7 თებერვალი, 2016

ოთარ ტატიშვილი: “მრცხვენია”

1otar-tatishvili-musikazeკომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ქართულ მუსიკალურ სამყაროში განვითარებულ მიმდინარე მოვლენებს აფასებს და მას, არც მეტი, არც ნაკლები, “ვარსკვლავურ ომებს” უწოდებს.

ოთარ ტატიშვილი:

“დღეს რასაც ვკითხულობთ და გვესმის მუსიკალური სამყაროს პრობლემების, მაესტრო ვახტანგ კახიძისა და ნიკოლოზ რაჭველის შესახებ, შეიძლება ითქვას, “ვარსკვლავური ომია.”

ამ “ომზე” კომპოზიტორები არ უნდა ვწერდეთ… მაგრამ სტატიების წერა ვისი საქმეცაა, ისინი სამარისებულად სდუმან…

ამ ირონიანარევ სახელში ვგულისხმობ იმას, რომ თავისი განსხვავებული წინაპირობებით გავარსკვლავებული მუსიკოსები, საერთო ენას ვერ პოულობენ ვერც ერთმანეთთან და ვერც, მითუმეტეს, გარეშე (მათი აზრით) “რიგით” მუსიკოსებთან, რომელთაც არც შთამომავლობით ერგოთ ვარსკვლავური ხომალდები და არც ხილული, თუ უხილავი ინტრიგებით უცდიათ ხომალდების “დათრევა”. თუმცა, შესაძლოა, არაფრით ჩამოუვარდებოდნენ თავისი ნიჭითა და შესაძლებლობით იმათ, ვინც ეს მოახერხა.

უცოდველი არავინაა და ყველამ შეიძლება დავუშვათ შეცდომა. თუმცა, გააჩნია, რა დოზითა და რა ხარისხში სცოდავ. ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს…

ერთს კი ვიტყვი: მე, პირადად, როგორც მუსიკოსს, მრცხვენია, რომ ადამიანები, რომელნიც ისეთ ამაღლებულ და ღმერთთან მიახლოებულ ხელოვნებას არიან ნაზიარებნი, როგორიც კლასიკური მუსიკაა, ასეთ დამოკიდებულებას იჩენენ ერთმანეთისა და საკუთარი კოლეგების მიმართ. იმ კოლეგების, რომლებიც ორკესტრის გარეშე თავიანთ ნაფიქრალსა და ნააზრევს ვერ დაამკვიდრებენ ვერანაირად. “მაღალ მოკვდავებს” თუ უნდათ ორკესტრი თავის დასამკვიდრებლად, საკუთარი ნაწარმოებების გამოსამზეურებლად, კოლეგებზეც უნდა იფიქრონ ზოგჯერ და მსგავს პასუხებს არ უნდა სცემდნენ კომპოზიტორებს: “ჯერ მაგისთვის არ გვცალია; შენი რომ შევასრულო, მერე სხვისიც უნდა შევასრულო; ქართული მუსიკა სულ “მკიდია” (ფეხზე ხელის დარტყმით) და ა.შ.

თავისი რატომ არ ჰკიდიათ, საინტერესოა?! თუ ღმერთებმა უბრძანეს, “შენი ყველას სჯობიაო?!”
მე არცერთის მხარეს არ ვიცავ და დიდ მადლიერებას ვერცერთს ვერ გამოვუხატავ, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა. ამისი საბაბი და საფუძველი, ჯერჯერობით, არ გამაჩნია, სამწუხაროდ.
სწორედ ამან განაპირობა ჩემი ირონია და სკეპტიციზმი ამ მოვლენისადმი.

ისიც ვიცი, რომ ვის სასარგებლოდაც არ უნდა გადაწყდეს ეს ამბავი, “რიგითი” კომპოზიტორები ხეირს მაინც ვერ ვნახავთ, სანამ ამ საქმეს მაღალი შეგნებისა და კულტურის ადამიანები არ ჩაუდგებიან სათავეში, რომლებსაც მუსიკალურ დახელოვნებასთან ერთად, ადამიანებისა და კოლეგების პატივისცემაც ასწავლეს თავის დროზე.”