უნიკალური აღმოჩენა ხობის მონასტერში

9 დეკემბერი, 2015

1xobis-monasteriხობის ხარების დედათა მონასტერში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამეცნიერო არქეოლოგიურმა სამუშაოებმა და გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა არქეოგეორადიოლოკაციურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ტერიტორია უძველესია და უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავს.

კვლევების მიხედვით მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ნამოსახლარები, რომლებიც ქრისტეშობამდე VIII-VII საუკუნეებით თარიღდება, ასევე აღმოჩენილია მღვიმე, თაღოვანი შენობები, მოკირწყლული მოედნები, გაუხსნელი სამაროვნები. სპეციალისტებმა ეკლესიაში უძველეს სამარხებსაც მიაკვლიეს.

ხობის ხარების დედათა მონასტერში სამეცნიერო არქეოლოგიური სამუშაოები 5 წლის წინ დაიწყო. ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენების პარალელურად, სამუშაოები კვლავ გრძელდება და სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მალე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მომსწრეები გავხდებით.