უაფხაზეთო რუკები დაპირისპირების საბაბი ხდება

20 თებერვალი, 2016

11saqხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ პოლონეთის სამეფო სასახლეში გამოფენილი საქართველოს უაფხაზეთო რუკების ფოტოები გამოაქვეყნა, რამაც პოლონეთში საქართველოს ელჩის ნიკო ნიკოლოზიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ნიკო ნიკოლოზიშვილი:

“ვარშავაში მყოფმა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ბ-ნმა გიორგი კალანდიამ, როგორც ის თავის ფბ-გვერდზე წერს, “ძალიან არასასიამოვნო ფაქტი აღმოაჩინა.” კერძოდ, მას პოლონეთის სამეფო სასახლის კავკასიური ხალიჩების ტერეზა საჰაკიანის (Teresa Schmidt van Bastelaer) კოლექციის საგამოფენო დარბაზებში საქართველოს რუკა უაფხაზეთოდ უნახავს.

იქვე ბ-ნი გიორგი აქვეყნებს ამ რუკის რამდენიმე ფოტოს, მათ შორის პოლონური და ინგლისური განმარტებითი ტექსტით, რომელიც მას, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, არ წაუკითხავს. ამავე დროს, მან თავის სტატუსზე მონიშნა (დათაგა) ორი პიროვნება და ერთი ფბ-მომხმარებელი ანონიმური სახელით ქართული ხელოვნება. პოსტის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში, ინტერნეტ-გვერდმა artinfo.ge სასწრაფოდ გამოაცხო ინფორმაცია მყვირალა სათაურით: “SOS! – საქართველო უაფხაზეთოდ პოლონეთის მეფეთა სასახლეში!” ვვარაუდობ, რომ ეს ინტერნეტ-გვერდი, სწორედ პოსტზე მონიშნულ ქართული ხელოვნება-ს ეკუთვნის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სამწუხაროა, როდესაც ისტორიკოსი, სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ასე ჩქარობს და აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, რითაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. საკმარისი იყო მას წაეკითხა მის მიერვე მოყვანილი რუკის განმარტებითი ტექსტი ინგლისურად, ან დარბაზში მყოფი მუზეუმის თანამშრომლისთვის ეკითხა, რომ ზედმიწევნით გაიგებდა რა რუკასთან ჰქონდა საქმე. კერძოდ, განმარტებით ტექსტში წერია, რომ რუკაზე აღნიშნულია ის რეგიონები, საიდანაც კოლექციაში არსებული და გამოფენილი ხალიჩები მომდინარეობენ: კერძოდ – სომხეთი, აზერბაიჯანი და სამხრეთ საქართველო (południowej gruzji! South Georgia!).

აღსანიშნავია, რომ კოლექციაში შედის ე.წ. სამლოცველო ხალიჩები (ნამაზლიკ) და ისინი მოპოვებულია, ძირითადად იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ბინადრობდა ხალიჩების შექმნის დროს, XVIII–XIX სს-ებში. აქედან გამომდინარეა სწორედ, რომ რუკაზე გვხვდება ასევე ხმარებიდან დიდი ხნის წინ ამოღებული ტოპონიმები: ბორჩალო, კარაჩოპ, ლორი-პამბაკ, შირვან და სხვ.

გარდა ამისა, ბ-ნ კალანდიას უნდა შეემჩნია, რომ, მისივე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, პოლონეთის მეფეთა სასახლეში ხალიჩების დარბაზში წარმოდგენილ რუკებზე რუსეთი უდაღესტანოდ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ფერებში არის გამოსახული, რაც იმის მანიშნებელია, რომ კოლექციაში არსებული ხალიჩების ნაწილი დაღესტნიდან მოდის და არა იმისი, რომ რუკის შემდგენლებმა დაღესტანი რუსეთს ჩამოაჭრეს და ან აზერბაიჯანს, ან საქართველოს შეუერთეს.

ყველა შემთხვევაში, მინდა მადლობა გამოვთქვა ბ-ნ გიორგის მისამართით, მისი სიფხიზლის გამო და ინტერნეტ-გვერდ artinfo.ge-ს მისამართით, განგაშის ზარის ესოდენ ოპერატიულად შემოკვრისათვის, მაგრამ ჩემი მოკრძალებული კოლეგიალური რჩევა იქნებოდა, რომ SOS-ის შემოძახებამდე კონკრეტული რუკის სამუზეუმო განმარტებითი ბარათები წავიკითხოთ.

P.S. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, იმისთვის, რომ შემდგომში თავიდან აცილებულ იქნას მსგავსი გაუგებრობა, სამეფო სასახლის დირექტორს მომავალ კვირაშივე შევთავაზებ ცვლილებას. კერძოდ, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო და მათი მეზობელი რუსეთი, თურქეთი და ირანი მოცემულ იქნეს თავ-თავიანთ სახელმწიფო საზღვრებში სრულად, განსხვავებულ ფერებში, ხოლო ხალიჩების წარმომავლობის ადგილები გამოყოფილი იქნას კარტოგრაფიაში მიღებული სპეციალური ნიშნებით. ზოგადად, ამჟამად არსებული რუკა რომ ძალიან არაპროფესიონალურია, ფაქტია.

ნიკო ნიკოლოზიშვილის წერილს გიორგი კალანდია გამოეხმაურა:

“პოლონეთში საქართველოს ელჩის ნ.ნიკოლოზიშვილის ბრალდების საპასუხოდ!!!! გუშინ პოლონეთის მეფეთა სასახლეში ტერეზა საჰაკიანის ხალიჩების კოლექციის გამოფენაზე, კავკასიურ დარბაზში, მსუბუქად რომ ვთქვა, უცნაური რუკები დამხვდა! საქართველო ყველგან უაფხაზეთოდ იყო გამოსახული, თავად აფხაზეთი კი რუსეთის ფერში იყო წარმოდგენილი! ამ გულსატკენი ფაქტის გამო ფოტოების გამოქვეყნებას და კომენტარს: “იმედია სათანადო რეაგირება მოჰყვება სათანადო ორგანოებისაგან” ჩვენი ელჩი პასქვილით გამოეხმაურა! საიდანაც ირკვევა, რომ მე ისტორიკოსისათვის და მუზეუმის დირექტორისათვის დასანანად განმარტებითი ბარათების კითხვა არ მცოდნია და რომ ამ ბარათის მიხედვით თურმე რუკაზე სამხრეთ საქართველო ყოფილა დახატული!!!! ბარათის ეს განმარტება კი ელჩმა ჩემსავე ფოტოებში წაიკითხა (ის კითხულობს, მე კი ვერა).

მართლაც სამწუხაროა, რომ განათლებით ისტორიკოსმა დიპლომატმა არ იცის, რომ სამხრეთ საქართველო ასე არ იხატება!!! მხოლოდ აფხაზეთ ჩამოჭრილ ჩვენს ქვეყანას სამხრეთ საქართველო კი არა სხვა რამე – თვალებში ნაცრის შეყრა ჰქვია! არც ისაა გასახარი რომ აფხაზეთი ამ რუკაზე ზუსტად იმავე ფერშია, როგორშიც რუსეთი!

მე შორსა ვარ იმ აზრისაგან რომ ეს რუკები ჩვენმა მეგობარმა პოლონელმა კოლეგებმა მიზანმიმართულად შექმნეს, მაგრამ არც ის მჯერა, რომ ტერეზა საჰაკიანის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე ეს ამბავი შემთხვევით მოხდა!!!! ასე რომ, ჯობია ბატონმა ელჩმა ჩემს და სააგენტო “ქართული ხელოვნების” დატუქსვას თავი დაანებოს და საქმეს მიხედოს!

საქმე კი ისაა, რომ ეს არაპროფესიონალურად შედგენილი რუკები სასწრაფოდ უნდა გამოიცვალოს! თუ ორგანიზატორებს სამხრეთ საქართველოს დახატვა სურთ, არავინ უკრძალავს, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთს რუსეთის ფერებში ნუ დახატავენ და ნურც მხოლოდ ჩვენი ქვეყანა იქნება შესაბამისი სასაზღვრო კონტურების გარეშე წარმოდგენილი!

ბატონ ნიკოლოზიშვილთან ვირტუალურ კამათს არ ვაპირებ, მე ხშირად წამიკითხავს მისი პასქვილები კოლეგა ისტორიკოსების, არქიტექტორების და სხვა მრავალთა მისამართით, წამიკითხავს და არასოდეს გამჩენია სურვილი მსგავს რამეში მიმეღო მონაწილეობა (ამიტომაც საკუთარი ნებით დავტოვე ჯგუფი “ხელოვნების ისტორიკოსები”, სადაც ის ერთ-ერთი მოდერატორი იყო)! ბრწყინვალეა როცა ელჩმა ისტორია კარგად იცის, მაგრამ უფრო კარგია როცა დიპლომატის ტაქტი გააჩნია და რუკებშიც ზედმიწევნით ერკვევა!”