10 დეკემბერი, 2015

ლევან აბაშიძე – სამშობლოს შეწირული ვარსკვლავი

1Levan_abashidzeმსახიობ ლევან აბაშიძეზე ყოველთვის აღტაცებით და დიდი სიყვარულით საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი 29 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა, მაინც დატოვა თავისი კვალი ქართულ კინოში.

კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ის მარლონ ბრანდოს შეადარა. მსახიობის სილამაზით და პროფესიონალიზმით მოხიბლული მაყურებელი გულგრილად ვერ უყურებს ფილმებს ლევან აბაშიძის მონაწილეობით.

“არტინფო” მსახიობის ხანმოკლე, მაგრამ საოცრად რომანტიკულ და პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ცხოვრების ეპიზოდებს გაგაცნობთ.

***

ლევან აბაშიძის მშობლები მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელ თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ჩამომავლობით მსახიობი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის შტოდან. ლევან აბაშიძისთვის კინოგადაღებები პირველად მეშვიდე კლასში სწავლისას შედგა. ის ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ლანა ღოღობერიძის შვილთან ნუცა ალექსი მესხიშვილთან მეგობრობდა. როდესაც რეჟისორმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, ნუცა გაჯიუტდა და დედას გამოუცხადა, თუ ფილმში ლევანს არ გადაიღებ, არც მე გადამიღოო. ასე აღმოჩნდა ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძის გახმაურებულ ფილმში, სადაც სანდროს როლი შეასრულა.

ამ ეპიზოდს მსახიობის დედა მანანა ხიდაშელი ასე იხსენებდა:

“დაინიშნა გადაღების დღე და ლევანმა გადაღების წინა ღამე თეთრად გაათენა ფანჯარასთან. იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭდესო.”

პირველი ფილმის გადაღებების პროცესზე ლევან აბაშიძე ყოველთვის აღტაცებით ყვებოდა:

“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” იყო პირველი ფილმი, სადაც მივიღე მონაწილეობა და შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა, სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”.

***

საოცრად რომანტიკოსი და თავგადასავლების მოყვარული მსახიობი საყვარელი გოგონას გულის მოგების გამო არაერთხელ დაშავებულა. შეყვარებულის გამო ერთხელ ისე იჩხუბა, თითი მოიტეხა და თაბაშირში ჩასმა დასჭირდა. გონებაგამჭრიახმა მსახიობმა თაბაშირი საგულდაგულოდ შეინახა, რომელიც შემდეგ სკოლაში საკონტროლოების დროს მთავარ მხსნელად ევლინებოდა.

***

“ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” – ეს ფილმი ლევან აბაშიძისთვის საეტაპო აღმოჩნდა. რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. გადაღებების დაწყებამდე მსახიობის ხიფათიანმა თავგადასავალმა არ დააყოვნა და ფეხი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ორთვიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ლევან აბაშიძემ ფილმში ნატკენი ფეხით ითამაშა:

“ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმ “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი “ბორიაყი”. მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი. გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? ორი თვე მაინცო. ორი თვე რა გამაჩერებდა? ამიტომაც მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში. მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო.”

***

ეს ტრავმა არ აღმოჩნდა უკანასკნელი. რომანტიკული თავგადასავლების მოყვარული ლევან აბაშიძე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ფეხმოტეხილთა რიგებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ბიჭვინთაში წასულიყო, თაბაშირიანი ფეხით შეყვარებულთან მეშვიდე სართულზე ასულიყო და მის კართან ყვავილები დაეტოვა.

სულით რომანტიკოსს მოსწონდა საყვარელი ადამიანების გაოცება და ამიტომაც მათ სიურპრიზებს არ აკლებდა. ერთხელ ჟანგიანი მილით აძვრა შეყვარებულის აივანზე… ერთხელ ბაკურიანში მეგობართან დანჯღრეული მოტოციკლით ჩავიდა… ერთხელ ნივით ორმოში ჩავარდა და იქვე დატოვა……ერთხელ… ერთხელ…

გოგონები ლევანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მსახიობის დედის თქმით, მას გაუთავებელი რომანები ჰქონდა, მაგრამ უსინდისობა არასოდეს ჩაუდენია:
“მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა. მის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ. რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან, მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო. გაუთავებელი რომანები ჰქონდა.”

მსახიობისთვის ამდენ გოგონას შორის იყო ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული – მოლდაველი მსახიობი მიკაელა სტრიმბიანუ. მიკა თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა. მათ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს და დიდი სიყვარულიც დაიწყო. თავდაპირველად ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი ლევანმა დედას სთხოვა, მიკას მათთან ეცხოვრა. დედაც დათანხმდა. მიკა მათთან მანამდე ცხოვრობდა, სანამ ინსტიტუტი არ დაამთავრა, მერე კი სამშობლოში დაბრუნდა. მიკას არ დაუკარგავს კავშირი არც ლევანთან და არც მის დედასთან, ყოველთვის ურეკავდა და კითხულობდა. ლევანის აფხაზეთის ომში დაღუპვა კი საშინლად განიცადა.

***

ლევან აბაშიძე 1992 წელს აფხაზეთის ომში წავიდა. მას ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ, მაგრამ მას გადაღებები არ აინტერესებდა. მსახიობის მეგობრებმა ომში წასვლა გადაწყვიტეს, ლევანსაც მათთან ერთად უნდოდა წასვლა, მაგრამ ბათუში გადაღებებზე ელოდებოდნენ. თუ მსახიობი არ ჩავიდოდა, გადაღებები ჩაიშლებოდა. საბოლოოდ ლევანი ბათუმში წავიდა, ფილმში მონაწილეობა მიიღო და თბილისში დაბრუნდა. მას აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული მეგობარი შეხვდა, რმოელიც მეორე დღეს ისევ აფხაზეთში ბრუნდებოდა. ლევანმა გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო და მან თბილისი დაუფიქრებლად დატოვა.

მსახიობი ომში წასვლის პირველივე დღეს დაიღუპა. მისი მეგობარი იხსენებდა: “მას პირველად ეჭირა ცხოვრებაში ავტომატი და პირველად იყო ომში. ლევანი თავისი ნებით წავიდა აფხაზეთში, რადგან ის თვლიდა, რომ უსამართლობა იყო, რომ ის ვარსკვლავის ცხვრებით ცხოვრობდა მისი თანამემამულეები კი სამშობლოსათვის იღუპებოდნენ!”
ლევანის პანაშვიდზე 12-13 წლის ბიჭები მივიდნენ. როცა მსახიობის დედამ ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ, ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, უპასუხეს ბავშვებმა.…

***

რეჟისორი გუგული მგელაძე ლევან აბაშიძეს ასე იხსენებდა:

“ჩემს ფილმში “ფესვები” დოდო აბაშიძეს და ლევან აბაშიძეს რომ უნდა ეთამაშათ, ეს თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა. სუფთა პიროვნებები იყვნენ და ამიტომ. თვალებში სული ირეკლება. ლევანი ჩემი ვაჟის ახლო მეგობარი იყო, უხმო კაცი, უთქმელი, ზღაპარი, სუფთა ადამიანი. მეც ვმეგობრობდი მასთან როგორც შემეძლო.

საფრანგეთში თერთმეტი დღით ვიყავით წასული თერთმეტი კაცი „ფესვების” გადაღებაზე. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ იტალიელების რესტორანი იყო. ალბათ, იფიქრეს, რადგან კინოს იღებენ, მილიონრები იქნებიანო და ორი-სამი დღის განმავლობაში უფასოდ გვეპატიჟებოდნენ იმ იმედით, რომ მერე თვითონ დავიწყებდით იქ სიარულს. მაგრამ, ბოლოს, რომ დარწმუნდნენ, ჯიბეგამოფხეკილი საბჭოთა კინემატოგრაფისტები ვიყავით, ხელი ჩაიქნიეს. მერეც გვეპატიჟებოდნენ დოდო აბაშიძე მოეწონათ. სოსო ჯაჭვლიანი ბოლოს ისე გაშინაურდა, უკვეთავდა და უკვეთავდა ღვინოს, ფული კი არ ჰქონდა. მერე ფულიც გაგვიჩნდა. გადაღებებზე ორი-სამი კაცი მივდიოდით ხოლმე, დანარჩენები საყიდლებზე გარბოდნენ. ერთადერთი, ლევან აბაშიძე არ გაჰკარებია მაღაზიებს, ფრანგი გოგოები წაიყვანა რესტორანში და მთელი ფული მათ დაახარჯა.

ჩემი შვილის სადიპლომო ფილმი იყო „არა, მეგობარო”. მთავარ როლში ლევან აბაშიძე იყო. გადაღება 1992 წელს დაიწყეს. შუა გადაღებისას ლევანი ომში წავიდა და მეორე დღესვე აფეთქდა მეგობრებთან ერთად. ფილმი უნდა გაგრძელებულიყო. ყველა, მათ შორის მეც, ვურჩევდით, ლევანის გარეგნობის მსახიობი ენახა და ფილმი დაესრულებინა. გავიდა ერთი, ორი თვე. ფილმის გადაღება გააგრძელა ოპტიმალური ვარიანტით ლევანს „სუბიექტური კამერა“ თამაშობდა. ასეთმა გადაწყვეტამ განაცვიფრა ობერჰაუზენის ფესტივალის ჟიური და ფილმმა გრან-პრი აიღო.”

***

მსახიობზე ყოველთვის დიდი გულისტკივილით საუბრობს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და მას ფრესკიდან გადმოსულს ადარებს. რეჟისორი მოუწოდებს ყველას, რომ შეასრულონ მთავარი ვალდებულება ამ ნიჭიერი და ულამაზესი მსახიობის მიმართ – არ დაივიწყონ ქართული გენის ეს ნამდვილი მშვენება.

***

მსახიობი ნატა მურვანიძე და ლევან აბაშიძე ერთ ეზოში იზრდებოდნენ, ამიტომ მას კოლეგაზე მოსაგონარიც ებვრი აქვს:
“პირველად რომ ვნახე, ალუბლის ხეზე იჯდა და იქიდან გადმომძახა: ეი, ალუბალი არ გინდა?! იმდენად ლამაზი იყო იმ ალუბლებში, გული შემეკუმშა. ჩვენს ეზოში ბროწეულის ხე დგას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს, მაგრამ ის არასოდეს ყვაოდა. ვიღაცამ გვითხრა, ხე შეაშინეთ და აუცილებლად მოისხამს ნაყოფსო. ლევანმა ცული მოუქნია ხეს, მე ვეხვეწებოდი, არ მოჭრა, წელსაც ვაცალოთ-მეთქი. ბროწეული მართლაც აყვავილდა. ლევანი ჩვენთან აღარაა, მაგრამ ხე ყოველ წელს ყვავილობს.”

***

ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, ლევან აბაშიძემ 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან ბოლო 3 დაუსრულებელი დარჩა. თავისუფლება როგორც ცხოვრებაში, კინოშიც უყვარდა, ამიტომაც რეჟისორები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ იგი ზედმეტად ნატურალური იყო.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...