9 თებერვალი, 2016

ამბავი, რომელიც ყველაფერზე მეტია

1maritaმარიტა ნანატრი შვილი იყო. ის სამი ბიჭის შემდეგ გაჩნდა მახარაძეების ოჯახში და სიფრიფანა გოგონას დაბადება დიდი ჟრიამულითაც აღინიშნა. სწრაფად გაიბრინა დრომ – ჩვილობა, პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა, ბაღი, სკოლა. მარიტა უკვე დიდი გოგონა იყო, ლამაზი, ჭკვიანი, ზრდილობიანი. ძმები მცველებივით დაჰყვებოდნენ წინ და უკან და ისეთი ბედნიერები იყვნენ, მათ ყურებას არაფერი სჯობდა…

***

– დე, ცუდად ვარ, – ძლივს მილასლასდა სახლში დათა.

– რა დაგემართა შვილო? – შეშინებულმა ჰკითხა დედამ.

– არ ვიცი დე, სკოლაში გავხდი ცუდად და სახლამდე ძლივს მოვაღწიე, კლასელებმა მომაცილეს.

იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს მახარაძეების ოჯახში. დათა თავს ცუდად გრძნობდა, იმდენად ცუდად რომ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო…

***

– ნუ გეშინიათ ქალბატონო, თქვენი შვილი კარგად იქნება, – ამშვიდებდა ექიმი დედას, რომელიც მთელი სხეულით გრძნობდა, რომ მის თავს რაღაც საშინელება ხდებოდა.

– ექიმო, მირჩევნია სიმართლე მითხრათ, რაც არ უნდა მწარე იყოს დედისთვის. სიმართლე მითხარით, რომ ყველანაირ განსაცდელს მომზადებული შევხვდე, – შეევედრა დედა და ცრემლიანი თვალებით ახედა ექიმს.

– სიმართლეს გეუბნებით, თქვენი შვილი კარგად იქნება, – მოკლედ მოუჭრა ექიმმა, ზურგი აქცია და ჩქარი ნაბიჯით გაემართა კაბინეტისკენ, რომ ზედმეტი კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

***

– მობრძანდით ბატონო გივი… დაბრძანდით… დიდი ხანია გელოდებით… მარტო იმიტომ დაგიბარეთ სასაუბროდ, რომ ყველაფერი გულწრფელად გითხრათ, როგორც კაცმა კაცს… თქვენს მეუღლესთან ამ თემაზე ვერ ვისაუბრებდი, ამიტომ თქვენთან საუბარი ვარჩიე, – ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით ამბობდა სათქმელს ექიმი და გაფითრებულ მამას თვალებში უყურებდა.

გივი მზად იყო ყველაფრისთვის, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ექიმს თვალი თვალში გაუყარა:

– ბრძანეთ!

– სამწუხაროდ, თქვენი შვილი სერიოზულად არის ავად. მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება. ჩვენ გირჩევთ თურქეთში გადაიყვანოთ, ყველანაირ კოორდინატებს მოგცემთ, დაგაკვალიანებთ, საუკეთესო ექიმებს დაგაკავშირებთ, მაგრამ წამითაც არ შეიძლება დაგვიანება! ეს ძალიან საჩქაროა! – დაასრულა საუბარი ექიმმა.

– რა სჭირს ჩემს შვილს? – ძლივს ამოთქვა გივიმ.

ექიმი წამით შეყოვნდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა პირდაპირ ეთქვა გაუბედურებული მამისთვის სათქმელი, თუ ჯერ სამედიცინო ტერმინოლოგიით აეხსნა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

– სარკომა, – პირდაპირ მიახალა ექიმმა და თვალი თვალში გაუყარა.

გივი ასეთ პასუხს არ ელოდა, ერთიანად მოეშვა, მხრები ჩამოყარა, დაპატარავდა და ჩია კაცივით მოიკუნტა სკამზე.

– ნუ გეშინიათ, ახლა მედიცინა შორს წავიდა და…

– გმადლობთ, – საუბარი შეაწყვეტინა გივიმ, ძლივს აათრია მოწყვეტილი წელი სკამიდან და კაბინეტიდან ლასლასით გავიდა.

***

თურქეთში მართლაც საუკეთესო კლინიკაში დააწვინეს დათა, საუკეთესო ექიმები დაახვიეს თავზე, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მახარაძეების ოჯახში უბედურებამ დაისადგურა. თითქოს განგებამ ყველაზე დიდი ტკივილისთვის გასწირა ბედნიერი ცოლ-ქმარი.

– სარკომა, სარკომა, სარკომა, – სულ ეს სიტყვები ესმოდათ ყურებში. ეს სიტყვები მათთვის წყევლის ტოლფასი აღმოჩნდა, რადგან დათას შემდეგ ამავე დიაგნოზით რეზი და შიოც გარდაიცვალნენ.

***

– დე, ცუდად ვარ, – შეშინებულმა უთხრა მარიტამ დედას, როცა სკოლიდან დაბრუნდა. დარდისგან ჩამომხმარი და დაბეჩავებული ქალი კიდევ უფრო შეშინდა. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რამაც ასე გააუბედურა, მაგრამ…

– სარკომა! – კიდევ ერთხელ გაიგონა ეს დაწყევლილი სიტყვა.

***

ისევ თურქეთი… ისევ კლინიკა… ისევ ექიმები… ისევ ურთულესი ოპერაცია… ქიმიოთერაპიის კურსები… კულულების გარეშე დარჩენილი ნანატრი გოგონა… მარიტა თითქოს უცებ გაიზარდა, დიდი ადამიანივით მსჯელობდა, მშობლებს უკვირდათ მისი საქციელი. მარიტას კი კარგად ესმოდა, რომ ის სიცოცხლისთვის იბრძოდა და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა არც მისი ხუჭუჭა თმებს და არც დაკარგულ სილამაზეს. ხვდებოდა მარიტა, რომ ის იყო მისი მშობლების უკანასკნელი იმედი და არ ჰქონდა უფლება ისინი ასეთ დიდ ტრაგედიასთან სრულიად მარტო დაეტოვებინა.

მართლაც მარიტა იყო მახარაძეების ოჯახის უკანასკნელი ნათელი წერტილი, იმედი და ბედნიერება. ერთი წამითაც არ დაფიქრებულან, ისე გაყიდეს ყველაფერი, რაც შემორჩათ ამდენი უბედურების შემდეგ, რომ მარიტა მაინც გადაერჩინათ.

– ნუ გეშინიათ ქალბატონო, თქვენი შვილი კარგად იქნება, – მეათასეჯერ ეუბნებოდა დამტვრეული რუსულით თურქი ექიმი და გულში იკრავდა გამწარებულ დედას, რომელიც მისთვის ესოდენ შინაური გახდა.

– ნუ მატყუებთ ექიმო, – ემუდარებოდა დედა, რომელიც უკანასკნელ იმედს ჩაბღაუჭებოდა.

– არ გატყუებთ, თქვენი შვილი მართლა კარგად იქნება, მხოლოდ ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც საჭიროა, – უღიმოდა ექიმი და გამწარებულ დედას თავზე ხელს უსვამდა.

***

ის, რაც მარიტამ გადაიტანა, ყველაზე რთული და აუტანელი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ გოგონა გადარჩა. ის სამ თვეში ერთხელ სტუმრობდა თურქეთს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს. ექიმები ყოველ ჩასვლაზე სულ უფრო და უფრო დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებდნენ.

სკოლაში ყველაზე მეტად მარიტას დაბრუნება და გამოჯანმრთელება ნინის გაუხარდა. ისინი ბაღიდან მეგობრობდნენ და განსაკუთრებით უყვარდათ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ არც კლასელები იყვნენ და არც თანატოლები, განუყრელად ერთად იყვნენ. თავიდან მარიტას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა, ამიტომ სკოლამდე დედასთან ერთად ნინიც მიყვებოდა და კიბეებზე ვინმე რომ არ დაჯახებოდა, კლასამდე ნინის აჰყავდა.

***

სკოლაში მისულებს, ფოიეში ულამაზესი ბიჭის უზარმაზარი ფოტო დახვდათ გამოკრული, რომელიც იუწყებოდა, რომ 14 წლის დათა ნიკურაძეს თავში სიმსივნე აღმოაჩნდა და ურთულესი ოპერაციის ჩასატარებლად სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფინანსური დახმარება.

– დათა, – ჩუმად წარმოსთქვა მარიტამ და თვალები ცრემლით აევსო. გოგონამ სცადა ემოციების მოთოკვა, მაგრამ ვერ შეძლო, სურათთან ბევრი იტირა, თავისი დათა გაახსენდა, თავისი უფროსი ძმა, საყვარელი და ულამაზესი. ნინიმ ძლივს დაამშვიდა მარიტა და კლასში აიყვანა.

– ამ ბიჭს რა დაემართა? – ჰკითხა მეგობარს მარიტამ, როცა ტირილით გული იჯერა.

– არ ვიცით, მარიტა, ცუდად ხდებოდა, რაღაცეები ავიწყდებოდა, მეგობრებს ვერ ცნობდა, გაკვეთილებს ვერ ყვებოდა, ბოლოს ექსკურსიაზე ყოფნის დროს გონება დაკარგა. მშობლებმა ექიმთან წაიყვანეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და ეს დიაგნოზი დაუსვეს.

***

– დე, ცუდად ვარ, – უთხრა სახლში მისულმა მარიტამ დედას და კიდევ ერთხელ გაუხეთქა გული ისედაც გულგახეთქილ ქალს.

– ვაიმე, – ამოიკვნესა დედამ, – რა დაგემართა? – და შვილს მივარდა.

– არა, დედა, ნუ გეშინია, განა რამე მტკივა, ისე ვარ ცუდად, შინაგანად. დედა, დედიკო, იქ სკოლაში ბიჭის ფოტოა გამოკრული, სიმსივნე აქვს… დედა, ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ, დედა, იცი, დათა ჰქვია. ჩვენი დათას სულს გაფიცებ, დედიკო, რამე მოიფიქრე, დავეხმაროთ რა… – სლუკუნებდა მარიტა და მოუთმენლად ელოდა დედის პასუხს.

დედას თვალები ცრემლით აევსო, თავისი სიმწრით და ტკივილით განვლილი გზა გაახსენდა, მარიტა გულში ჩაიხუტა და წაიჩურჩულა:

– დავეხმაროთ დედა, აუცილებლად დავეხმაროთ, რითიც შევძლებთ.

ის ღამე მარიტამ თეთრად გაათენა. მთელი ღამე ფიქრობდა, რა შეეძლო გაეკეთებინა ბიჭისთვის, რომელსაც იმ რთული და დამღლელი გზის გავლა უწევდა, რაც თვითონ გაიარა და ჯერ კიდევ არ იცოდა, ეს გზა მისთვის როდის დასრულდებოდა, ან საერთოდ წარმატებით დასრულდებოდა თუ არა.

“მოდი ბავშვებს ვეტყვი და კონცერტს ჩავატარებთ, მეტროს წინ ვიმღერებთ, კარდაკარ ვივლით, ყველგან გავავრცელებთ რომ დათას დახმარება სჭირდება და მას აუცილებლად დაეხმარებიან. აბა, ასეთ ლამაზ ბიჭს დახმარებაზე უარს ვინ ეტყვის?” – ფიქრობდა გოგონა და აღტაცებისგან ძილი საერთოდ არ ეკარებოდა.

დილით სკოლაში მისულმა თავისი იდეა მეგობრებს გაანდო. მათაც მოიწონეს, კარგად მოგიფიქრებიაო, მაგრამ ამ ყველაფერს ორგანიზება უნდოდა, რაც ბევრ დროს წაიღებდა, ეს კი დათას ვერაფერში დაეხმარებოდა.

– მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ, – უცებ წამოიყვირა მარიტამ და გაბრწყინებული თვალებით შეხედა თანაკლასელებს, – ჩვენს სკოლაში 2000-მდე ბავშვი სწავლობს. ყველა კლასში რომ დავიაროთ და ვითხოვოთ დათასთვის დახმარება, თითო ბავშვმა რომ ერთი ლარი დადოს, 2000 ლარი შეგროვდება.

– გაგიჟდი?! – წამოიძახა ნინიმ, – ჩვენი ქოფაკი დირექტორი ამას არასოდეს დათანხმდება.

– დათანხმდება, – ჯიუტად თქვა მარიტამ, – პირადად შევალ მასთან კაბინეტში და დავითანხმებ. სულ რომ მუხლებზე ფორთხვა მომიწიოს, მაინც დავითანხმებ.

ბავშვებმა მაშინვე დაიწუნეს მარიტას იდეა, რადგან დირექტორი ისეთი ავი იყო, მასთან ურთიერთობას თითქმის ვერავინ ახერხებდა. ფულის აგროვებასთან დაკავშირებით ხომ საერთოდ, არაფრის გაგონება არ უნდოდა. სკოლაში კანონიც კრძალავდა ფულის შეკრებას, რადგან ამ დროს კორუფციის ნიშნები იკვეთებოდა და შეგროვილი თანხის კონტროლი ვერ ხერხდებოდა.

***

– ქალბატონო ლამარა, შეიძლება? – მორიდებით იკითხა მარიტამ და დირექტორის კაბინეტში თავი შეყო.

– მობრძანდით, – ისე გამოეპასუხა დირექტორი, საქაღალდედან თავი არ აუწევია.

– მე მარიტა მახარაძე ვარ, ამ სკოლის მოსწავლე. თქვენთან თხოვნით ვარ მოსული, – მორცხვად დაიწყო საუბარი გოგონამ.

როგორც ჩანს, დირექტორს სიტყვა “თხოვნამ” ყური მოსჭრა და სწრაფად გამოერკვა:

– რაშია საქმე?

– მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლის მოსწავლეს, დათა ნიკურაძეს თავში სიმსივნე აღმოაჩნდა. მე ამ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მსურს მისი დახმარება და ჩემს მოსაზრებას ბევრი იზიარებს. ჩვენ გვინდა მის გადასარჩენად გავერთიანდეთ, კლასებში შევიდეთ და ბავშვებს თითო ლარის მოტანა ვთხოვოთ, რომ…

– არავითარი რომ, – მკაცრად გააწყვეტინა დირექტორმა, – სკოლაში ფულის აგროვება არ შეიძლება, ეს რომ განათლების სამინისტრომ გაიგოს…

– ქალბატონო ლამარა…

– მე საუბარი დავასრულე, – მკაცრად მიუგო დირექტორმა და შეხვედრის დასრულების ნიშნად ფეხზე წამოდგა.

მარიტა ადგილიდან არ განძრეულა, თავი ჩაღუნა და ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა. მან თავისი უფროსი ძმის, დათას სულს პირობა მისცა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა მის სეხნიას გაჭირვებაში არ მიატოვებდა და რითიც შეძლებდა, დაეხმარებოდა.

– ქალბატონო ლამარა, – ისევ დაიწყო საუბარი მარიტამ, – თქვენ ამ სკოლაში ახალი დირექტორი ხართ და არაფერი იცით. გავბედავ და ჩემს ამბავს მოგიყვებით. ჩემს ოჯახს ეს საშინელი გზა არაერთხელ აქვს გავლილი და არავის ვუსურვებ. ჩვენ სიმსივნით სამი ადამიანი დავკარგეთ. ჩემი ძმები სამივე სარკომით გარდაიცვალნენ. ეს ვერაგი დაავადება არც მე ამცდა. თურქეთის გზა გატკეპნილი გვაქვს, ვიცით, ეს რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გთხოვთ, მხარში ამოვუდგეთ დათას, მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ სკოლაში არანაირი კორუფცია არ იქნება, პირადად ვუხელმძღვანელებ ამ საქმეს და პირობას გაძლევთ, რომ თითოეული თეთრი დათა ნიკურაძის გამოჯანმრთელებას მოხმარდება.

– თქვენ არ გესმით გოგონი… – დაიწყო საუბარი დირექტორმა, მაგრამ მარიტამ აღარ დააცადა, ნაოპერაციევი არე მოიშიშვლა, თავიდან პარიკი მოიძრო და დირექტორს თვალებში ჩახედა:

– აი, შეხედეთ, ეს არის ჩვენი ხვედრი, ყველასი, ვისაც სიმსივნის დიაგნოზს დაუსვავენ და კიდევ ღმერთმა იცის, გადავრჩებით თუ არა, დავამარცხებთ თუ არა ამ საშინელებას. მან არც ასაკი იცის, არც დიდი და არც პატარა. გთხოვთ, მოგვეცით ნება, ხელიდან გამოვგლიჯოთ სიკვდილს ეს უცოდველი ბავშვი, რომლის მშობლებიც შესაძლებელია ბოლო კაპიკებს ითვლიან და უსახსორობის გამო შვილის გადარჩენა არ შეუძლიათ.

მარიტამ საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ცრემლები ყელში მოებჯინა, სკამზე დაეშვა და პატარა ბავშვივით აზლუქუდნა.

დირექტორი სიტუაციის ასე გაგრძელებას არ მოელოდა. მოულოდნელობისგან გაშრა და თვითონაც მოწყვეტით დაეშვა სავარძელში.

– მე თავს არ გაცოდებთ, – განაგრძო მარიტამ, როცა სული მოითქვა, – უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ არც თაღლითი ვარ და არც სხვისი უბედურებით მოსარგებლე. მე ის ადამიანი ვარ, ვინც რამდენიმე წლის წინ დათა ნიკურაძის მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიკვდილს თვალებში ჩახედა და მასზე გაიმარჯვა. მე მინდა, რომ…

– კარგით, ყველაფერი გასაგებია, – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დირექტორმა, რადგან ხმაში ბზარი შეეპარა და თითქოს შერცხვა, ამ პატარა გოგომ აცრემლებული არ დამინახოსო, – იმოქმედეთ როგორც გსურთ, მაგრამ იცოდეთ, ამ საქმეში მასწავლებლები არ გარიოთ!

მარიტა დირექტორის კაბინეტიდან ისე გამოვარდა, მისთვის მადლობის თქმაც დაავიწყდა. ოთხივე სართულზე თვითონ მოიარა საკლასო ოთახები, ბავშვებს დეტალურად აუხსნა მდგომარეობა, დათას დახმარებისთვის თითო ლარის გაღება სთხოვა და სახლში მშვიდად დაბრუნდა.

***

დათა უკვე თურქეთში იყო და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ურთულესი ოპერაციისთვის ემზადებოდა. მშობლები მოუთმენლად ელოდნენ ექიმს, რომელსაც ბოლო ცნობები უნდა მიეწოდებინა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ვითარება რთული იყო, მაგრამ არა უიმედო.

– ნუ გეშინიათ, თქვენი ბიჭი კარგად იქნება, – მეგობრულად დაკრა ხელი თურქმა ექიმმა დათას მამას მხარზე, რომელიც კუთხეში სკამზე იჯდა მოკუნტული და ისე მისჩერებოდა მას, როგორც მხსნელს.

ოპერაცია დაიწყო და დაიწყო საშინელი წამებიც. დრო ისე ნელა გადიოდა, რომ ისედაც ნერვიულობისგან გამოფიტულ მშობლებს არაქათს აცლიდა. ოპერაციამ რამდენიმე საათს გასტანა, ექიმი დიდხანს არ გამოჩენილა და ამ ტანჯვის დასასრულს ბოლო არ უჩანდა.

***

მარიტას ინიციატივა მთელმა სკოლამ აიტაცა, ყველამ გამოთქვა დათას დახმარების სურვილი. გოგონა კლასიდან კლასში დაფრინავდა, ძალიან უხაროდა, რომ გარდაცვლილი ძმის სულისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ჩანაფიქრის განხორციელება შეძლო. თითქოს მისი დათა გაცოცხლდაო, ლაღი და ბედნიერი იყო.

– დე, ცუდად ვარ, – მიახალა სახლში მოსულმა მარიტამ დედას და თავის ოთახში შევარდა. შეშინებული დედაც უკან მიყვა. მარიტა მართლა ცუდად იყო, მაგრამ არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, არამედ იმ სიხარულის გამო, რაც მის ინიციატივას მოჰყვა სკოლაში – გოგონას ჩანთაში სკოლის მიერ შემოწირულობით შეგროვილი სოლიდური თანხა ედო და სწორედ ამ ბედნიერების შეგრძნება ხდიდა ცუდად.