14 დეკემბერი, 2015

კოტე დაუშვილი – თეატრიდან გაგდებული გენიალური ციციკორე

1kote-daushviliკოტე დაუშვილი – ეს სახელი და გვარი ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

“ნატვრის ხე”, “ვინ შეკაზმავს ცხენს?”, “ზღვის შვილები”, “ხევსურული ბალადა”, “შეხვედრა მთაში”, – ეს იმ ფილმების არასრული სიაა, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო. მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი ციციკორეა “ნატვრის ხიდან”. თვითონ არასდროს უყურებდა ფილმებს, სადაც მონაწილეობდა, რადგან საკუთარი თავი ეკრანზე არასოდეს მოსწონდა.

სამართლიანი, ალალი, მიმნდობი და ბავშვივით გულუყრყვილო – ასეთი იყო მსახიობი. მოჭიდავეს ძალაც ერჩოდა და ჩხუბშიც ხშირად მონაწილეობდა. სწორედ ერთ-ერთი ჩხუბის კვალი ეტყობოდა სახეზე – ერთ-ერთი ჩხუბის დროს წარბი გაუტეხავს და ეს დაღი მას მთელი ცხოვრება ამ უსიამოვნო შემთხვევას ახსენებდა.

მსახიობი ბაქოში დაიბადა, თბილისში გაიზარდა და აქ ეზიარა კინოსა და თეატრის ჯადოსნურ სამყაროს. მისი შვილი უკვე წლებია საქართველოდან წასულია და გერმანიაში ცხოვრობს.

კოტე დაუშვილი ხელოვნების მიმართ ინტერესს ბავშვობიდან ავლენდა და დასთან ერთად მხატვრობით იყო გატაცებული. საბოლოოდ მისი და ამ პროფესიას გაჰყვა, სხვადასხვა გამომცემლობებში წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა, კოტემ კი მსახიობობა გადაწყვიტა.

მსახიობობა პირველი სკოლაში სცადა, სადაც დრამწრეში დადიოდა. 18 წლის იყო, როცა სხვადასხვა სპექტაკლებში იწვევდნენ და ისიც უდიდესი სიამოვნებით თამაშობდა. პირველი თეატრი, სადაც მისი სამსახიობო ნათლობა შედგა, წითელი არმიის ქართული თეატრი იყო. სამი წლის განმავლობაში მან დაუვიწყარი დღეები გაატარა და უდიდესი გამოცდილება შეიძინა. პირველი პროფესიული სკოლა კოტე დაუშვილმა რეჟისორ შოთა მანაგაძესთან გაიარა, რომელიც წითელი არმიის ქართული თეატრის ხელმძღვანელი იყო.

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობი სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მოხვდა. თეატრის ერთ-ერთი ვარსკვლავი უშანგი ჩხეიძე ავად გახდა და ის სხვადასხვა სპექტაკლებში კოლეგებმა შეცვალეს. დუბლიორ მსახიობთა შორის აღმოჩნდა კოტე დაუშვილიც. ამ თეატრში მსახიობი პირადად კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია და რამდენიმე წელი იქ იმუშავა.

თეატრთან ერთად მსახიობის ცხოვრებაში კინოც შემოიჭრა. მისი პირველი სადებიუტო ფილმი იყო “უდაბნო”, რასაც მოყვა მაყურებლისთვის საყვარელი ფილმები. მთლიანობაში კოტე დაუშვილმა 50-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. კინოთი გატაცება მსახიობს ძვირი დაუჯდა. თეატრში ისარგებლეს კოტე მარჯანიშვილის მოსკოვში მუშაობით და რეპეტიციების გაცდენის მიზეზით, მსახიობი თეატრიდან გაუშვეს. თბილისში დაბრუნებულმა კოტე მარჯანიშვილმა მაშინვე მოიკითხა მსახიობი და როცა რეალური მიზეზი გაიგო, თეატრის ხელმძღვანელობას მისი თეატრში დაბრუნება მოსთხოვა. კოტე დაუშვილი თეატრში ნამდვილად დააბრუნეს, მაგრამ კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ისევ დაითხოვეს.

მსახიობის ცხოვრების ეშმდეგ ეტაპი ბაქოსთან არის დაკავშირებული, სადაც ქართულ თეატრში იმუშავა. მონასტრებამ თავისი ქნა და საყვარელი საქმით აქტიურად დაკავებულმა კოტე დაუშვილმა უარი თქვა ყველაფერზე და სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მან მუშაობა კინოსტუდიაში დაიწყო, თუმცა მეგობრები და მეუღლე დაჟინებით სთხოვდნენ თეატრს დაბრუნებოდა. მართალია მსახიობს ეს არ უნდოდა, მაგრამ მათ თხოვნას ანგარიში გაუწია და მარჯანიშვილის თეატრში მივიდა.

კოტე დაუშვილმა საბოლოო არჩევანი მაინც კინოზე გააკეთა და თეატრზე უარი სამუდამოდ განაცხადა. მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე ქართული კინოს ერთგული დარჩა და შექმნა ისეთი სახეები, რომელთა დავიწყებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, კოტე დაუშვილს კიდევ ერთხელ მოუწია თეატრის სცენაზე დადგომა და სპექტაკლში ითამაშა, რომელიც პიესის “წინაპართა მიწა” მიხედვით იყო დადგმული. მოგვიანებით მსახიობმა ამავე სახელწოდების ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

პირველად მსახიობი 23 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი მეუღლე ქეთევან თაქთაქიშვილი იყო. წყვილს ერთი შვილი შეეძინა, ჯანგირი, პროფესიით სამხედრო ინჟინერი. მეორედ კოტე დაუშვილი ქეთევან კეთილაძეზე დაქორწინდა. მასთანაც ერთი შვილი ეყოლა, გივი.

კეთილი, მეგობრული და ადამიანთა მოყვარული – ასე ახასიათებენ მას კოლეგები. მსახიობთან დაახლოებულ ადამიანებს კარგად ახსოვთ მისი მასპინძლობა. სახლის სარდაფში მარანი მოაწყო, ღვინო დაწურა, არაყი და კონიაკიც გამოხადა, რომელსაც თავისი სახელისა და გვარის პირველი ასოების გამოყენებით “კადე” დაარქვა, სპეციალური ზარიც ჰქონდა, როცა დარეკავდა, სტუმრებისთვის ზემოდან მის მეუღლესა და ოჯახის წევრებს ჯამ-ჭურჭელი და კერძები ჩაჰქონდათ.

თენგიზ არჩვაძე იხსენებს:

“როცა ხევსურეთში ფილმებს “ხევსურული ბალადა” და “შეხვედრა მთაში” ვიღებდით, კოტეს ვერავინ არჩევდა ხევსურებისგან. გადაიცვამდა იმათ ტანსაცმელს, ახოვანი ისედაც იყო, მოახტებოდა უბელო ცხენს და დააჭენებდა. სიყვარულით ყველას “მამუკას” გვეძახდა, ასე მამაშვილურად გვეფერებოდა. ჩვენც, მასზე უმცროსები, ასეთივე სიყვარულით მივმართავდით. ხომ ასეთი ახოვანი და ბრგე იყო, ისეთი ჩვილი გული ჰქონდა, პატარა რამეზე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე. ძალიან უყვარდა, როცა სხვებზე ზრუნავდა, სულ ერთი იყო, სად ვიყავით, მასთან სახლში, გადაღებაზე, ბარში თუ მთაში. დაიკაპიწებდა ხელებს და ცოტა ხანში ისეთ საჭმელს მოგვიმზადებდა, ნებისმიერ კარგ მზარეულს შეშურდებოდა. სხვათა შორის, ჩობან-ყაურმა მისგან ვისწავლე. მთაში ვიყავით გადაღებაზე და გვითხრა, თბილისიდან სტუმრები ჩამოდიან და კარგად მოვემზადოთო. მართლაც ბიძინა კვერნაძე და პეტრე გრუზინსკი გვესტუმრნენ. ღვინის შოვნა მე დამავალა, თვითონ კი ცხვარი დაკლა, მერე მისივე ტყავში დაჭრილი ხორცი, მწვანილი და ხახვი შეახვია, ნაკვერჩხლიან ორმოში ჩადო და რამდენიმე წუთში ჩობან-ყაურმა გვაჭამა.

წარმოშობით შქმერიდან იყო. კარგა ხნის ურთიერთობის მერე გავუთამამდი და ვეხუმრებოდი, რაჭაში სამი რამე მოდის და ხარობს, კარტოფილი, მოჭიდავეები და არტისტები-მეთქი. კინოსტუდიაში ხუმრობით “რაჭფილმი” შევქმენით, რომლის წევრებიც გახლდით: ალე ომიაძე, კოტე დაუშვილი, ოთარ კობერიძე, ზურაბ ქაფიანიძე და მე. პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავდა, ჯანგირი, ფიზიკოსი გახლდათ. მეორე ცოლთანაც ვაჟი შეეძინა, გივი. უსაზღვროდ უყვარდა თავისი შვილები. მეორე მეუღლე, ქეთევანი რომ გარდაეცვალა, ძალიან განიცადა. მერე თვითონაც ავარიაში მოყვა, ფეხი მოიტეხა, კარგა ხანს მკურნალობდნენ. ერთბაშად მოტყდა. ეტყობა, ქეთევანის წასვლამ იმოქმედა ასე მძიმედ, თორემ ავარია და ფეხის ტკივილი რას დააკლებდა?! 72 წლისა გარდაიცვალა.”

შატილში “ხევსურულ ბალადას” რომ იღებდნენ, კოტე დაუშვილს მგელიკას როლი ჰქონდა. გადაღებებზე იყვნენ თენგიზ არჩვაძე, დოდო აბაშიძე, ზანდა იოსელიანი, სოფიკო ჭიაურელი, ზურაბ ქაფიანიძე და სხვა მსახიობები. გადასაღებ მოედანზე მსახიობები ნელ-ნელა ემატებოდნენ. ყველა ახალ ჩასულს კი “სიურპრიზი” ხვდებოდა. ფანჯრისკენ ზურგით დასვამდნენ და მოჩვენებების შესახებ უყვებოდნენ, რომლებიც თითქოსდა იქ დადიოდნენ. ბოლოს ზანდა იოსელიანი, რომელსაც სპეციალური გრიმი ჰქონდა გაკეთებული და მოჩვენებას ჰგავდა, ფანჯარაში ჩნდებოდა. მსახიობები ამის დანახვაზე შიშისგან ცუდად ხდებოდნენ. კოტე დაუშვილსაც ძალიან შეშინებია. ერთ დღეს კი შატილში დოდო აბაშიძე ჩასულა. მასაც დაუდგეს იგივე საშიში სცენა და ყველა ელოდა, რომ ძალიან შეშინდებოდა. დოდოს ფანჯრიდან ხელი გადაუყვია და ზანდასთვის ფეხში ჩაუვლია, ეს რა კარგი ფეხი ჰქონია ამ მოჩვენებასო, უთქვამს დოდოს. ზანდას წივილი დაუწყია, ხალხი კი სიცილით დახოცილა.

როდესაც ფილმს “მდინარის გაღმა” სვანეთში იღებდნენ, ცხენზე ამხედრებული, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და თოფგადაკიდებული გადაღების მოედნისკენ მიდიოდა. უცებ ბუჩქებიდან ვიღაც გადმოუხტა და შესძახა: გაჩერდი, თორემ გესვრი! თურმე ის კაცი მოსისხლე მტერს მოსაკლავად ელოდა, რომელსაც ცხენით უნდა გამოევლო და კინაღამ მსახიობი მოკლა.

კოტე დაუშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ავტოკატასტროფაში მოყვა და ფეხი მოიტეხა. კოჭლობით დადიოდა, მაგრამ ეს ტრავმა სულაც არ აშინებდა. მსახიობს მოულოდნელად თრომბი განუვითარდა და უცბად გარდაიცვალა.