გია კორკოტაშვილი განმარტებებს აკეთებს

22 თებერვალი, 2016

1gia-korkotaSviliგია კორკოტაშვილისა და ლუბა უსპენსკაიას დუეტში სიმღერამ ურგანტის შოუში ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ორი დღის წინ გავრცელებულ ვიდეოს ინტერნეტში ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს.

საზოგადოების ნაწილმა გია კორკოტაშვილის საქციელი მოიწონა, ნაწილმა კი მას რუსეთის აგენტი უწოდა.

გია კორკოტაშვილი:

“37 მანეთიან ბილეთებზე და მის ნოსტალგიებზე ვინც ლაპარაკობს და უბედურებას ეძახის, მათი მშობლებიც მაგ პერიოდში გაიზარდნენ. ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ცხოვრება მიდის და ახალგაზრდობის მომენტებზე შეიძლება ნოსტალგია გქონდეს, მაგრამ საღი აზრი არ უნდა დაიკარგოს. არითმეტიკით განისაზღვრება ვინ არის კმაყოფილი და ვინ – არა. 103 ათასი მოწონება აქვს ჩვენს ვიდეოს, ხალხმა დადებითად მიიღო, რომ გია კორკოტაშვილი ჩავიდა ურგანტის პოპულარულ შოუში, ლუბა უსპენსკაიასთან ერთად იმღერა და ჩამოვიდა.

ძალიან თბილი დახვედრა მქონდა, ვერ ვიგრძენი იქ ქართველი ვიყავი თუ რუსი. სიტყვა “პატრიოტიზმი” სხვადასხვანაირად ესმის ყველას. ვინც ჩემს იქ ჩასვლას არაპატრიოტულს უწოდებს, ხომ კარგად მიირთმევს რუსულ პროდუქტს და რუსულ არაყსაც კარგად სვამს?! მაშინ საბოლოოდ გაიფიცონ, როგორც პატრიოტები, და რუსულს არაფერს მოკიდონ ხელი.

არადა, ჩემი აზრით, სახალხო დიპლომატია ის გზაა, რითიც შეიძლება მცირედი წვლილი მაინც შეიტანო სასიკეთო ცვლილებებისკენ. ორი გზა არსებობს – ერთი, რომ საერთოდ გაებუტო და გაითიშო ყველაფრისგან და მეორე ის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა იმოქმედოს სხვადასხვანაირად, იქნება ეს დიპლომატიური, სახალხო თუ მეგობრობის გზა. მჯერა, რომ ჩემი საქციელით იმ თემას, რომელიც უნდა დაიძრას, უკან არ ვწევ, თუ წინ არ წაიწია.

იმ ჭიაღუების შეფასებები სასაცილოდ მიმაჩნია, ვინც ჩემზე ამ დღეებში კომენტარებს აკეთებს. ერთ-ერთი წერდა, რომ ანდროპოვის სული დაესიზმრა პუტინს, პუტინი ადგა, დაუძახა ურგანტს და უთხრა, რომ შენ დღეს უნდა ამღერო შენს გადაცემაში გია კორკოტაშვილი, იმიტომ რომ მე რუსეთის აგენტი ვარ. ეს ხომ მარაზმია?! სასაცილო ტიპები არიან!

მე ტაშს დაგიკრავთ, თქვენ თუ საქართველოსთვის კარგ რამეს გააკეთებთ. მე სხვანაირად მჯერა, პირველ რიგში უნდა იყო საქართველოსთვის და მერე უნდა იყო ყველგან.

ჩიჩახვი შხამით გაქვთ სავსე და სად ამოანთხიოთ აღარ იცით, ამიტომ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს თქვენი კრიტიკა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, თქვენ თქვენებურად მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს აღმშენებლობაში, მე ჩემებურად. დღე ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, ვინც ასე ვფიქრობთ. თქვენ კი ხართ ნარჩენები და მონები.

თქვე კაი დედმამიშვიელებო, თქვენ ის ხალხი არ ხართ, ჩუმად რომ იყავით იმ დროს, როდესაც ყველა სტრატეგიული ობექტი დაარიგა თქვენმა იმამმა მიშამ?! რა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეა ლაპარაკი? მე ჩავედი და ერთხელ ვიმღერე, მიშამ ყველაფერი მათ გადასცა და ვინ არის რუსეთის ან კრემლის აგენტი, ახლა თქვენ განსაჯეთ!” – განაცხადა გია კორკოტაშვილმა ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას.