10 თებერვალი, 2016

ჯუზეპე ვერდი – უდიდესი ტრაგედიებით შექმნილი შედევრები

1Verdiმელომანები დაგვეთანხმებიან, რომ მსოფლიოს საოპერო ხელოვნებაში ჯუზეპე ვერდის და მის შემოქმედებას გამორჩეული ადგილი უკავია. XIX საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის ნაწარმოებებმა სულიერად აღზარდა არაერთი ადამიანი. კომპოზიტორის ქმნილებების ჯადოსნური ზემოქმედება მსმენელზე დღესაც გრძელდება.

უკვე ღრმად მოხუცებულმა კომპოზიტორმა თავად თქვა: 20 წლის ასაკში ვამბობდი – “მე”, 30 წლისა ვიძახდი – “მე და მოცარტი”, 40 წლისა ვყვიროდი – “მოცარტი და მე”, ხოლო ახლა ჩემთვის ვფიქრობ – “მოცარტი”.

“არტინფო” ჯუზეპე ვერდის ცხოვრებას და შემოქმედებას სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ.

მილანის კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე მისულმა ჯუზეპე ვერდიმ კომისიის წევრებს საკუთარი ნაწარმოები შეუსრულა. რამდენიმე დღეში კი კომპოზიტორმა კონსერვატორიის გენერალური დირიჟორისგან პასუხი მიიღო, რომელშიც ეწერა: “ახალგაზრდავ, კონსერვატორია დაივიწყეთ, თქვენ სმენა არ გაქვთ და, საერთოდ, მუსიკაზე ფიქრს თავი დაანებეთ, თანაც ასაკით ძალიან დიდი ხართ იმისათვის, რომ ჩვენთან ჩააბაროთ. ხოლო თუ მაინცდამაინც გინდათ, ცხოვრება ჩვენს სფეროს დაუკავშიროთ, მაშინ ქალაქში ვინმე იაფფასიანი მასწავლებელი აიყვანეთ და კონსერვატორიის გარეთ დაეუფლეთ ჟღერადობის ხელოვნებას”.

ამ უსიამოვნო ფაქტიდან 10 წლის შემდეგ კი მილანის კონსერვატორია გაშმაგებული იბრძოდა იმისთვის, რომ უსმენობის გამო დაწუნებული ჯუზეპე ვერდის სახელი მინიჭებოდა.

რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, კომპოზიტორი კვლავ დაბრუნდა მილანში. მან თავისი პირველი ოპერა “ობერტო” წარადგინა და მისი შემოქმედება პირველად აჟღერდა “ლა სკალაში”. კომპოზიტორის პირველი ნამუშევარი მსმენელმა დიდი სითბოთი მიიღო და მას მეორე ოპერაც დაუკვეთეს – კომიკური ჟანრის ოპერა. ჯუზეპემ შექმნა “ერთი დღის მეფე”, რომელმაც კრახი განიცადა – მსმენელი უსტვენდა და კვერცხებს ისროდა სცენაზე. განრისხებულმა ჯუზეპემ მაშინ დაიფიცა, ოპერას აღარასდროს დავწერო და “ლა სკალას” დირექტორს სთხოვა, კონტრაქტი გაეუქმებინა.

ასეთი განრისხების და ფიცის მიუხედავად, საოპერო თეატრის ხელმძღვანელი ახალგაზრდა კომპოზიტორის ნიჭიერებაში დარწმუნებული იყო და მან ვერდის “ნაბუქოს” ლიბრეტო მისცა. მისი პრემიერა 1842 წელს შედგა და მან ვერდის არნახული პოპულარობა და დიდება მოუტანა.

ჯუზეპე ვერდის წარმატება ვერ გაეთავისებინა, როდესაც იმავე წელს საშინელი ტრაგედია შეემთხვა – მისი მეუღლე და ორი შვილი შავმა ჭირმა იმსხვერპლა. შვილების სიკვდილი მან ძალიან მძიმედ გადაიტანა. დამწუხრებული სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა და სამუშაოთი ცდილობდა ტკივილის ჩახშობას. მუსიკა გახდა ის მკურნალი წამალი, რომელმაც 29 წლის გენიოსი რეალობას დაუბრუნა. ვერდი ოპერებს არნახული სისწრაფით წერდა – “ლომბარდი”, “ერნანი”, “ჟანა დ,არკი”, “ალზირა”, “ატილა”, “კორსარი”, “მაკბეტი” – ეს ოპერები თითქმის ერთ პერიოდში შეიქმნა.

პირადი ტრაგედიის მიუხედავად, ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინებოდა და კომპოზიტორის ცხოვრებაში მეორე სიყვარული გამოჩნდა. ეს იყო მომღერალი ჯუზეპინა სტრეპონი, რომელიც “ნაბუქოსა” და “ლომბარდიში” ქალის მთავარ პარტიას ასრულებდა. მათი რომანი სწრაფად გახმაურდა, თუმცა მეუღლის და შვილების გარდაცვალების გამოწვეული ტკივილის მოშუშებას დიდი დრო დასჭირდა. 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ჯუზეპე ვერდის სამი შედევრი – “რიგოლეტო”, “ტრუბადური” და “ტრავიატა”. მართალია კომპოზიტორის ხელოვნება ზენიტში იყო, თუმცა ეს არ იყო დასასრული, “აიდას” შექმნით მათ გენიოსის ტიტული მოიპოვა.

მსოფლიოში თავისი ეპოქის უძლიერეს კომპოზიტორად აღიარებული ვერდი სულ თან ატარებდა პატარა წიგნაკს, რომელშიც ყოველი დღის ბოლოს მიღებულ შთაბეჭდილებებს მუსიკის სახით იწერდა. ის ნოტების ფორმას აძლევდა ნებისმიერ ხმაურს – ქუჩაში ბავშვის ტირილს, გამყიდველის ყვირილს, მეეზოვის დაგვის პროცესში დაჭერილ ბგერებს, მათი შეერთებით კი შედევრებს ქმნიდა. მოგვიანებით კომპოზიტორმა თავად აღიარა, რომ მისი თავი სავსე იყო ნოტებით, რომლებიც გაუჩერებლად აქა-იქ დახტოდნენ, თვითონ კი მათ დალაგებას ცდილობდა.

XIX საუკუნის 60-იან წლებში ვერდი პლანეტის კომპოზიტორი გახდა. ის შეკვეთებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდა: პეტერბურგის საიმპერატორო თეატრისთვის მან შექმნა “ბედის ძალა”, პარიზელებისთვის “სიცილიური საღამო” და “დონ კარლოსი”, ნეაპოლელებისთვის “ბალ-მასკარადი”. “აიდამ” კი მთელი მსოფლიო დაიპყრო. ვერდი ის კომპოზიტორია, რომლის ოპერებიც ყველაზე მეტჯერ დაიდგა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე.

75 წლის ასაკში ვერდიმ კიდევ ერთი ოპერა “ოტელო” დაწერა. მან სწორედ “ოტელოში” შეძლო იმის წარმოჩენა, რისთვისაც მთელი 75 წელი იბრძოდა. “ოტელო” კომპოზიტორის ყველაზე ძლიერ ნაწარმოებად არის მიჩნეული, თუმცა თავად უძლიერესად “რიგოლეტო” მიაჩნდა.
კომპოზიტორის ბოლო სიტყვა შემოქმედებაში კომიკური ოპერა “ფალსტაფი” აღმოჩნდა, რომელიც მან 80 წლის ასაკში შექმნა. პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა და ნაწარმოებმა მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვერდის შემოქმედებით წარმატებასთან ერთად მისი პიროვნული ტრაგედიებიც გრძელდებოდა – 48 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მისი მეუღლე ჯუზეპინა გარდაიცვალა. მაშინ კომპოზიტორმა თქვა, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მშვიდად დაელოდებოდა, როდის გამოშრებოდა მისი სხეული და როდის გამოიფიტებოდა მისი გონება, რომელიც სავსე იყო ნოტებით.

მაშინ, როდესაც მთელი სამყარო XX საუკუნის დადგომას აღნიშნავდა, 88 წელს მიტანებული ჯუზეპე ვერდი სავარძელში იჯდა და ფანჯრიდან უყურებდა მილანს, სადაც 70 წელი იცხოვრა. 1901 წლის 27 იანვარს მსოფლიოს უდიდესი კომპოზიტორი გარდაიცვალა. იგი კასა დი რიპოსოში იმ მუსიკალური სახლის ეზოში დაკრძალეს, რომელიც თვითონვე ააშენა და მსოფლიო მუსიკოსებს მიუძღვნა.

კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო კულტურაში გაჩნდა კინემატოგრაფი, სადაც 600-მდე ფილმში ჯუზეპე ვერდის მუსიკა ჟღერს. მისი ნაწარმოებები დღესაც მოთხოვნადია და ყოველი ნაწარმოების შესრულება მქუხარე აპლოდისმენტებით მიმდინარეობს.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...