1 დეკემბერი, 2015

სულ სხვა გუგული მგელაძე

1guguli“შავ-თეთრი გახდა ჩვენი ცხოვრება,
და ვეღარ ვიღებთ სანუკვარ ფილმებს.
აპარატს ტენი ფერადი ფირით,
ის კი ჯიუტად შავ-თეთრად იღებს”…

ეს გუგული მგელაძის ლექსია. წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილმების გადაღებებს თავი დაანება. ამბობდა, მე რომ ფილმის გადასაღებად ფული მოვითხოვო, სინდისი არ მაძლევს ამის საშუალებას, მირჩევნია ჩემს შვილს ან შვილიშვილს მისცენ ფული და მათ გადაიღონ ფილმებიო. ოჯახში სამი რეჟისორი ცხოვრობდა – გუგული, გიო და ლუკა მგელაძეები.

“არტინფო” გუგული მგელაძის სევდით, ტკივილით, მაგრამ მაინც ოპტიმისტური შემართებით სავსე ცხოვრებას გაგაცნობთ.

***

ყველაფერი რეჟისორის მამის დაპატიმრებით დაიწყო. მისი მამა ავად იყო, საწოლში იწვა, როდესაც ჩეკისტები ესტუმრნენ, დაკითხეს და წაიყვანეს. “მალე დავბრუნდებიო”, დაუბარა მეუღლესა და სამ შვილს, მაგრამ მას უმაღლესი სასჯელი მიაკუთვნეს და დახვრიტეს.

რეჟისორის აზრით, საბჭოთა რეჟიმმა მისი მამის მიმართ უნდობლობა ბელგიაში მიღებული განათლების გამო დაიმსახურა. დედა ხეიბარი ჰყავდა, მაგრამ სამ შვილს მოვლა და გაზრდა სჭირდებოდა, ამიტომ ორ სამსახურში მუშაობდა, როგორც კი დროს იპოვნიდა, ბაზარს მოირბენდა, სურსათ-სანოვაგეს იყიდიდა, ოჯახში შეირბენდა, შვილებს დააპურებდა და ისევ სამსახურში ბრუნდებოდა:

“დედა ყოველ ღამე იდგა ძერჟინსკის ქუჩაზე, შინსახკომის კარებთან და ცდილობდა ამანათი გადაეცა მამისთვის. დიდხანს დაჰქონდა დედას ამანათი, მამა კი, უკვე დახვრეტილი იყო. 10 წლის ვიყავი და ისიც მახსოვს ტანსაცმელს სანოვაგეზე რომ ვცვლიდით.

ერთ დღეს კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

– სალომე ბიძინას ასული თქვენ ხართ? – ჰკითხა დედას ერთმა კაცმა.

– ილიას ასული! – გაუსწორა შემკრთალმა დედამ.

– აი, თქვენი დაპატიმრების ორდერი. დაპატიმრებული ხართ, უნდა წამოხვიდეთ.

დედამ შემოგვხედა და მუხლები ჩაეკეცა. წავიდა და აღარც დაბრუნებულა. ჩვენ კი სულ ველოდით. ყოველ ფხაკუნზე გული გვისკდებოდა.”

***

დედას სურდა ექიმი შვილი ჰყოლოდა, მისგან დაუკითხავად შეიტანა საბუთები სამედიცინოზე, რადგან ეს თავად შვილს არ სურდა. როდესაც პირველ გამოცდაზევე ჩაიჭრა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაშინვე მოსკოვში წავიდა და ვგიკში გადაწყვიტა გამოცდების ჩაბარება. სომეხი გამომცდელი შეხვდა, რომელმაც ქართული აქცენტის გამო დაიწუნა, მაგრამ კინორეჟისორის მოსწრებულმა პასუხმა ყველაფერი შეცვალა – აბა, სტალინს სომხური აქცენტი ჰქონდაო, შეეშინდა გამომცდელს და გუგული მგელაძე ვგიკის სტუდენტი გახდა. ამ ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. პირველი კურსის მერე გააგდეს. სამშობლოში დაბრუნების შერცხვა, ამიტომაც რამდენიმე თვის განმავლობაში სადგურში და ფოსტაში ცხოვრობდა. როცა გამოცდაზე მეორედ გავიდა, გამომცდელებს ლერმონტოვის “სმერტ პოეტა” წაუკითხა და სწავლის გაგრძელების უფლებაც მოიპოვა.

***

რეჟისორის კინოსთან შეხება უცნაურად დაიწყო. გუგული მგელაძე ქუჩაში ქალმა გააჩერა, ასაკი ჰკითხა და დაინტერესდა, უნდოდა თუ არა კინოში გადაღება. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ქალმა მომავალი კინორეჟისორი სტუდიაში დაიბარა. იმ პერიოდში “გიორგი სააკაძის” გადაღებები უნდა დაწყებულიყო და მსახიობებს არჩევდნენ. სრულიად გამოუცდელი ბიჭი პირველად მოხვდა კინოს სამზარეულოში. მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ხორავა პირველად სწორედ იქ ნახა. მიხეილ ჭიაურელმა შეხედა თუ არა მას, ყოველგვარი სინჯების გარეშე დაამტკიცა ავთანდილის როლზე და ჯამაგირიც დაუნიშნა.

ფილმის გადაღებებისას პირველი სცენა იყო გიორგი სააკაძეზე თავადაზნაურობის თავდასხმა. ახალბედა მსახიობი არაფერს განიცდიდა. ვერიკო ანჯაფარიძეს ერთი ხელი მასზე ჰქონდა ჩაკიდებული, მეორე მერაბ კოკოჩაშვილზე, რომელიც პატარა პაატას როლს თამაშობდა. ენთო ჩირაღდანი და მსახიობები დარბოდნენ. მიხეილ ჭიაურელმა უთხრა, ყოჩაღ, რა კარგად განიცდი და როგორ ზუსტად თამაშობო. როცა გიორგი სააკაძე განიდევნა, ისხდა მთელი ოჯახი ქვებზე, წინ უდაბნო იყო და გიორგი ეუბნებოდა მეუღლეს: რუსუდან, არ გაშინებს შენ ეს გზაო?.. მაშინ კი ისე განიცადა გუგული მგელაძემ, თითქოს მართლა მიდიოდა და ტოვებდა ყველას. უცებ მიხეილ ჭიაურელმა უთხრა, შენ არ გეხება, რაც ხდება? რატომ არ განიცდიო! სწორედ მაშინ მიხვდა მომავალი რეჟისორი, რომ მარტო განცდა კი არა, გამოხატვა იყო მთავარი.

გუგული მგელაძეს პირველი ჯამაგირი 750 მანეთი მისცეს. პირველი, რაც გააკეთა, დედას კაბა უყიდა:

“ძალიან გაუხარდა, ბოლო დღემდე იმ კაბით დადიოდა. დედაჩემის სუნიც მახსოვს… ხშირად ვფიქრობ ხოლმე მასზე. მბეჭდავ-მემანქანე იყო. მიკვირს, რამდენს ახერხებდა ეს პატარა ქალი იმ მძიმე ხანაში… ნათქვამია, კაცი ცოცხლობს სანამ იგონებენ, სანამ ახსოვთ, სანამ ის არსებობს სხვებში.”

***

გარდატეხის პერიოდი მისთვისაც ისეთივე რთული და მძიმე აღმოჩნდა, როგორც უმრავლესობისთვის. 15-16 წლის ასაკში თამაში დაიწყო. ფულის თამაში – ასე ერქვა გასართობს, რომლის დროსაც ფულის ნომრის გამოცნობის შემთხვევაში, ფული შენი ხდებოდა. ყომარი, ზარი მისთვის უცხო არ იყო, უფრო მოგვიანებით კი პოკერის თამაშიც დაიწყო. წაგებული ფულის გადასახდელად პურის წიგნაკის გაყიდვაც კი მოუწია. რეჟისორს ძველბიჭობაც მოსწონდა. მაგრამ მაშინდელი ძველბიჭობა ახლადნელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მზად იყო ყველაფერი დაებრალებინა, ოღონდ ვინმეს მასზე ეთქვა, ძველი ბიჭიაო.

რეჟისორი ხშირად იხსენებდა ერთ შემთხვევას, რომელიც მისი სკოლის დირექტორთან იყო დაკავშირებული:

“მეცხრე კლასიდან პირველ საშუალო სკოლა-გიმნაზიაში ვსწავლობდი. დერეფანში მოწაფეები ერთმანეთს ახტებოდნენ ზურგზე, შეძახილით „ვირი მაჩვენე!“ და მანამ არ ჩამოვიდოდნენ, სანამ ვინმე გამვლელს არ დაეწეოდნენ და ხელს არ დაარტყამდნენ ზურგზე, აი, ვირიო! ერთხელ, მეც ასე გავაკეთე, ერთ მოწაფეს ყვირილით ზურგზე შევახტი. თავი ჩემკენ რომ შემოატრიალა, გავშტერდი, ეს „მოწაფე“ გახლდათ ჩვენი სკოლის დირექტორი – მეტსახელად პეშკა!

– ვინ გაჩვენო? – მკითხა.

– ვირი, პატივცემულო მასწავლებელო-მეთქი.

„პეშკამ“ ზურგიდან ჩამომაგდო და ერთი კარგი პანჩურიც ამომკრა.”

***

ამ პერიოდმაც გაიარა და გრიბოედოვის ქუჩაზე შეკრება დაიწყეს თენგიზ ალავერდაშვილთან გუგული მაღრაძემ, კოტე მახარაძემ, თენგიზ გოდერძიშვილმა, ნოდარ ჯამბერიძემ, კითხულობდნენ მაიაკოვსკის, უკრავდნენ ფორტეპიანოზე, მღეროდნენ და ხარობდნენ სიცოცხლით. სწორედ ამ მეგობრებს მიუძღვნა ფილმი რეჟისორმა “არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ!”

***

რეჟისორისთვის ფილმის გადაღებები ერთი დიდი სიამოვნება და სიხარული იყო. მისი პირველი ფილმი “ბურთი და მოედანი” სერიოზულად არც კი მიიღეს, მაგრამ ფილმმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაძლო და მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. იპოლიტე ხვიჩია მაშინ ქუთაისის თეატრში თამაშობდა და ცნობილი სახე არ იყო. ამ ფილმს მოყვა რეჟისორის ცნობილი ფილმები “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ფესვები”…

***

კინორეჟისორის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ფილმში “სინათლე ჩვენს ფანჯრებში” მთავარი გმირის როლზე ორი მსახიობის კანდიდატურა განიხილებოდა – ეროსი მანჯგალაძის და დოდო აბაშიძის. ორივე გასინჯეს, მაგრამ ეროსიმ რომ გაიგო, დოდოც ამ როლისთვის იყო შერჩეული, უარი გვითხრა. მეგობრები იყვნენ და არ უნდოდა, დოდოს როლში შესცილებოდა. დოდო აბაშიძემ მართლაც კარგად ითამაშა ადექსანდრეს როლი და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
ფილმის გადაღებები სოხუმში მიმდინარეობდა. ერთ დღეს რეჟისორი და დოდო აბაშიძე ზღვაზე გავიდნენ. დოდომ ეს აბობოქრებული ტალღები რომ დაინახა, ტანზე გაიხადა და წყალში შევარდა. რეჟისორიც უკან მიყვა. დოდო უკან მშვიდობით გამოვიდა, რეჟისორი კი ტალღებმა გაიტაცეს და ძლივს გადარჩა.

მეორედ ზღვაში გუგული მგელაძემ, დოდო აბაშიძემ და ლიანა ასათიანმა შეცურეს. დოდო ძალიან კარგად ცურავდა, გუგულიც ნორმალურად, მაგრამ ისე ღრმად შევიდნენ ზღვაში, რომ მოიხედეს, ნაპირი აღარ ჩანდა. რეჟისორს შეეშინდა, მაგრამ ემოციებისგან თავი შეიკავა, ლიანა ასათიანს ხომ არ შეაშინებდა. დოდოსთვის უთქვამს, უკან მივბრუნდეთ, გადაღებისთვის უნდა მოვემზადო, შენც წამოდი, ხომ იცი, გუშინდელი ნაქეიფარი ვარ და შენი იმედი მაქვსო. დოდოს კი ღიმილით უპასუხია, საკუთარი თავის იმედი მე არ მაქვს და შენც ნუ გექნება ჩემი იმედიო.

***

რეჟისორის ბოლო ფილმი იყო “გაჭედილები”, რომელიც საკუთარი ხარჯებით და მეგობრების დახმარებით გადაიღო:

“გაჭედილები” ჩემი ხარჯებით და კეთილი ადამიანების დახმარებით გადავიღეთ. გივი სიხარულიძე ძალიან მეხმარებოდა. კუს ტბაზე სავარჯიშოდ ერთად დავდიოდით ხოლმე. ხომ იცით, გივი როგორი აქტიურია. ჰოდა, ამ სირბილ–სირბილში მეტყოდა, აი, იქით რომ კაცი მირბის, ის ფულიანი ჩანსო. მივირბენდით მასთან, ფილმიდან რომელიმე ეპიზოდს მოვუყვებოდით და თუ გაეცინებოდა, ფულს ვართმევდით. ასე შევაგროვეთ გადაღებისთვის საჭირო თანხა.”

***

გუგული მგელაძის პირველი სიყვარული ნინა კრაჩკოვსკაია იყო. მისი ფოტო რეჟისორს სახლში კედელზე ეკიდა და სიზმარშიც ხშირად ნახულობდა. როდესაც მომავალი მეუღლე გაიცნო, იცოდა, რომ პავლე ინგოროყვას ქალიშვილი იყო, მაგრამ თვითონ ინგოროყვა ვინ იყო, ეს კი არ იცოდა.

გუგული მგელაძის ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა, მისი შვილი გიო ავტოავარიაში მოყვა ცოლ-შვილთან ერთად. კინორეჟისორს რძალი დაეღუპა, მეორე დღეს კი მეუღლე გულის შეტევით. მაშინ კინორეჟისორს ურჩიეს, ილოცეო, ისიც ლოცულობდა როგორც შეეძლო, მაგრამ ეკლესიაში მისვლა მაინც ვერ შეძლო.

***

ასაკის მიუხედავად, ის წერდა სცენარებს, სურდა გადაღებები დაეწყო, არ ნებდებოდა ასაკს და მიაჩნდა, რომ 100 წლის იუბილესაც ასე მხნედ შეხვდებოდა, მაგრამ…

გუგული მგელაძეს ხუთშაბათს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.