7 იანვარი, 2016

ისტორია, რომელიც სიმართლეზე მეტია

1sami-xeსამი ხე ერთმანეთის გვერდით იდგა და საკუთარ ოცნებებზე ხმამაღლა საუბრობდა.

პირველმა ხემ თქვა:

“მინდა, ჩემგან სკივრი დაამზადონ, რომელშიც ოქროულობას და ძვირფასეულობას შეინახავენ. ასე ყველა დაინახავს ჩემს სილამაზეს.”

მეორე ხემ თქვა:

“მინდა, ჩემგან გემი დაამზადონ, რომ მეფეები და დედოფლები დედამიწის გარშემო ვამოგზაურო.”

მესამე ხემ თქვა:

“მე მინდა, ყველაზე დიდი ხე გავხდე ტყეში. ადამიანები ჩემს დანახვაზე გაოცდებიან, იფიქრებენ ჩემს სიახლოვეზე ცასთან და დავამახსოვრდები, როგორც ყველაზე ბუმბერაზი ხე მსოფლიოში.”

წლების განმავლობაში ლოცულობდნენ ხეები, რომ მათი სურვილები ასრულებულიყო.

ერთხელაც, ხეებთან ხისმჭრელები მივიდნენ. პირველ ხეს გაუხარდა, როდესაც ის მოჭრეს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მისგან სკივრს დაამზადებდნენ და იქ შენახულ ძვირფასეულობას ათასობით მნახველი ეყოლებოდა.

მეორე ხესაც გაუხარდა, როდესაც მოჭრეს, რადგან მასაც სჯეროდა, რომ მისგან გემს გააკეთებდნენ და მისი შთამბეჭდავი საზღვაო კარიერაც დაიწყებოდა.

როდესაც მესამე ხეს მიადგნენ, მას შეეშინდა, მიხვდა, რომ თუ მოჭრიდნენ, მისი სურვილი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ხე გამხდარიყო, არ ასრულდებოდა. ერთ-ერთმა ხისმჭრელმა თქვა: “არ მჭირდება განსაკუთრებული ხე, ამიტომაც ამას მოვჭრი,” და მოჭრა.

პირველი ხისგან დურგალმა ცხოველებისთვის ბაგა დაამზადა, ბოსელში დადგა და მასში თივა ჩაყარა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის, რაზეც პირველი ხე მოჭრამდე ოცნებობდა.

მეორე ხისგან პატარა სათევზაო ნავი დაამზადეს, რითაც მისი გეგმები, ეტარებინა მეფეები და დედოფლები მსოფლიოს გარშემო, ჩაიშალა.

მესამე ხე კი სიგრძეზე დახერხეს და ბნელ კუთხეში მიაგდეს.

გავიდა წლები. ხეებს თავისი ოცნებები დაავიწყდათ.

ერთხელაც ცხოველების სადგომში ქალი და მამაკაცი მივიდნენ, ქალმა ბიჭი გააჩინა და ბაგაში ჩააწვინა. მამაკაცს უნდოდა ჩვილისთვის აკვანი ეჩუქებინა, მაგრამ ბაგა მისთვის ზედგამოჭრილი იყო.

მაშინ პირველი ხე მიხვდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის არსს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო – ის კაცობრიობის ყველაზე ძვირფას განძს იკრავდა გულში.

წლების შემდეგ, მამაკაცთა ჯგუფი ჩასხდა სათევზაო ნავში, რომელიც მეორე ხისგან იყო გაკეთებული. ერთ-ერთი მათგანი დაღლილი იყო და ჩაეძინა. ამოვარდა საშინელი ქარი, დაიწყო შტორმი. ხეს შეეშინდა, რადგან ის არ იყო იმდენად მყარი, რომ თავისი ეკიპაჟი უვნებლად გაეყვანა ნაპირზე. მამაკაცებმა მძინარე ადამიანი გააღვიძეს, ისიც ადგა და ქარს უბრძანა: “შეჩერდი!” და ქარიც ჩადგა.

მაშინ მეორე ხე მიხვდა, რომ მან კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი ატარა.

გავიდა დრო და ვიღაცამ ბნელ კუთხეში მიგდებული ხის ძებნა დაიწყო. მისგან ჯვარი გააკეთეს, მამაკაცს ზურგზე დაადეს და ქუჩებში ატარეს. ადამიანები მას ამცირებდნენ, დასცინოდნენ… მამაკაცმა ჯვარი გოლგოთაზე აიტანა, ის ამ ჯვარზე გააკრეს და მთის წვერზე აღმართეს.

როცა კვირა გათენდა, ხე მიხვდა, რომ ის საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, რადგან მთის წვერზე მყარად იდგა და მასზე იყო მილურსმული მეფეთა მეფე!

სამივე ხემ მიიღო ის, რაზეც ოცნებოდნენ, მაგრამ არა ისე, როგორც თავად წარმოედგინათ…
ჩვენ არასოდეს ვიცით, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, რადგან შეუცნობელია გზანი უფლისანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდა და მის ნებას მივენდოთ.”

“არტინფო” გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! თითოეულის გულებში იშვას ქრისტე და მისი უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული!