21 თებერვალი, 2016

გიორგი კეკელიძე: “ამ საკითხზე ინტერვიუს ვერ მივცემ!”

1giorgi-kekelidze-tiginazeეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ჟურნალისტების შემოსევებს “იგერიებს” და მათ მიერ დასმულ კითხვაზე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს, მეტიც, ის საჯაროდ ამბობს, რომ ამ საკითხზე ინტერვიუს ვერ მისცემს.

გიორგი კეკელიძე:

“ჟურნალისტები მწერენ, კომენტარი გააკეთეთ გიორგი ტიგინაშვილის ლექსზე, რომელმაც ინტერნეტი დაიპყროო.

თავიდან ცოტა დავიბენი, სამწუხაროდ, არ ვიცოდი ვინ იყო ბატონი ტიგინაშვილი, მერე ჩავძახე google-ს და ამომძახა ჯაჯანიძის შოუ და რაღაც დაძაბული ლაპარაკი სიყვარულზე თუ ქალზე, ლექსივით.

ცხადია, ამ საკითხზე ინტერვიუს ვერ მივცემ, მეტად მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ: არაფერი ტრაგიკული, მით უფრო საოცარი არ არის, თუ ასეთი ,,ლიტერატურა” ბევრ ხალხს მოსწონს.

ყველა დროში ამგვარად იქნებოდა, უბრალოდ სოციალურმა ქსელმა უფრო აშკარა გახადა – ყოველთვის იარსებებს უამრავი ადამიანი, ვისაც თქვენთვის მდარე ლექსები მოეწონება და ის, რაც თქვენ მოგწონთ, მათთვის იქნება მდარე (სულ მცირე, გაუგებარი). ამას ვერც განათლებით ვუშველით (თუმცა გვაკლია და ძალიანაც) და ვერც დაძალებით. იყოს ის ხალხი, იკითხოს, მოეწონოს და აზიაროს.

პ.ს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრით ქილიკის უფლება არ გაქვთ – პირიქით. უბრალოდ კითხვები დამისვეს ასე: ,,შეიძლება თუ არა პოეტების ქვეყანაში ახალგაზრდებს ასეთი უნიჭობა მოსწონდეთ.” რა თქმა უნდა, შეიძლება.

მომწონს თუ არა მე? რა თქმა უნდა, არ მომწონს. მაგრამ ვითავისებ და ვიცი, რომ ყოველთვის იყო, არის და იქნება. ასე რომ მეტი სიმშვიდე. დამერწმუნეთ, გალაკტიონი ამის გამო საფლავში არ ბრუნავს. არც გაუგია!”