20 თებერვალი, 2016

განო მელითაური: ”დიდი მადლობა!”

1ganoმსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური ყოველთვის ღიად წერს იმ თემებზე, რომელიც მას აღელვებს. ამჯერად განო მეორე შვილთან თარაშ თოლორდავასთან დაკავშირებით ავრცელებს ჩანაწერს და მეუღლეს კოტე თოლორდავას საჯაროდ უხდის მადლობას ასეთი დიდი ბედნიერებისთვის.

განო მელითაური:

“2012 წ. 20 თებერვალი თენდება. მუცლით ერთ სიმპატიურ ბიჭს ჩაჩავას სამშობიაროში მივარბენინებ, კოტეს ჩემი ხელი მაგრად უჭირავს… უკვე მეორედ და გაცნობიერებული ტკივილის მოლოდინით ვაპირებ ახალი სიცოცხლე მოვავლინო ცისფერ ბურთში.

– განიკო სულ შენთან ვიქნები, რისი გეშინია? – ამას ისე მეუბნება, ვხვდები საკუთარ თავსაც ამხნევებს და პირდაპირ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.. ვუცინი და კისერს ვიღერებ, რომ ცრემლები ვეღარ დაინახოს.

– შე სი-დო-ნი-ა – თან ხელი თვალებთან მოაქვს, ორ თითს შორის აქცევს ცრემლებჩამდგარ შავ-თეთრ ბურთებს და ზედ დანკოს გულზე მიხუტებს! – მე არაფრის აღარ მეშინია და ცეკვა-ცეკვით გრძელი დერეფნის ეიფორიაში ვიკარგებით….

მთელი ღამე ერთად, სიმღერ-სიმღერით, თანადგომით და უდიდესი მოლოდინებით ვითვლიდით წუთებს.

– უუხ შენი მამა-ს! – ეუბნებოდა მუცელთან ამოზნექილ არსებას და ბედნიერებისგან ჰაერი არ გვყოფნიდა.

7-ის ნახევარზე დაიბადა თარაშ-თომა თოლორდვა და სამუდამოდ შეცვალა გაკოს ცხოვრება უკეთესობისკენ… დღეს 4-ის ხდება, ვაჟკაცია და შენსავით ვეებერთელა გული აქვს!

იცი, ჰგონია, რომ გაიზრდება მის სანახავად დაბრუნდები, დილაობით ხატებს ელაპარაკება, საყვედურობს რატომ წაიყვანეთო, მერე ფანჯარასთან მიდის – მე კარგი ბიჭი ვიქნები, სულ მიყურებსო, მეუბნება…

ზუსტად შენსავით მეფერება, რუდუნებით აკონტროლებს – სახლიდან თბილად ჩაცმული გავიდე თუ ცივა, უყვარს ყველა ცოცხალი არსება გარშემო და თავის დებს გამუდმებით უხსნის რომ ზემოდან იცავ!

ორი დღის წინ გადასხმას რომ უყენებდნენ, მამას კაცური ხელი მივეცი და არ ვიტირე, მაგარი ვარო, ამაყობდა, როცა ბრაზდება მამიკო გხედავს ამას როგორ მეუბნებიო და გული უჩუყდება.
და მართალია სიცხიანმა, მოწყენით გააცილა სასწრაფოს ექიმები, მაინც ბედნიერია, რადგან 3 წელი ერთად გაატარეთ! ჩქარა დაიძინა,ზუსტად იცის – ჩაძინებულს აუცილებლად მიაკითხავ სასიზმრეთში…

დიდი მადლობა, რომ გამიყავი ამხელა სიყვარული და მას თარში დავარქვით! მის დაბადებას გილოცავ დანკო და გპირდები, შენნაირი ერთგული და მართალი გაიზრდება! ჩვენ, მე და თარაშ-თომა ამას გპირდებით, სანუკვარო!”