6 დეკემბერი, 2015

ღალიის მონასტრის უნიკალური არტეფაქტები თბილისშია

1galiis-monastris-eqsopatebiკუნძულ კვიპროსზე მდებარე ღალიის X-XVI საუკუნით დათარიღებული ქართული მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები თბილისში ჩამოიტანეს და მათი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მინა, ლითონისა და ძვლის მასალა, კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, მონეტები სამი კვირის განმავლობაში იქნება საჯარო.

ღალიის მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინეს, თუმცა სისტემატური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისა და მიწისაგან მთლიანად გაწმენდილი, გამაგრებული და კონსერვირებულია. კომპლექსის აღდგენილი ნაწილი კვიპროსის ტურისტულ რუკაზე დაფიქსირებულია, როგორც უძველესი ქართული ძეგლი და კუნძულ კვიპროსის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი.

სამონასტრო კომპლექსი კუნძულ კვიპროსის დასავლეთ ნაწილში, პაფოსის რეგიონის ქალაქ პოლისთან მდებარეობს. ცნობები მონასტრის შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებშია დაცული. ღალიაზე განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ქართველთა მონასტერმა X საუკუნის მეორე ნახევრიდან XVI საუკუნის 70-იან წლებამდე იარსება. გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტები დაცულია ქალაქ პოლისის არქეოლოგიის მუზეუმში.

ღალიის მონასტრის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისა და ბერთა განსასვენებლის საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა, გადახურვა შეიცვალა თანამედროვე მსუბუქი კონსტრუქციის სახურავით, კვიპროსის რესპუბლიკაში არქეოლოგიური დაზვერვები და ინვენტარიზაცია განხორციელდა, ჩატარდა ღალიის სამონასტრო კომპლექსის სრული ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური აზომვა და წმ. ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის ტაძრების, როგორც არქიტექტურის, ისე მხატვრობის, 3D სკანირება.

გასულ წლებში ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური კამპანიის შედეგად, მიწისა და ნანგრევებისგან გაიწმინდა მონასტრის ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი, წმინდა გიორგის სამლოცველო, წყლის რეზერვუარი, ამ კომპლექსიდან მოშორებით მდებარე ბერ-მონაზონთა საძვალე და მასზე აღმართული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, მარტოდმყოფელი ბერის სენაკი და სამონასტრო წისქვილი. ღალიის ქართველთა მონასტერი უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს შორის ყველაზე სრულადაა შესწავლილი.

მომავალი წლიდან დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრების ახალი ეტაპის დაწყება, რადგან მეცნიერთა ჯგუფის ვარაუდით, შესაძლოა მონასტრის ტერიტორიაზე კიდევ აღმოჩნდეს არტეფაქტები.