საუკეთესო ფილმები ბავშვებისთვის

5 თებერვალი, 2016

1sabavshvo-filmebiსაბავშვო ფილმებზე მუშაობა რეჟისორებისთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. პატარა მაყურებელი უფროსებისგან განსხვავებით, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამს, ამიტომაც შემოქმედებით ჯგუფს უამრავი დეტალის გათვალისწინება უწევს.

მსოფლიო კინოინდუსტრიაში არის ფილმები, რომლებსაც ბავშვებმა მშობლებთან ერთად უნდა უყურონ. ეს ფილმები მათ დედიკოებს და მამიკოებს კიდევ უფრო მეტად ეხმარება უკეთ გაუგონ საკუთარ შვილებს და გააცნობიერონ, რას ფიქრობენ და გრძნობენ ბავშვები სხვადასხვა ასაკში.

“არტინფო” გთავაზობთ 10 ფილმს, რომლებიც გამოადგება ყველას, ვინც აღმზრდელობითი საკითხებით არის დაინტერესებული.

1. Inside Out – ამ ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი 11 წლის რაილია, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა მისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა. ეს ანიმაცია ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს შინაგანი განწყობის გავლენას ადამიანის ქცევებზე და გვეხმარება ჩვენი შვილები სულ სხვა კუთხით დავინახოთ.

2. Moonrise Kingdom – ორი შეყვარებული მოზარდი უფროსებისგან გარბის. სემი ობოლია და რთული ხასიათი აქვს. გამზრდელ მშობლებს მასთან პრობლემები აქვთ. მისი შეყვარებული სიუზი 12 წლის კარჩაკეტილი გოგონაა. ისინი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობენ – იპოვონ ადგილი, სადაც საკუთარ ბედნიერებას ეზიარებიან. ფილმი ძალიან ლამაზი, თავისებური და ემოციურია, კინომოყვარულები მის ნახვას მთელ ოჯახს ურჩევენ.

3. August Rush – ევან ტეილორი ობოლია, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება. მისი მშობლები მუსიკოსები იყვნენ, ევანიც მუსიკალური ნიჭით არის დაჯილდოვებული. მას სჯერა, რომ იპოვნის მშობლებს და ბავშვთა სახლიდან ნიუ იორკში გარბის, სადაც ქუჩის მუსიკოსობას იწყებს. ამ პერიოდში მისი დედა იგებს, რომ ბავშვი მშობიარობის დროს არ დაღუპულა და შვილის ბეძნას იწყებს. ფილმის ყურებისას ემოციების ზღვა გარანტირებულია!

4. Oliver Twist – ოლივერ ტვისტი ობოლია, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა. გამუდმებული დამცირება მისთვის აუტანელი ხდება და ის ლონდონში გარბის, სადაც თაღლითების ბანდის წევრი ხდება. მისი პირველი “საქმე” წარუმატებელი აღმოჩნდება, თუმცა მისტერ ბრაუნლოუს, პატარა ქურდბაცაცა ციხეში გასტუმრების ნაცვლად, საკუთარ სახლში მიჰყავს. ეს ფილმი კლასიკური ნაწარმოების არაჩვეულებრივი ეკრანიზაციაა.

5. Knerten – პატარას, რომელიც სოფლიდან ქალაქში გადავიდა, ჯერ მეგობრები არ ჰყავს. ერთხელაც, ფიჩხების გროვაში თამაშისას, ის უცნაურ ტოტს პოულობს, რომელიც მისი განუყრელი მეგობარი ხდება. ბიჭუნა ხის ტოტთან ერთად მხიარულად ატარებს დროს, სანამ მისი მშობლები გამალებული მუშაობენ, მაგრამ განა შეუძლია ხის ტოტს მშობლების შეცვლა?

6. The Book Thief – 9 წლის ლიზელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მიუნჰენში გადადის და კითხვას სწავლობს. დღითიდღე კითხვა მისთვის უმთავრესი მოთხოვნილება ხდება და გოგონა წიგნების მოპარვას იწყებს – მისთვის სწორედ წიგნები ხდება იმ ინფორმაციის მიღების უმთავრესი წყარო, რაც მის გარშემო ხდება: ებრაელების დევნა, ანტიფაშისტური მოძრაობა, დამცირება და შიმშილი. წიგნები ეხმარებიან ლიზას პრობლემებთან გამკლავებაში და საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის დაწერაში.

7. Les Choristes – ფილმი ბავშვებზეა, რომლებსაც უჩვეულო ხასიათი და მძიმე ხვედრი აქვთ. რთულად აღსაზრდელთა ინტერნატში ახალი პედაგოგი კლემან მატიე მიდის. სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით, მას ძალიან აღელვებს იქ მცხოვრები ბავშვების ბედი და ცდილობს მათ მაქსიმალურად გაუგოს. ამ მიზნით მასწავლებელი ქმნის მომღერალთა გუნდს, რომელიც ეხმარება ერთ-ერთ ბავშვს ბუნებისგან ბოძებული უნიკალური ნიჭის წარმოჩენაში. ფილმი გვარწმუნებს, რომ გულიანი ადამიანი, ადრე თუ გვიან, ისეთი ბავშვების მიერაც იქნებიან აღიარებული, როგორიც რთულად აღსაზრდელები არიან.

8. Tom Sawyer – მარკ ტვენის ამ ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზაცია ბავშვებს მოუთხრობს ორი ონავარი ბიჭის – ტომის და ჰეკის თავგადასავალს. ვაშლის ქურდობა, თევზაობა, მეკობრეობანას თამაში – ეს მათი ყოველდღიური განრიგია. თუმცა ბავშვების ფანტაზია მათ შუაღამით სასაფლაოზე მიიყვანს, სადაც საიდუმლო დანაშაულის უნებლიე მოწმეები ხდებიან. სწორედ აქედან იწყება მათი თაუჯერებელი თავგადასავლები.

9.Boyhood – ძალიან საინტერესო და რეალისტური ფილმი, რომელსაც რეჟისორი 12 წლის განმავლობაში იღებდა. მისი ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ერთი ოჯახის წევრების ისტორიას. ფილმის მთავარი გმირი მეისონი, რომელიც გადაღებების დაწყებისას 6 წლისაა, წლების განმავლობაში აკვირდება როგორც იცვლება ყველაფერი მის გარშემო, როგორ იცვლებიან მისი მშობლები და რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში.

10. Dead Poets Society – 7 ახალგაზრდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აკადემიის სტუდენტია. პირველივე დღეს ისინი ხვდებიან თავის პედაგოგს, რომელიც სწავლის რადიკალურად განსხვავებულ მეთოდს იყენებს. პოეზიის უკიდეგანო სიყვარულით, პედაგოგი მათ ცხოვრების მთავარ გზავნილებს აწვდის. ეს ისტორია სურვილებსა და ოცნებებზე და ასევე იმ ადამიანების მნიშვნელობაზეა, რომლებმაც თავის დროზე ცხოვრების მთავარ არსში გაგვარკვიეს.

გააზიარეთ

 
...