თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ბრალდებებს პასუხობს

18 თებერვალი, 2016

teatri8თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ბრალდებებს პასუხობს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო პროფესიული თეატრის პრეტენზიებზე განმარტებებს აკეთებს:

“უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოვახსენებთ საქართველოში მოქმედ ყველა თეატრს, რომელიც მონაწილეობს ჩვენს ტრადიციულ ყოველწლიურ გამოკვლევებში. თეატრების მონაწილეობისა და კვლევის შედეგებით დაინტერესების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი კერძო ინიციატივის განხორციელება. რომ არა თეატრების ინტერესი, ჩვენც დავკარგავდით იმ ენთუზიაზმს, რომლითაც პროექტს ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში ვახორციელებთ.

ბუნებრივია, ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ ნებისმიერი ჟიურის გადაწყვეტილება ყველგან და ყოველთვის გამოიწვევს დისკუსიას, აზრთა სხვადასხვაობას…

ჩვენი კერძო ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ქართული თეატრის მოღვაწეების წახალისებას და არავითარ შემთხვევაში მათ შორის შუღლის ჩამოგდებას. შესაძლოა, სხვადასხვა ნომინაციაში ხუთეულების დასახელება (და არა მხოლოდ ერთი გამარჯვებულის) სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ჟიურის არ გამორჩეს რომელიმე კარგი ნამუშევარი.

სწორედ ამიტომ, შევიმუშვეთ პრინციპი: ყოველგვარი მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და შეხვედრების გარეშე დავხატოთ ქართული თეატრის რეალური სურათი ერთი წლის მაგალითზე. ჟიურის წევრების შერჩევის პრინციპი კი, უპირველეს ყოვლისა, არის: თავისუფალი თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები (რომლებიც არ არიან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ თეატრთან) და არიან თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები. ამავდროულად, ისინი, ვისაც მეტ–ნაკლებად ნანახი აქვს ერთი წლის რეპერტუარი (მათ შორის, რეგიონებშიც).

იმის გამო, რომ ჟიური ყოფილიყო ჭრელი და არაერთგვაროვანი მისი წევრები შევარჩიეთ სხვადასხვა თაობის, მსოფლმხედველობის, თანამედროვე ქართულ თეატრზე ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებების პროფესიონალები და მათი რაოდენობა (სხვა მსგავსი კონკურსებისა და პრემიებისგან განსხვავებით) გავზარდეთ 9 (ცხრა) წევრამდე, რათა მოიცვას ქართული თეატრმცოდნეობის ფართო სპექტრი.

დაგვეთანხმებით, რომ ძნელია თავი მოვუყაროთ ერთდროულად 9 მოქმედ, აქტიურ თეატრმცოდნეს, რომლებიც მთელ რეპერუარს ნახულობენ და ყველა თეატრში, მათ შორის, რეგიონებშიც დადიან და ამასთანავე არიან თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებიც.
ახლა, რაც შეეხება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და მასთან გაერთიანებული პროფესიონალებისთვის ესოდენ პატივსაცემ ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის შეკითხვებს, სიამოვნებით გავცემთ პასუხს და განვუმარტავთ, რომ:

1. პირველი შეკითხვა რუსთაველის თეატრის მსახიობის ია სუხიტაშვილის ასაკს შეეხებოდა. ია სუხიტაშვილი დაიბადა 1980 წლის 29 აგვისტოს, ანუ ის ჯერ კიდევ 35 წლისაა და მას მხოლოდ აგვისტოს ბოლოს უსრულდება 36 წელი. მიღებული და მრავალგზის ქართულ (და არა მხოლოდ) თეატრში დადგენილი გამოცდილების გაზიარებით ვხელმძღვანელობდით ჩვენც, ისე როგორც სხვა ახალგაზრდული ფესტივალები, კონკურსები, პრემიის მიმნიჭებელი ჟიური და სხვა… რაც შეეხება თქვენი თეატრის მსახიობს ბუბა გოგორიშვილს – ის უბრალოდ ვერ მოხვდა რეიტინგში არა ასაკის გამო, არამედ მის მიერ შესრულებულმა მედეას როლმა ვერ დააგროვა ხმათა უმრავლესობა ფარული კენჭისყრისას. რეიტინგში მოსახვედრად ჟიურის 9 წევრისგან სავალდებულოა მინიმუმ 5 დადებითი ხმა.

2. რაც შეეხება თელავის თეატრის მსახობის ვანო იანტბელიძის წლევანდელ რეიტინგში ვერ მოხვედრის საკითხს, აქაც ხმათა უმრავლესობა წყვეტს მსგავს საკითხებს და თეატრალური პრემია „დურუჯის“ ჟიურის თქვენს მიერ ჩამოთვლილი 4 წევრი (ნიკოლოზ წულუკიძე, მაკა ვასაძე, გურამ ბათიაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი) ვერაფრით დასძლევდა დანარჩენი ხუთი წევრის ფარულ ხმებს. გარდა ამისა, ვანო იანტბელიძის კანდიდატურის განხილვისას, უკვე შეიქმნა სხვა კონკურენტუნარიანი გარემო (2015 წლის დეკემბრის მეორე ნახევრამდე ბევრი ახალი სპექტაკლი დაიდგა თელავის თეატრის სპექტაკლის „ვინ გატეხა ქოთანი“ პრემიერის (2015 წლის აპრილი) შემდეგ), გაიზარდა განსახილველი სპექტაკლების რიცხვი და შეიცვალა კონკურსში ჩართული სპექტაკლების რაოდეობაც.

3. ასევე სიამოვნებით განვმარტავთ, რომ ხუთეულებიც „ივსება“ მხოლოდ რეიტინგის, ხმათა უპირატესობის მიხედვით, როცა კანდიდატი ვერ აგროვებს 5, ან 5 ხმაზე მეტს, ის ავტომატურად ეთიშება რეიტინგს, რაც არ უნდა დაბალი ქულებით ჩამორჩებოდეს მას სხვა კანდიდატები. საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრების შერჩევისას (ისე, როგორც მოხდა ნომინაციის – საუკეთესო მუსიკა სპექტაკლში/მუსიკალური გაფორმება შემთხვევაში) მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლმა „მედეა“, ვერ დააგროვა ხმათა გამსვლელი რაოდენობა, თუმცა ის, როგორც ნახეთ, ათეულების რეიტინგში მოხვდა და განიხილებოდა კიდეც, როგორც ლიდერი რეჟისორული ნამუშევარი კონკურსში მონაწილე 217 ნამუშევრიდან. „წინანდლის პრემიის“ შესარჩევ კანდიდატთა (სამეულის) ჟიურის წევრთა შორის დავით ბუხრიკიძესთან ერთად, ლაშა ჩხარტიშვილიც იყო, რომელმაც მიხეილ ჩარკვიანს მაღალი შეფასება მისცა, (შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტაცია) რომელიც არაფერს ცვლის უფრო გაფართოებულ ჟიურიში.

იმედი გვაქვს, ამომწურავად ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რომელიც გარკვეულ სათეატრო წრეებს დაებადა. იმის იმედიც გვაქვს, რომ ეს განცხადება ემოციურ (დაფიქრება–გაანალიზებისა, იმპულსური შეფასებების) ფონზეა გაკეთებული და წლის ბოლოს, მომავალ კვლევამდე ვნებათაღელვა კვლავ საქმიან, პარტნიორულ ფორმატს დაუბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეატრსა და სათეატრო კრიტიკის შორის უფსკრულის გაჩენა, არც ერთი მხარისთვის იქნება სასარგებლო და სიკეთის მომტანი.

P.S. კახა კინწურაშვილის წარმატებასთან ერთად, გილოცავთ, კოტე ფურცელაძისა და ანკა ალექსიშვილის წარმატებას, რომლებიც საუკეთესო ხუთეულების (საუკეთესო ქორეოგრაფია, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი) ლიდერები სწორედ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში განხორციელებული სპექტაკლებით გახდნენ.

პატივისცემით, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი