17 იანვარი, 2016

ბედნიერების უმარტივესი ფორმულა

1bednierebis-umartivesi-formulaXXI საუკუნეში გაბატონებულმა ტექნოლოგიებმა ადამიანები სულ უფრო დააშორა წიგნსა და აზროვნებას. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, ვისთვისაც სიახლეების გაცნობა, კითხვა, მსჯელობა, კამათი, სხვათა აზრების მოსმენა და გაანალიზება ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.

დღევანდელი ადამიანებისთვის სტრესი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, მძიმე სოციალური ფონი თუ ყოველდღიური პრობლემები ჩვენს ყოფას კიდევ უფრო რთულს ხდის.

“არტინფო” გთავაზობთ ბედნიერების უმარტივეს ფორმულას – ისტორიას, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში და გასწავლით, როგორ მოახდინოთ კონცენტრაცია მხოლოდ დადებითზე.

***

ფსიქოლოგიის ლექციაზე საუბარი სტუდენტებსა და პროფესორს შორის ცხოვრებისეულ სირთულეებს შეეხო. პროფესორმა გადაწყვიტა თავის სტუდენტებთან ერთად ეს საკითხი ყველაზე მარტივი მაგალითით გადაეწყვიტა. მან წყლიანი ჭიქა ხელში აიღო, წინ გაიშვირა და სტუდენტებს მიმართა:

– როგორ გგონიათ, რამდენს იწონის ჭიქა?

– 200 გრამს, 300 გრამს, 400 გრამს, – იყო პასუხები.

– ჩვენს შემთხვევაში ჭიქის წონას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – უპასუხა სტუდენტებს პროფესორმა, – მაინტერესებს რა მოხდება, თუ ჭიქა ასე 1 წუთის განმავლობაში მეჭირება?

– არც არაფერი, – უპასუხეს სტუდენტებმა.

– თუ 5 წუთი მეჭირება?

– მაშინ თქვენ ხელი დაგეღლებათ.

– თუ მთელი დღე მეჭირება?

– ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

– შეიცვლება ჭიქის წონა, თუ ის მთელი დღის განმავლობაში ასე მეჭირება?

– რა თქმა უნდა, არა.

– მაშ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ხელი არ დამეღალოს?

– ჭიქა მაგიდაზე უნდა დადგათ, – ერთხმად სიცილით უპასუხეს სტუდენტებმა.

– აბსოლუტურად მართალია, – განაცხადა პროფესორმა, – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს მიჭირავს ხელში ჭიქა. თუ მხოლოდ ერთი წუთით, ეს პრობლემა არაა, მაგრამ თუ ერთი საათი ან მთელი დღე დავიჭერ, ის ჩემთვის უფრო დამძიმდება. ასევეა დარდი და სტრესი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში – ისინი ამ წყლით სავსე ჭიქას ჰგვანან. თუ მათზე ცოტას იფიქრებთ, მალე დაგავიწყდებათ და არაფერიც არ მოხდება, თუ მათზე დიდხანს იფიქრებთ, სულ გემახსოვრებათ და ტკივილსაც მოგაყენებენ, თანაც სულ უფრო ცუდად იგრძნობთ თავს. სტრესსა და დარდზე ფიქრით კი აბსოლუტურად დაკარგავთ საღი აზროვნებისა და მოქმედების უნარს.

პრობლემის გადაწყვეტა მოქმედებაშია – ან მის გადაჭრაზე ვფიქრობთ, ან მასზე ფიქრს საერთოდ ვანებებთ თავს.

არ ღირს მთელი ცხოვრება დავიმძიმოთ სული სტრესით და პრობლემებით, ამიტომ გათავისუფლდით სტრესისგან და არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება!