29 თებერვალი, 2016

ახალი ბრალდებები ეროვნულ კინოცენტრს

1erovnuli-kinocentriსაქართველოს ეროვნული კინოცენტრი ეტაპობრივად იგერიებს ბრალდებებს, რომლებიც მისი მისამართით ვრცელდება. ამჯერად ნანა ჯანელიძის უწყებას ახალ ბრალდებებს რეჟისორი და სცეენარისტი ანნა ძიაპშიპა უყენებს და მას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ანნა ძიაპშიპა:

“წელს კინოცენტრი არ აცხადებს დოკუმენტური ფილმების კონკურსს, სამაგიეროდ, ამავე წელს დაინიშნა მხატვრული ფილმების მეორე კონკურსი.

ადმინისტრაციამ განმიმარტა, რომ თურმე, ძირითადად წელს დოკუმენტური ფილმები წარმოებისშემდგომ ან წარმოების პროცესშია და სხვა რეჟისორებს არ სჭირდებათ თანხები.

ამით კინოცენტრი არღვევს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებსაც სჭირდებათ ადგილობრივი დაფინანსება პროექტის წარმოებისთვის, ასევე უგულვებელყოფს დოკუმენტურ ფილმს, როგორც სახელოვნებო დარგს და სათანადო ყურადღებას არ უთმობს მას, არღვევს კონკურსების დანიშვნის ციკლურობას და საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით ნიშნავს მას, რაც არასწორი მენეჯმენტის ბრალი მგონია.

ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ნამდვილი ამბების მოყოლა, რომლის სოციალური და პოლიტიკური ფონი მოითხოვს რეფლექსიას და ანალიზს, თუმცა კინოცენტრს მიაჩნია, რომ ამდენი “სოციალური თემატიკა” ყელში ამოვიდა.

მოვითხოვთ წელს როგორც ყოველწლიურად დაინიშნოს დოკუმენტური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსი და გაგრძელდეს ამ დარგის ხელშეწყობა ზუსტად ისევე როგორც მხატვრული კინოსი!”