30 იანვარი, 2016

ვერიკო ანჯაფარიძის გზავნილი მომავალ მსახიობებს

1verikoქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ვერიკო ანჯაფარიძე სიცოცხლის ბოლომდე თავისი საქმის ერთგული დარჩა. მისი შვილი, ასევე მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ხშირად აღნიშნავდა, თეატრი საშინლად არ მიყვარდა, იმიტომ რომ მან დედა წამართვაო, თუმცა წლების შემდეგ ისტორია განმეორდა და თვითონაც პროფესიად მსახიობობა აირჩია.

როდესაც ვერიკო ანჯაფარიძემ თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გამართულ საზეიმო შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა:

„თქვენ ფეხზე ადექით, რატომ? თუმცა, ვიცი, რატომ და სწორია რომ ადექით. თქვენ… ადექით იმიტომ, რომ მე 88 წლის ვარ და აქ ვდგავარ, თქვენს წინაშე, მაგრად ვდგავარ და ეს ფეხზე მაგრად დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაა, რომლის წყაროც, საწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრია.

მე არასოდეს არ მქონია თეატრისაგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი…

თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან. არც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვას, ისეთ, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც – თეატრი.

მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი… ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა.

და, ამასთან ერთად, არცერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც თეატრი, იმიტომ რომ თეატრი, თქვენი საკუთარი ერთადერთი სიცოცხლის ნაცვლად, ათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთ. თეატრი მოგანიჭებთ უნარს, ათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრება, ათას ქვეყანაში, ათას ეპოქაში, ათასი სახით…

მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდას, რომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ცხოვრებისეულს, ბედნიერებას, რომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდები: ყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარი, სასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელი სასწაულისთვის.
და აი, მე, ამ უძნელესი და უბედნიერესი გზის ბოლოს მდგომი, დღეს გზას გილოცავთ თქვენ, ახალფეხშემოდგმულთ“.

ვერიკო ანჯაფარიძის ეს სიტყვები თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გზავნილია მომავალი მსახიობებისადმი, რომელიც კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...