გურამ რჩეულიშვილის საბედისწერო წინათგრძნობა

14 იანვარი, 2016

1guram-rcheulishviliმწერალი გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულმა შემთხვევამ 26 წლის ასაკში იმსხვერპლა. გაგრაში დასახრჩობად განწირული ადამიანების გადარჩენა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

გურამ რჩეულიშვილის ბავშვობის მეგობარი ნუგზარ წერეთელი, რომელიც შემდეგ მისი პირველი ბიოგრაფი გახდა, ხშირად იხსენებდა მწერლის საბედისწერო წინათგრძნობას. ის მეგობარს ხშირად ეუბნებოდა, გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო:

„ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუპასუხე, შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“. მაშინ ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო“.

ნუგზარ წერეთელი ხშირად იხსენებდა ისტორიებს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობრის უდიდეს ჰუმანურობას უსვამდა ხაზს:

“გურამს ძალიან უყვარდა „ბათინკები“, გიჟდებოდა. ერთხელ მშობლებმა ოცდაათი მანეთი მისცეს „ბათინკების“ საყიდლად. ფეხით მივდივართ ვერიდან ორთაჭალაში, რუსთაველზე „ბათინკები“ უნდა ვიყიდოთ. პირველი სკოლის წინ გრძელი უნივერმაღი იყო. უნივერმაღთან მათხოვარი ქალი იჯდა სამი ბავშვით. ოდნავ ჩავუარეთ და გურამი გაჩერდა. მერე უცებ მოტრიალდა, ეტყობა, გადაწყვიტა, დახმარებოდა, ამოიღო ჯიბიდან ეს ოცდაათი მანეთი, რომელიც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო და ქილაში ჩაუდო… თვითონ კი კიდევ ექვსი თვე იარა დაკერებული ფეხსაცმელებით“.

“ერთხელ, მივდივართ ელბაქიძის დაღმართიდან პლეხანოვისკენ სასადილოში ხინკლის საჭმელად, ბუნებრივია, ლექციების შემდეგ. ვართ ძალიან მშივრები, სულ გვაქვს 25 მანეთი. შეამჩნია, რომ იქვე, კუთხეში, მოხუცი ქალი ზის და იქაც იგივე დაემართა. ეტყობა, ცუდად გახდა, ადამიანი ასეთ დღეში რომ დაინახა, ამოიღო მთელი ჩვენი ფული და მისცა…“

გურამ რჩეულიშვილი რომანტიკულობითაც გამოირჩეოდა და სიყვარულშიც საოცრად ერთგული იყო. მას პირველად მესამე კურსზე შეუყვარდა. მისი რჩეული მზია ჩაჩავა იყო.

ნუგზარ წერეთელი მწერლის სიყვარულს ასე იხსენებდა:

“მზია ჩაჩავა ძალიან ლამაზი და კარგი გოგო იყო, მაგრამ მაშინ ჩვენ ცელქი, „აცვენილი“ ბიჭები ვიყავით. ალბათ, მზიამ იფიქრა, ამას როგორ გავყვეო და გათხოვდა. ისე მოხდა, რომ მზიას გათხოვების ამბავი სრულიად მოულოდნელად გავიგეთ. მზიას გურამისთვის ტიციან ტაბიძის წიგნი უთხოვებია. დილით ადრე ქალაქგარეთ მიდის და მანამდე უნდა მივუტანოო და დილის 6 საათზე, როცა ირიჟრაჟა, გურამი და მე უკვე ბაქრაძის ქუჩის კუთხეში ვიჯექით. მზია იქვე ახლოს ცხოვრობდა და უნდა ჩამოევლო. გახდა 11-12 საათი და მზია არ ჩანს. გურამმა მითხრა, მიდი, ნახე და ჰკითხე, რა მოხდაო. ავედი და გავიგე, რომ მზია გათხოვდა. მახსოვს, ეს რომ ვუთხარი, გურამი როგორც ქაღალდი, ისე გათეთრდა, ეს გოგო მთელი ცხოვრება უყვარდა“.

მოგვიანებით მწერალს ტრაგიკულად დაღუპული გურამ თიკანაძის და რუსუდანი შეუყვარდა. დიდი ხნის ფიქრის მან გურამთან შეხვედრა და დალაპარაკება გადაწყვიტა:

“გურამი სახლში დაგვხვდა, თავის ოთახში მიგვიპატიჟა. სასმელიც შემოიტანა. ცოტა ხანს ვისხედით, ვსაუბრობდით, საუბარი მაინც თითქოს დაძაბული და არაბუნებრივი გამოგვდიოდა. ამასობაში გურამმა დაძლია თავისი შინაგანი მღელვარება და დინჯად, ვაჟკაცურად უთხრა, რაშიც იყოს საქმე. გურამი ცოტა დაიბნა, ერთხანს ჩაფიქრებული და გაჩუმებული იჯდა, საერთოდ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. როგორც ჩანს, გურამის უშუალობამ და პირდაპირობამ მოინადირა მისი გული. მერე გურამმა გვთხოვა, სადმე ერთად ვივახშმოთო. რესტორან „თბილისში“ შევედით. ეს რესტორანი იმ შორეულ წლებში თითქოს ყველაზე სახელგანთქმული იყო. შემოვუსხედით ყველა ჩვენგანისთვის, ალბათ უჩვეულო სუფრას. თამადაც ავირჩიეთ. გურამ თიკანაძემ თქვა: ვნახოთ, რა იქნება, მომავალი გვიჩვენებსო. გვიან ღამით დავიშალეთ. გურამის გატაცება გრძელდებოდა… ორი წლის შემდეგ ნელ-ნელა დაშორდნენ. იმის გამო კი არა, რომ არ უყვარდა, იმდენი სამუშაო ჰქონდა, გრძნობდა, რომ ოჯახი ხელს შეუშლიდა წერაში. დღე და ღამ წერდა“.

გურამ რჩეულიშვილის უკანასკნელი სიყვარული მისი მეუღლე ირინა ბეგიშვილი გახდა, რომელმაც ერთადერთი გოგონა ია აჩუქა. როდესაც გურამი დაიღუპა, ია ათი თვის იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გაგრაში დასასვენებლად მყოფი მწერალი დასახრჩობად განწირული რუსი ქალიშვილის გადარჩენას შეეწირა, მაგრამ ნუგზარ წერეთლის მტკიცებით, გურამმა რუსი ქალიშვილი გადაარჩინა და ზღვაში სამი მამაკაცის გადასარჩენად შებრუნდა:

“რუსი გოგონა უფრო ნაპირისკენ იყო და ის უცებ გამოაგდო. სამი კაცი იყო ამ დროს ზღვაში – ორი რუსი და ერთი ქართველი. დიდი ტალღა რომ წამოვიდა, გურამმა რაღაც მომენტში გაიძრო ტანსაცმელი და ტალღას შეჰყვა. შეეძლო გადარჩენა, მაგრამ სიკვდილს ეთამაშებოდა და ეგონა, გაიტანდა თავისას, როგორც ალავერდში. შეეძლო, ვერტმფრენი რომ მოვიდა და კიბე ჩამოუშვა, თვითონ ასულიყო, მაგრამ ჯერ ერთი აუშვა და მოეხმარა, მერე მეორე აიყვანა, მესამე და თვითონ რომ ავიდა, მაშინ გაწყდა თოკი. მე არ დავბერდებიო, ამბობდა და მართლაც არ დაბერდა. 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩა“.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მწერალმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა დაწერა, რომელსაც „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ“ უწოდა, სადაც ის წერდა, ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა…

„მთებში დავდივარ – ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ – ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა?“ – ამბობდა საკუთარ თავზე გურამ რჩეულიშვილი.

გააზიარეთ

 
...