულის სამყარო“ (დაბეჭდილია მასალები იოსებ ნონეშვილზე, რევაზ მარგიანზე, სტეფანე მხარგრძელზე, თამაძ ჭილაძეზე, რეზო ამაშუკელზე, რევაზ მიშველაძეზე, მაყვალა გონაშვილზე, წერუნ თორგომიანზე, ოვანეს კარაიანზე – „ვეფხვისტყაოსნის“ არაჩვეულებრივ მთარგმნელზე, ამერიკაში მცხოვრები, მაგრამ საქართველოს კეთილი მეგორების, პოეტების ავიკ დერენცზე, სონა ვანზე და სხვ. – მართლაც ურთიერთსიყვარულის სამყარო!) . ამასობაში (ეს იყო 70-იანი წლების ბოლო) დავიწყე ქართული ლიტერატურის კითხვა, სხვაგვარად არც იქნებოდა: ის სათბო, ის ადამიანობა, ის კეთილი ურთიერთობები, რასაც ვხედავდი ქართველ და სომეხ მწერლებს შორის და პირადად ჩემს მიმართ, ის ინტელექტი, რომ ვგრძნობდი ზემოთ აღნიშნული დიდი მწერლებისაგან, უკვე თავისთავად მკარნახობდა, მავალებდა, რომ ხელში კალამი ამეღო და ჩემს ლექსებთან ერთად მეთარგმნა და სომხობაში გამევრცელებინა ქართული მდიდარი ლიტერატურა. და დავიწყე. ჩემი პირველი შემფასებელი თარგმანის იყო სომეხი გამოჩენილი თბილისელი მწერალი ბენიკ სეირანიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექციის თავმჯდომარე და კიდევ სომეხი კლასიკოსი პოეტი ჰრაჩია ჰოვანისიანი. (ლიტერატურული გაზეთის რედაქტორი)… აი, ასე დავიწყე და სულ მგონია, რომ ჯერ ახლა ვიწყებ და ბოლოს ვერ ვხედავ … იცით? საერთოდ, როცა თბილისიდან მიდიან სომხეთში, უმაღლესი განათლების დამთავრების მერე იშვიათად თუ ბრუნდებიან თბილისში. ძალიან მცირეა ეს სია და მეც და ჩემი უმცროსი გოგოც ამ მცირე სიის ერთ-ერთნი ვართ…თბილისის სიყვარულმა დამაბრუნა. თბილისი ჩემი სუნთქვაა, ჩემი მუზაა. ესეც მიზეზია ერთი, საერთოდ კი გულახდილი რომ ვიყო, ქართული ლიტერატურის თარგმნას ვთვლი ბედისწერად. რატომ იცით? იმიტომ, რომ ჩამოვედი, კვლავ სიყვარულმა დამაბრუნა, მეც სიყვარულით ვცხოვრობ, ქართული ლიტერატურა კი ჩემს გულშია! ჩემი გული სიყვარულით ცოცხლობს, მე კი გულით. ამიტომაც ჩემი მთარგმნელობითი მოღვაწეობის ბოლოს ჯერ ვერ ვხედავ, ეს იქნება ჩემს სიკვდილთან ერთად, დამიჯერეთ!

1anaida

– მხოლოდ ქართულ ლიტერატურას თარგმნით სომხურ ენაზე თუ სხვა ქვეყნების ლიტერატურასაც ?

– ქართულიდან მხოლოდ, ზოგჯერ რუსულიდანაც, ისევ თბილისში მცხოვრებ რუსულენოვან მწერლებს, ცალკე წიგნიც მაქვს, მაგალითად, შარშან მწერლის, დრამატურგის, ვალერი ჰუნანიანცის წიგნი „კლინიკის ვილ-ჟუივის პაციენტი“ ვთარგმნე და გამოვეცი კიდევაც და პიესა დადგმული იყო პარიზისა გა ვიენნის სომხურ თეატრებში. სხვა ენებს არ ვფლობ, ინგლისური ვიცი, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ ვთარგმნო, მესამე ენიდან თარგმანი კი არ მიყვარს, უფრო თამამად გეტყვით, ვთვლი დიდ შეცდომად, მით უმეტეს, პროზაში. ასეთი რამე შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როცა არ არის არც ერთი მთარგმნელი დედნიდან და თუ თუნდაც ერთი მთარგმნელი არსებობს, ის უნდა თარგმნოს. მე სხვაგვარად არ მიმაჩნია!

– ვინ იყო პირველი ქართველი შემოქმედი, ვისი ნაწარმოებიც მშობლიურ ენაზე თარგმნეთ?

– პროზაიკოსი კარლო კობერიძე, მოთხრობა „ჩვენი თეთრი ალუბალი“… არასოდეს არ მავიწყდება … წავიღე ერევანში ბენიკ სეირანიანის რჩევით პირდაპირ „ლიტერატურულ გაზეთში“. ზემოთ უკვე აღვნიშნე, დიდი პოეტი იყო ჰრაჩია ჰოვანისიანი, ლიტერატურული გაზეთის რედაქტორი. წაიკითხა და ძალიან მოეწონა. მითხრა, მდიდარი ლიტერატურა აქვთ ქართველებს, ბევრი მეგობარი მყავსო, იოსებ ნონეშვილი, რეზო მარგიანი, მორის ფოცხიშვილი… კარგი მოთხრობაა ესეც… შესანიშნავი თარგმანიც არისო. გააგრძელე, მითხრა, შვილო, ძალიან ლამაზად გამოგდისო. იცით, როგორ გამიხარდა. მეცხრე ცაზე ვიყავი. არადა, როგორ მეშინოდა. სულ რამოდენიმე თვეში ვთარგმნე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ხაზარულა“ და მომანიჭეს ახალგაზრდა მთარგმნელის პრემია – ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა ამ დარგში. მერე უკვე იყო ჩემი პირველი მთარგმნელობითი წიგნი – თამაზ ჭილაძე – „პოსეიდონის სასახლე“ – 536 გვერდი! ეს იყო ჩემი დებიუტი – პრესაში იყო ასე დაწერილი. კრიტიკოსმა, ქართველოლოგმა ტიგრან კარაპეტიანმა დაწერა – „სასიხარულოა ძალიან, რომ ქართული ორიგინალიდან სომხურზე მთარგმნელების მცირე ბანაკი ივსება ძლიერი ძალით ანაიდა ბოსტანჯიანის სახით“. სომეხი მკითხველი კი დღემდე აღტაცებულია თამაზ ჭილაძის მაღალი შემოქმედებით.

– თქვენს მიერ არის თარგმნილი ოთარ ჭილაძის რომანები „გოდორი“ და „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. რით არის გამორჩეული თქვენთვის მისი შემოქმედება?

– ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი, რა თქმა უნდა) ეს რომანები არის გენიალური მწერლის გენიალური ქმნილებები. ოთარ ჭილაძე ახლანდელი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე გენიალური მწერალია და გენიალურია ეს რომანებიც, რომლებიც გამოირჩევა ერთდროულად ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული, ლირიკული აზროვნებით. ამავე დროს, კერძოდ „გოდორი“, ყველაზე რთული რომანია, როგორც მკითხველისთვის, ასევე მთარგმნელისთვის. მე შეყვარებული ვარ ამ ნაწარმოებზე. იშვიათობაა არა მარტო ქართულ ლიტერატურაში, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც. და ახლა უკვე სომხურ ლიტერატურაშიც, (პირველად ითარგმნა!) როგორც აღინიშნა წიგნის რედაქტორმა არქმენიკ ნიკოღოსიანმა, გამომცემლობა „ანტარეს“-ის მიერ სერიით „უცხო წერა“ გამოქვეყნებული თითქმის 30 წიგნიდან არც ერთს არ მიუღია ამხელა რეზონანსი და გამოხმაურება. იგივე აღნიშნა მასთან ტელე-საუბარში ლიტერატურათმცოდნემ, ანუშ სედრაკიანმა, „გოდორი“ არის აღმოსავლურ-ევროპული თანამედროვე ლიტერატურის ქვაკუთხედი“. „ანტარესის“ დირექტორი, არმენ მარტიროსიანიც ამ რომანს თვლის, როგორც მაგალითი სომეხი მწერლებისთვისაც, თუ როგორ გაამჟღავნონ თავიანთ შემოქმედებაში სახელმწიფოს აგების თემა. ძალიან ბევრია დადებითი, მაღალი აზრები სხვადასხვა მწერლების, მკითხველების მიერ გამოთქმული… გაზეთებშიც, საიტებშიც არის დაბეჭდილი ინტერვიუები, პირადად ჩემთანაც….

ამ რომანების სომხურ ენაზე და აუცილებლად ქართულიდან (და არა რუსულიდან) თარგმანის და გამოცემის იდეა არმენ მარტიროსიანს ეკუთვნის, გამომცემლობის დირექტორს. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს წიგნის ეროვნულ ცენტრს. მე, როგორც ჭილაძის შემოქმედების მცოდნე და მისი პირადი ნაცნობი მის სიცოცხლეში, ვთვლი, რომ ,,გოდორი“ მისი ყველაზე რთული ნაწარმოებია, ყველაზე აქტუალური, რომელიც დღევანდელობის პრობლემებს პასუხს სცემს. ის გვეხმარება, რომ ავიცილოთ ის ამბები, რაც რომანშია აღწერილი.

ჩემთვის გოდორი გამორჩეულია ერთი გვარის, ერთი ოჯახის ისტორიით. საქართველოს ისტორიის ერთი მონაკვეთი, რამდენიმე თაობის მაგალითზე. დიახ, ეს ძალიან მასშტაბური მოვლენების ისტორია. ხაზგასმით ვამბობ მასშტაბურს, რადგან ერთი ოჯახის ცხოვრებით მთელი ეპოქაა ასახული, თავისი კატაკლიზმებით, ინტრიგებით, ტრაგედიებით. სწორედ ეს მასშტაბურობაა მწერლის ოსტატობის მაჩვენებელი. ჯონ გოლზუორსის ,,ფორსაიტების საგა“ ერთი გვარის, ერთი ოჯახის ისტორიას გვიამბობს, სხვადასხვა თაობების მაგალითზე, მაგრამ იქ ლოკალური ამბის თხრობაა. როგორც მწერალი, მე ვეძებდი და ვკითხულობდი იმას, რაც სტრიქონებს შორის, აბზაცებს შორის არის. მინდა აღვნიშნო, რომ გადათარგმნო ჭილაძე, უნდა იყო მწერალი, სხვანაირად შეუძლებელია. და მკითხველიც უნდა იყოს ინტელექტუალური. მე მომხიბლა ძალიან რომანმა „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. მართალია, 3000 წლისწინანდელი მოვლენებია ასახული, არგონავტების ცნობილი მითთან დაკავშირებით, საქართველოს ისტორიაა, ზოგადად კოლხეთის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დღევანდელობას, დღევანდელ საქართველოს და ჩვენი დროის ქართველ კაცს. თარგმნისას ძალიან განვიცდიდი, მე ვიყავი ჭილაძის მდიდარ სამყაროში, მის გმირებთან ერთად ვწუხდი, ვხარობდი. მისი უკვდავი გმირების სიდიადე და სიდაბლეც ვიგრძენი და მაინც მაოცებს ჭილაძის შემოქმედების ძალა, მისი სიტყვის, მისი სიტყვების, მისი ემოციებისა და აზრების ნაკადი, სუპერმაღალი ტალღა და ამ ემოციიდან შობილი ძნელი სუნთქვა და მიუხედავად ტკივილისა და სევდისა, რწმენა სინათლის გამარჯვებისადმი. აი, სწორედ ამით სუნთქავს ოთარ ჭილაძის შემოქმედება. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს სომხურ ტელე-საუბარში და მეამაყება, რომ, სხვათა შორის, ძალიან მოკლე ხანში (11 თვე) მე, როგორც ამბობენ სომხეთში, ჩინებულად შევასრულე ჭილაძის რომანების პირველად სომხურ ენაზე ურთულესი თარგმანი. სხვა ლიტერატურათმცოდნის, არმენ ავანესიანის აზრითაც, რომელიც რედაქტორია ჩემი ზემოთ აღნიშნული წიგნის, ეს თარგმანები გენიალური მწერლის გენიალური თარგმანებია. არ გეტყოდით, მაგრამ მე მიხარია ძალიან და იცით, პირველ რიგში რატომ? იმიტომ, რომ მე შევასრულე პირადად ოთარ ჭილაძისთვის მიცემული სიტყვა და ყოველი მაღალი აზრი ჩემთვის მაღალი სიხარულიცაა, რომ მისი სულიც მშვიდად იყოს, რომ ყველაფერი კარგადაა და სომეხი მკითხველი გააოცა ჭილაძის სიტყვის ძალამ.

იმითაც არის გამორჩეული ჩემთვის მისი შემოქმედება, რომ წარსულის მაგალითებით დღევანდელობის პრობლემები განიხილოს. ამ რომანებში კი დღევანდელობის გამოძახილია, რაჟდენები და კუსები დღესაც არიან ჩვენს ირგვლივ. ელიზბარებიც ბევრია, ანტონებიც, ფარნაოზებიც, უხეიროებიც, მალალოვებიც, ოხაჯადოებიც, ბახაებიც, ლიზიკოებიც, ბედიებიც და სხვა…

კიდევ იმით გამოირჩევა ჩემთვის ჭილაძის რომანები, რომ ნათელია მწერლის ოცნება, როგორც ანდერძი მომავალ თაობებს, რომ იბადება ახალი ადამიანი, განახლებული, უფრო კარგი, უფრო კეთილი, სამართლიანი და ეს ერთდრულად კამონზომიერებაცაა, იმიტომ, რომ მწერალი საერთოდ ყველა მოვლენასა თუ საგანში ხედავს ანტიმოვლენას, მას სურს, ნახოს ცხოვრება იდეალურად თუ არა ნორმალურად მაინც. ასევეა ადამიანურ ურთიერთობებშიც, პოლიტიკურ ცხოვრებაში და თუ ხედავს ავს, ცუდს, იგი ოცნებობს უკეთესზე, კეთილდღეობაზე. ყველა გენიალური ნაწარმოებიც, თუ ის აღიარებულია, როგორც ფასეულობა თავისი სიმართლით და იდეით, ასე თუ ისე, ანდერძია მომავალი თაობებისთვის, რომელიც სინამდვილეს ხედავს, ბუნებრივია, ოცნებობს კარგზე. მით უმეტეს ისეთი მწერალი, როგორიც ჭილაძეა.

და კიდევ, რა მომეწონა… რომანები მთავრდება მშვიდობით, რწმენით. „გოდორშიც“, მეორე რომანშიც. ისტორიისთვის საუკუნე ერთი წამია, ხოლო ადამიანისთვის – მთელი ცხოვრება, ერთი საუკუნე ხომ სამ თაობას ნიშნავს. ისტორიისთვის, მატიანისთვის საუკუნეც ერთი წამია, ხოლო კაცობრობისთვის, როგორც ვნახეთ, ამ შემთხვევაში სამი თაობაა. კაცობრიობის ისტორიაში ომები მუდამ იყო და არასოდეს მთავრდება. იმიტომ, რომ ყველაზე ნაკლებად ევოლუციას ექვემდებარება ადამიანის სული. რჩება იგივე მადა, იგივე სურვილი ძალაუფლების მოხვეჭისა, ადამიანმა უნდა იძალადოს, მორალური სახე დაკარგოს, ამის კარგი მაგალითია რაჟდენი, მაგრამ ჭილაძეს ამასთან ერთად აქვს ძალიან დიდი ოპტიმიზმი და რომანის ბოლო ნაწილი ამ ოპტიმიზმის და რწმენის დასტურია. რომანი სიმშვიდით მთავრდება, რა თქმა უნდა, მწერლის აზრით იბადება სრულიად ახალი საქართველო, ახალი ადამიანი, სადაც არ იქნება ის უარყოფითი შეგრძნებები, მოვლენები, სიტუაციები.

ყველასათვის ცნობილია, რომ ისტორია მეორდება, ეს აქსიომაა. და აქედან გამომდინარე, ეს რომანი გამოძახილია და მკითხველი ამაში თავად დარწმუნდება. ასევეა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშებშიც, როგორიცაა – ტოლსტოის ,,ომი და მშვიდობა“, სომეხი მწერლის რაფის ისტორიული რომანები, მურაცანის ,,გევორქ მარზპეტუნი“ და ა.შ.

მე ასევე აღფრთოვანებული ვარ ჭილაძის პოეზიით და ვთარგმნი კიდეც. ჩემს ფეისბუკ გვერდზე ხშირად ვდებ სტატუსებად მისი ლექსების პწკარედებს. რა სიღრმე, რა სიდიადეა ამ პატარა ფრაზაში – „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“. მე ბედნიერი ვარ, რომ ვთარგმნე ჭილაძე, ვამაყობ ამით და სული მშვიდადაა….

მოკლედ, ძლიერია ჭილაძე და თუ მწერალი ძლიერია, მისი სიტყვაც ძლიერი იქნება. პირველად იყო სიტყვა…. სიტყვა აშენებს, სიტყვა ანგრევს. ჭილაძის შემთხვევაში – უნდა აშენოს…
ცხოვრება გენიოსებმა შეინარჩუნეს. ჭილაძე გენიოსია. თუ ყურადღებით მოუსმენ, შეიძლება შეუძლებელი შეძლო, მიუწვდომელს მიწვდე, სიტყვა უძლიერესია. რაც შეეხება ჭილაძეს, მის სიტყვას შეუძლებელია არ მოუსმინო, ის ღვთაებრივია, ის უკვდავია, ის მუდამ იარსებებს. და მისი მხატვრული ღირებულება უმაღლესია, რომელიც ემოციების, განცდების მაღალი ნაკადით გამოირჩევა.

– ქალბატონო ანაიდა, საქართველომ და სომხეთმა, როგორც მეზობელმა ქვეყნებმა ერთნაირი ისტორიული გზა გაიარეს. რომანში შეიძლება დავინახოთ მსგავსება სომხეთის ისტორიასთან?

– დიახ, სომხეთი და საქართველო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ეს ხომ ბუნებრივია, ორივე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ორივე პოსტსაბჭოთა ქვეყნად ითვლება. ამდენად მათ ბევრი რამ აკავშირებთ. და ის მოვლენები, რაც საქართველოში ხდებოდა, ხდებოდა სომხეთშიც. ის ადამიანები, რომლებიც რომანშია, დროის პირმშოები არიან, დრო კი ამ ორი ქვეყნისთვის ერთნაირია. ამიტომ ეს რომანები აუცილებლად უნდა თარგმნილიყო სომხურ ენაზე. მე არ მინდა, როგორც მთარგმნელმა ჩემი აზრი მოვახვიო მკითხველს, თავად განსაჯონ.

– კიდევ რომელი ქართველი შემოქმედის ნაწარმოებების თარგმნას აპირებთ სომხურად?

– მე ნათარგმნი მაქვს თითქმის 100 ავტორი, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოსები, როგორც პროზა, ასევე პოეზია. ძნელია წინასწარ თქმა, სიმართლე რომ გითხრათ, არც მიყვარს… იმიტომ რომ, ლაპარაკი მიყვარს შესრულებული საქმის მერე…. ცხოვრება კი….რა იცი რა იქნება… მაგრამ მაინც გეტყვით, რადგან მკითხეთ – ამჟამად ვმუშაობ გურამ ოდიშარიას რომანზე „პრეზიდენტის კატა“.
აღტაცებული ვარ მისი პროზით, რომელიც გაჟღენთილია აფხაზეთის, სოხუმის ტკივილით, სიყვარულით, სიამაყით… და მე ახლაც მის არაჩვეულებრივ სამყაროში ვარ. მე ვხედავ მის გმირებს, მათი ტკივილით ვწუხვარ, ომის შემზარავ სურათებს ვხედავ და ვკვდები ყოველ ჯარისკაცთან ერთად… ხშირად ვდებ ნაწყვეტებს ფეისბუქზე. იცით, როგორ მიხარია და მეამაყება როდესაც შეფასებებს, კომენტარებს ვკითხულობ. ვმუშაობ პოეტ და მეცნიერ რაულ ჩილაჩავას ლექსების თარგმანზეც, წიგნად უნდა გამოვცე… დანარჩენზე ჯერჯერობით არ მინდა ვილაპარაკო. არ მინდა გავხსნა ფრჩხილები…უფლის ნებაა!

– როგორ არჩევთ ნაწარმოებს თარგმანისათვის, მისი პოპულარობით თუ ავტორის პოპულარობით?

– კარგი შეკითხვაა! იცით, ორივე გარემოებაც მისაღებია ჩემთვის. მე მგონი, ზოგჯერ ცალ-ცალკე, ზოგჯერ კი ორივე ერთად, გააჩნია მოთხოვნილებას, ან თემატიკურ მიმართულებას დროსა და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რანაირი გამოჩენილი ავტორიც არ უნდა იყოს, შესაძლებელია, რომ მისი რომელიმე ნაწარმოები კონკრეტულ პერიოდში, ამას ხაზგასმით ვამბობ, არ იყოს აქტუალური. ან პირიქით, ავტორი არ აყოს პოპულარული, მაგრამ ნაწარმოები ძალაინ აქტუალური გაჩნდეს კონკრეტულად იმ ერის თვის რომლის ენაზეც უნდა ითარგმნოს წიგნი.. ისე რომ ჩემთვის, როგორც მთარგმნელისთვის, ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია.

– რა არის მთავარი საიდუმლო, რომ თარგმანი წარმატებული იყოს?

– რიჩარდ უინსტონი წერდა: ერთ მწერალს ჰკითხეს – რას გააკეთებდით, თუ შეხვდებოდით ღმერთსო. მწერალმა უპასუხა, ვთხოვდი, რომ თარგმანის დროს ყოფილიყო ჩემს გვერდით! ესე იგი, თარგმანი ძალაინ რთული და ერთდროულად ღვთიური საქმეა. ჰორაციუსიც ამბობდა: „უნდა ითარგმნოს სიტყვა სიტყვით კი არა, არამედ აზრი აზრით“. თარგმანი თავისებური ცოდნაა, უფრო სწორად, თარგმანს აქვს თავისი ცოდნა და მე მიმაჩნია, რომ თარგმანი უნდა სუნთქავდეს ნაწარმოების მშობლიური ენის სუნთქვით, ოღონდ სხვა ენაზე, სხვა ასოებით, სხვა სიტყვიერ სივრცეში, რომელიც უნდა ერთგული იყოს ერთდროულად დედანისაც. როგორც თითქმის 40 წლის მთარგმნელი, უარვყოფ თარგმანში მესამე ენის არსებობას, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ქართულიდან სომხურზე თარგმანს ან პირიქით. ჩვენი ენები ძალიან გვანან ერთმანეთს, თუნდაც იდიომების მხრივ და მესამე ენა მხოლოდ აფუჭებს საქმეს, ასე ვთქვათ. რუსული თარგმანიდან ნაწარმოების თარგმანი ნიშნავს დაკარგო ის ძირითადი ღირებულება, რაც აქვს ნაწარმოებს. ქართულიდან უნდა იყოს ყოველი თარგმანი! მთარგმნელმა უნდა შეინარჩუნოს ეროვნული სახე, მთარგმნელს უნდა შეეძლოს სომხური სიტყვით შექმნას ქართული ატმოსფერო, ქართული სუნთქვა. მაგალთად, რუსულად ან სომხურად თარგმანი ძალიან ლამაზია ლექსი ან მოთხრობა ან რომანი, მაგრამ არ არსებობს ქართული სული, სახე, საერთოდ ვერ ხედავ ქართულს! მე მიმაჩნია, რომ მთარმნელმა ორივე ენა უნდა იცოდეს, მაგრამ უფრო მეტად ის ენა, რომელზეც ითარგმნება და ამ ენაში ნათარგმნი ენის სუნთქვა და კიდევ თანაბარი სიტყვის სწორი არჩევანი და ადგილზე დადება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ მთარგმნელს არა აქვს ეს გრძნობა და უბრალოდ თარგმნის სიტყვა სიტყვით, არ გამოვა არაფერი… არცერთ მთარგმნელს არა აქვს უფლება დაკარგოს დედანის ეროვნული ეშხი და გემო და ამ შემთხვევაში რაც უფრო ოსტატია მთარგმნელი, მით უფრო მოგებულია თარგმანი.

თარგმანი კარგია მაშინ, როცა მთარგმნელი ყოველი თარგმანისას იქცევა, ასე ვთქვათ, ავტორად, შედის მის სამყაროში და იმ პერიოდში ცოცხლობს ავტორის სუნთქვით, თითქმის იქცევა თანაავტორად. ეს კი ძალიან, ძალიან ძნელია: ამას ნიჭიც უნდა, დროც უნდა, სხვათა შორის პირობებიც უნდა (ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ გამახსენდა!) სიტყვის გრძნობაც უნდა და ემოციებიც, რადგან გულგრილად თარგმნილი ლიტერატურა შეუძლებელია რომ იყოს ღირსშესანიშნავი, მაღალხარისხიანი. მთარგმნელმა ავტორთან და მის გმირებთან ერთად უნდა იტიროს, იცინოს, დაიბადოს, მოკვდეს… თავის ენაზე ავტორის ეროვნული სახის შენარჩუნებით. და სწორედ მაშინ თარგმანი იქნება შესანიშნავი და არა დაღუპული და სხვისი, არამედ ავტორის. და ავტორისგან კილომეტრებით შორს არ იქნება. ეს ჩემი ფორმულაა, ჩემი აზრი, და ამ შემთხვევაშია სწორედ, რომ როცა ნათარგმნი წიგნი მიღებულია მეორე ხალხის მიერ, აქ უკვე თავისებური საზომით უფრო მთარგმნელის ღვაწლია, უფრო მთარგმნელის შრომის შედეგია და მისი გვარი სადმე კუთხეში კი არა, არამედ ტიტულზე მაინც თუ გარეკანის მეოთხე გვერდზე უნდა იყოს დაწერილი… ეს მთარგმნელის შრომის ძალიან კარგი შეფასებაც იქნება. და კიდევ ერთ რამ: მაღალხარისხიანი თარგმანს და საერთოდ ხელოვნებას თავისი დრო უნდა.

მაგალითად, ჭილაძის ამ რომანებისთვის 11 თვე მომცეს, თითქმის 1300 გვერდი! ეს კი ნიშნავს, არც ჭამო, არც დაიძინო, არც დაისვენო, რათა მიაღწიო შესაბამის შედეგს. ეს კი ძალიან ძნელია, ძალიან. ვადის გარკვევაში აუცილებელია გაითვალისწინონ ნაწარმოების სირთულე. მე მგონი, აქ სტანდარტი არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ თუ ამ შემთხვევაშიც მთარგმნელმა თავისი მისია შეასრულა მაღალ დონეზე, გადალახა ყველა წარმოუდგენელი სირთულე, მაშინ ბუნებრივად სურს, რომ ადექვატური შეფასებაც მიიღოს.

– კარგად იცნობენ სომხეთში ქართულ ლიტერატურას ?

– არა მარტო კარგად, უყვართ ძალიან, აფასებენ, საერთოდ ქართულ კულტურას……ელოდებიან წიგნებს და კითხულობენ, კამათობენ სხვადასხვა წრეებში. წლების მანძილზე ბევრი ქართველი ავტორის წიგნი დაიბეჭდა ერევანში სხვადასხვა პროექტებით, ასევე სახელმწიფო შეკვეთით. საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების წარდგენით. ჩვენთან შედარებით ცოტა, სახელმწიფო შეკვეთით კი – საერთოდ არა. მიხარია, რომ, აი, უკვე თითქმის 2 წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ერევნის გამომცემლობებში, ძირითადად „ანტარეს“-ში მარტო ჩემი თარგმანით დაიბეჭდა 4 წიგნი (გამომცემლობა „ინტელექტის“ წარდგენით 2 წიგნი – ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიში“, „7 სახელი – თანამედროვე ქართული პოეზია, და „ბაკურ სულაკაურის“ წარდგენით ჭილაძის 2 რომანი, დაბეჭდილია ასევე დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. მე ვთარგმნე და ერევნის გამომცემლობამ „ ორაკულმა“ დაიბეჭდა ასევე ბესო ხვედელიძის რომანი „ნამასტე“. მანამდეც იყო ბევრი წიგნი – რეზო მიშველაძე, მაყვალა გონაშვილი, დავით შემოქმედელი, ანთოლოგიები. ამდენი წიგნის მერე გამორიცხულია, რომ არ იცნობდნენ ქართულ ლიტერატურას. თბილისშიც მე ვბეჭდავ თარგმანებს. ჩემს ფეისბუქის გვერდზე მე ყოველდღიურად ვავრცელებ ნაწყვეტებს ქართული ლიტერატურიდან და, რა თქმა უნდა, „კამურჯ“-შიც. ეს ძალიან სასიხარულოა და პირველ რიგში ხელს უწყობს იმას, რომ უფრო სიღრმისეულად გავეცნოთ ერთმანეთს, შევაფასოთ და მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი. ლიტერატურა, ძირითადად მთარგმნელობითი ლიტერატურა კი ყველაზე კარგი საშუალებაა ამ ღვთიური გრძნობების შენარჩუნებისა და გაგრძელებისათვის!

დიდ მადლობას გიხდით ამ საუბრისათვის და თქვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისათვისათვის მასზედ, რომ ოთარ ჭილაძის ჩემს მიერ თარგმნილი „გოდორი“ ერევანში ბესტსელერის სიაშია!