მორის ფოცხიშვილის დაუჯერებელი წინასწარმეტყველება

9 თებერვალი, 2016

1moris-focxishviliგზა – გაწყვეტილი ძაფივით,
ფიქრი, დუმილი, დარდი, –
პურიც იყო და მარილიც,
მაინც ერთმანეთს ვჭამდით.
რაც იყო ჩქარა გაივლის,
არ შეგაწუხოთ ეჭვმა,
– პურიც იქნება, მარილიც…
მაინც ერთმანეთს შევჭამთ! – ეს პოეტ მორის ფოცხიშვილის ლექსია, რომელიც მან წლების წინ დაწერა და ის დაუჯერებლად წინასწარმეტყველური გამოდგა.

არაერთი ცნობილი ლექსის ავტორი მორის ფოცხიშვილი ყოველთვის თავისი შემოქმედებით ამბობდა სათქმელს. მისი პოეზია სამშობლოს სიყვარულით, ღმერთისადმი მადლიერებით და ადამიანებისადმი პატივისცემით იყო განმსჭვალული. პოეტის საოცრად მუსიკალური ლექსები სხვადასხვა კომპოზიტორის შთაგონების წყარო გახდა.

“არტინფო” მორის ფოცხიშვილს სულ სხვა კუთხით წარმოგიდგენთ:

***

მორის ფოცხიშვილს კომუნისტურ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, მაგრამ როგორც მისი შვილი, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იხსენებს: “მამას კომუნისტურ პერიოდში მოუწია ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ რეჟიმს არავინ ემსახურებოდა. ხელოვანი ხომ თავისუფალი ადამინია, იმ პერიოდში კი უფრო საინტერესო და მაღალმხატვრული ნაწარმოებები იქმნებოდა, ვიდრე მაშინ, როცა მოიხსნა ცენზურა. როცა ცენზურა არის, მაშინ ადამიანი ცდილობს, უფრო ალეგორიული ხერხით გამოხატოს სათქმელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეზღუდვა იყო, მიმაჩნია, რომ მამაჩემის თაობა ყველაზე თავისუფალი იყო, გაცილებით თავისუფალი, ვიდრე რასაც ახლა ვუყურებ. ყველაზე დიდი ცენზურა ხომ თავისუფლებაშია, ამიტომ უფრო მეტად ამუხრუჭებ და თუ შეცდომას დაუშვებ, საკუთარ შეცდომაზე აუცილებლად ისწავლი. ჩვენ ბოლშევიკებს არ მოვსწრებივართ, მოვესწარით კომუნისტებს. ჩვენ მამა სწორად, თავისუფლად გვზრდიდა.”

***

პოეტის სახლში უამრავი ულამაზესი და უძველესი ხატია. არ არსებობდა ჰონორარი, რომლითაც 5-6 ხატს მაინც არ იყიდდა. ყოველი გათენება მისთვის სიცოცხლე და სიხარული იყო: “რა დილაა, რა დილა, ღმერთს თვალებში ვუმზერ, ღვთისმშობელი დახრილა და მირონს მცხებს შუბლზე”.

“მამაჩემი ღრმად რელიგიური ადამიანი იყო, მაგრამ ამას გარეგნულად არასოდეს გამოხატავდა. მის ერთ-ერთ ლექსში სწორედ ამაზეა საუბარი: “ცა იჭმუხნის ხშირად წარბებს, მაგრამ მაინც გვწყალობს ობლებს, მთავარია რაღაც გწამდეს, პირჯვარს ეშმაც იწერს ხოლმე”. ან კიდევ “ვინ “არას” იტყვის ვინ “ხოს”, შენ ერთს გელით და გიხმობთ. გიხმობთ, გეძებთ და გსახავთ, მანამდე, ვიდრე გნახავთ. მაგრამ როდესაც გნახავთ, უმალ სიცრუეს ვჩმახავთ… ვინ “არას” იტყვის, ვინ “ხოს”. ყოველთვის ღმერთის მადლიერი იყო. ჩვენ რამეზე რომ საყვედურს ვიტყოდით, ეს საშინლად არ მოსწონდა. ერთადერთი, რაც ჩვენ გვეკრძალებოდა, იყო წუწუნი. სულ გვიხსნიდა, რომ უმადურები არ უნდა ვყფილიყავით. ამაზე ლექსიც აქვს დაწერილი: “ყველაფერი ვაპატიე, უმადურობის გარდა”. უმადურობა ხომ გვეკრძალებოდა და ტყუილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი: “ჩემთვის ვიცრუე, რა მოხდა, ჩემთვის, რა დავაშავე, ნეტა რა იყო. ღმერთო, ისეთი ტყუილი ვერ ვთქვი, სიმართლე რომ არ გამომდგარიყო.”

მას არ სჭირდებოდა ხილული თუ უხილავი სასწაულები, რომ ღმერთის არსებობა დაეჯერებინა: “აქ ვიღაც იყო, კვალი მისი თოვლს ამჩნევია, აქ ვიღაც იყო, თოვლი მისი მთებს აჩნევია, აქ ვიღაც იყო, შუქი მისი ზვრებს ამჩნევია, აქ ვიღაც იყო, აზრი მისი ლექსს ამჩნევია, აქ ვიღაც იყო, რწმენა მისი მრევლს ამჩნევია, აქ ვიღაც იყო, ცეცხლი მისი ფერფლს ამჩნევია”.

***

მორის ფოცხიშვილი მთელ თავის გულის ფიქრებს თავის პოეზიაში გადმოსცემდა: “სინათლის ხმაზე იღვიძებენ მზესუმზირები. გზაზე ჭრიალით მიდის ურემი. დედაო ღვთისა, რა ძალა შეგწევს, რომ მთელ ქვეყანას ემსახურები?!” ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოეტი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ მტკვარში ცურავდნენ ბიჭები, დინებამ წაიღო, მორისიც იხრჩობოდა და მტკვრის დინებამ ზუსტად სიონთან გამორიყა. ორჯერ დაემართა ასე. ერთხელ უწმინდესმა გადაარჩინა, ეს შედარებით გვინდელ პერიოდში მოხდა.

***

პოეტის საცხოვრებელი სახლის კედელზე მისი ფრაზაა ამოტვიფრული – “ავფრინდები და… ფრი…” მორის ფოცხიშვილი 20 წლის შემდეგ თითქმის სულ ავადმყოფობდა, ამიტომ როცა გარდაცვალების დღე მოახლოვდა, თითქოს წინასწარ იგრძნო. სიკვდილზე არაერთი ლექსი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მაინც გამორჩეულია: “მეც მაშინებდნენ სიკვდილით ერთ დროს, ო, უნდა მენდო, ჯვარი გწერია, – მანდ გეშინოდეთ, თორემ აქ ახლა, საშიში სულაც არაფერია!” მის პოეზიაში არის ასეთი ტაეპიც: “გვდევს სიკვდილი ერთადერთი აპარატით, და ბავშვობის სურათების გადიდებას გვპირდება, არ გაინძრე! სდექ! შეწყვიტეთ ლაპარაკი! ჩიტი გამოფრინდება!”

გარდაცვალებამდე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და ოჯახის წევრებს იქით ამშვიდებდა, ყველაფერი ღმერთის ხელშია, თუ გადასარჩენი ვარ, გადავრჩები, თუ არა და არაო: “ყველა არც არის შენი ღირსი, მაგრამ რა ხდება, ბოლოს, ო, ყველა შენთან ცხადდება”. პოეტს ღრმად სწამდა, რომ ადამიანი ყველაფერზე პასუხს თავად აგებდა: “ერთი არ იტყვის, მეორე იტყვის, ერთი არ გაგცემს, მეორე გაგცემს, მერე ნაწამებ, განვემს და ნაცემს, ერთი აღგადგენს, მეორე დაგცემს. მერე ის მოვა იისფერ თოვლად, ყოვლად ციერი, ძლიერი ყოვლად, თვით გაეცნობა შენს წილ განაჩენს, შუქს გამოგიწვდის, როგორც ყავარჯენს, წინ გაგიძღვება როგორც სიმღერა, წინ გაგიძღვება და გადაგარჩენს. აი, აქ წყდება ჩემი ზღაპარი, ის მოგიყვება ალბათ დანარჩენს.”

***

მორის ფოცხიშვილმა მთელი თავისი ცხოვრების ჯილდოდ მიიღო ის, რომ იგი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს. ეს ინიციატივა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. როდესაც პოეტს კრძალავდნენ და ჭირისუფლები სამთავროს მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ პოეტის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად უამრავი მცხეთელი გამოსულიყო.

გააზიარეთ

 
...