საახალწლო კონცერტი დაპირისპირების მიზეზი ხდება

3 დეკემბერი, 2015

1saaxalwlo-koncertiსაქართველოში ყოველი მნიშვნელოვანი დღესასწაულის მოახლოება მომღერლებსა და კონცერტების ორგანიზატორებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება.

თბილისობა, ახალი წელი და 26 მაისი – ეს ის ცენტრალური ღონისძიებებია, რომლებშიც მონაწილეობა ყველა ქართველ მომღერალს სურს. ცხადია, ორგანიზატორები ყველას ვერ მიიწვევენ ამ კონცერტებში, რაც დაპირისპირების მიზეზი ხდება და იწყება საუბარი კვლავ დაბლოკვებსა და შავი სიების არსებობაზე.

გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა. როდესაც ცნობილი გახდა საახალწლო კონცერტის სამზადისის დაწყების შესახებ, ქართველმა მომღერლებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ მათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის არავინ დაუძახა.

წელს საახალწლო კონცერტის ორგანიზატორი კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძეა. მან მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარადგინა მუსიკალური კონცეფცია და გაიმარჯვა. ამ კონცეფციისთვის მომღერლები თავად შეარჩია და როგორც ირწმუნება ამაში არც მერია, არც რომელიმე დაწესებულება და არც კერძო პირი არ არ ჩარეულა.

კონცერტში მონაწილე მომღერლების ვინაობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიხეილ მდინარაძის საახალწლო მუსიკალურ კონცეფციაში 12 მომღერალი მიიღებს მონაწილეობას და ეს ის მომღერლები არიან, რომლებიც კომპოზიტორის ყველანაირ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.