კირა ანდრონიკაშვილი: ,,ვისურვებდი, ადამიანებმა სული გაილამაზონ’’

2 დეკემბერი, 2015

1kiraმსახიობი კირა ანდრონიკაშვილი იმ ქართველ მსახიობთა შორისაა, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალბატონად.

მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრ ფილმში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, ის რამდენიმეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,  რომ სხვადასხვა გამოკითხვებში კირა ანდრონიკაშვილი საუკეთესო და ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალბატონთა ათეულში მოხვედრილიყო.

ხელოვანის ცხოვრების კრედო სიკეთე და სიყვარულია. მიაჩნია, რომ ადამიანებმა მთავარია სული გაილამაზონ, რადგანაც მარტო ფიზიკური სილამაზე არაფრის მომცემია.

“არტინფო” წარმოგიდგენთ კირა ანდრონიკაშვილის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოადგება.

***

“ვისურვებდი, რომ ადამიანებმა სული გაილამაზონ, მარტო ფიზიკური სილამაზე არაფრის მომცემი არ არის. ადამიანის სულის სილამაზე მის თვალებში ირეკლება და არ უნდა რცხვენოდეთ და ეშინოდეთ ერთმანეთის თვალებში ჩახედვის. მე მინდა რომ ქართველ ხალხს ქონდეს სიკეთის სხივი თვალებში…

გარეგნობაში გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ კი არა რომ მე ვინმე ისეთი მყავდა, არ გეგონოთ რომ ჩემს წინაპრებს ვაქებ არა. საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კუნთს, აგებულებას…ასევე სასტიკი წინააღმდეგი ვარ სიგარეტის.. მე მირჩევია ფეხით ვიარო როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ ვიდრე სიგარეტი მოვწიო…

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათს, აი დილით რომ მირეკავენ და მეუბნებიან ცუდად ხარ? საავადმყოფოში ხომ არა ვარ, რომ მეკითხები?! არა-თქო, ვპასუხობ. რომ ვკვდებოდე არა კარგად ვარ-მეთქი, ვპასუხობ.

განწყობის თეორია ტყუილად დაწერა უზნაძემ? ეს არის საოცრება როცა დილას დგები, ხელი გაქვს, ფეხი გაქვს, ჭერი გაქვს, შვილები ჯანმრთელად გყავს… ამის გარდა, დასვენებაც ერთგვარი კულტურაა, ჩვენ ხომ არ გვყავდა ძიძები? ძალიან რომ ვიღლებოდი, ბავშვები დაიძინებდნენ თუ არა, მეც მივწვებოდი ანდა ძალიან ბევრი საქმე თუ მქონდა გასაკეთებელი, ან წასასვლელი ვიყავი ან თეატრში, ან სადღაც, 10 წუთი დავწვებოდი, დავასვენებდი გონებას, სხეულს, მერე ჩაი, ლიმონი და ცოტა თაფლი და ყველაფერი რიგზე იყო.”

***

“მე არ ვთვლი, რომ წარმატებული ვარ და წარმატებული კარიერა მაქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხალხს ვუყვარვარ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… საერთოდ ადამიანზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ ააწყობს თავის ცხოვრებას. მე ვისურვებდი, რომ ისეთი ადამიანები გავაცნოთ საზოგადოებას უფრო აქტიურად, რომლებიც არ არის წარმატებულნი. არა იმიტომ, რომ ნიჭიერები არ არიან, არამედ მათ არ გაუმართლათ. ასეთი ადამიანები მარგალიტები არიან, რომლებიც ჩრდილში დარჩნენ.”

***

“ადამიანი საერთოდ თავისი ფესვებიდან მოდის… მე სწორედ ამ ფესვებზე მინდა გესაუბროთ, რომელმაც მე მომცა სიყვარული, სიკეთე და მასწავლა თუ როგორ უნდა მეცხოვრა.

ჩემს ოჯახში იყო ავადმყოფური პატიოსნება, მე მასწავლეს ადამიანების თანადგომა და სიყვარული, მე არ მაინტერესებს რა აცვია ადამიანს, ან არის თუ არა ის წარმატებული, ჩემთვის მთავარია, როგორ ცხოვრობს, უყვარს თუ არა მას თავისი ქვეყანა. მე ისეთი ადამიანების გვერდით ვიზრდებოდი, რომ მათ გვერდით გატარებული ყოველი წამი ჩემთვის ძვირფასია…

ბავშვობაში ძალიან კეთილი ვიყავი არ მეგონა, რომ ვინმე ცუდი დადიოდა ამ ქვეყანაზე, იმიტომ, რომ ისეთმა მშობლებმა გამზარდეს არასოდეს ცუდს არ იტყოდნენ არავისზე. მეტეხის ტაძრის მრევლი ვიყავი, ერთხელ ერთმა ქალმა სანთლების გამყიდველმა მითხრა მე თქვენ გიცნობთო. ვუთხარი, ალბათ კინოდან გახსოვართ-თქო, არა მე შენს სახლში ვიყავი მოსული, შენს მეზობელთან მე-5 სართულზეო, სახლში არ დამხვდნენ და ჩამოვედი მე-4 სართულზე თქვენთან რომ მეკითხა, გამეგო სად იყვნენო და შენ გამიღე კარი, 9-10 წლის იყავი შემიპატიჟე სახლში, საზამთროზე დამპატიჟე და მითხარი, თქვენ აქ ბრძანდებოდეთ, მე ავალ ზემოთ ახლა და გავიგებ მოვიდნენ თუ არა ჩემი მეზობლებიო. ასე ადვილად შემოვუშვი უცხო ადამიანი სახლში.

ოთხი წლის ვიყავი, როცა ნათლიამ მაჩუქა რაღაც გარკვეული თანხა, რომლითაც დედაჩემს პიანინო უნდა ეყიდა ჩემთვის, ძალიან მიხაროდა, პატარა ლამაზი ჩანთით დავატარებდი. მე ისეთ პერიოდში გავატარე ბავშვობა, როდესაც ხალხს ძალიან უჭირდა, ბავშვები ძონძებში ჩაცმული დადიოდნენ და სამოწყალოდ აგროვებდნენ გროშებს. ერთხელ სახლში ვიყავი, როდესაც გოგონას სიმღერის ხმა შემომესმა, აივანზე გავედი და გადავიხედე. ძონძებში ჩაცმული პატარა ბავშვი მღეროდა. რაღაც უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. ვერ აგიწერთ, როგორი დიდი სიხარულით ავიღე ჩემი ჩანთა, რომელშიც ნათლიას ნაჩუქარი თანხა მქონდა,…კიბეები ჩავირბინე და ბავშვს გავუწოდე,…ის იმ წამს იყო უბედნიერესი ბავშვი და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი… მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი თანხა იყო, დედა არ გამიბრაზდა…”