3 დეკემბერი, 2015

თოჯინების თეატრი უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს

11tojinebis-teatri3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ლონდოდის ჩიქენშედის თეატრთან თანამშრომლობით ამიერკავკასიის მასშტაბით სრულიად უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს.

ჩიქენშედის თეატრი ის ადგილია, სადაც უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეძლევათ საშუალება და სივრცე, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი შენობის საკითხი მოგვარდა და სულ მალე შევძლებთ, საკუთარ შენობაში ვუმასპინძლოთ მაყურებელს, შეგვიძლია დავიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაც. სწორედ ერთ–ერთი ასეთი პროექტია უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მაქსიმალური ჩართვა და დასაქმება თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებასა და აქტივობებში, იქნება ეს უმნიშვნელო, ყოფითი დეტალები, თუ უფრო დიდი მასშტაბის ღონისძიებები. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ეტლით მოსარგებლე ადამიანები თეატრის რიგითი თანამშრომლები გახდებიან. სწორედ ამიტომ გვინდა შენობის შესაბამისად დაპროექტება და მოწყობა. ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ თქვენთვის ლამაზი ზღაპრების, სპექტაკლების შესაქმნელად და ერთად გავიაზრებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! მოხარულები ვართ, რომ ჩიქენშედის თეატრმა ჩვენთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა და გამოთქვა სრული მზადყოფნა, დაგვეხმაროს თბილისში ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში,” – ნათქვამია თოჯინების თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობა 27 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ლონდონს, სადაც ისინი შეხვდებიან ჩიქენშედის თეატრის წარმომადგენლებს, მიიღებენ მათგან მნიშვნელოვან მითითებებსა და რჩევებს, რომელთა განხორციელებასაც შემდეგ უკვე თბილისში შეეცდებიან. ვიზიტის მსვლელობისას, თოჯინების თაეტრის წარმომადგენლები დაესწრებიან საერთაშორისო საბავშვო ფესტივალს და ნახავენ სპექტაკლს „შობის თორმეტი დღე“.