ვინ გახსნა კინოთეატრ ,,აპოლოში” ხილ-ბოსტნეულის ბაზრობა?

28 დეკემბერი, 2015

1apoloკინოთეატრი “აპოლო” თბილისში 1909 წელს გაიხსნა და ის იყო იმ დროისთვის ყველაზე დიდი კინოთეატრი ევროპაში. ამჟამად შენობას მთავარი ფუნქცია დაკარგული აქვს.

კინოთეატრის გადასარჩენად ქართული საზოგადოების ნაწილმა რამდენჯერმე გამართა გამაფრთხილებელი აქცია და მოუწოდა სახელმწიფოს შეენარჩუნებინა ფუნქცია ამ უნიკალური შენობისთვის.

დღეს “აპოლოს” პირველ სართულზე ხილისა და ბოსტნეულის ბაზრობაა გახსნილი და კარზე კიდია აბრა: “ახალციხის კარტოფილი”. ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ავრცელებს:

“ელექტროთეატრი “აპოლო” 1909 წელს გაიხსნა თბილისში. ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე დიდი კინოთეატრი ევროპაში. ერთადერთხელ მომეცა საშუალება ეს უნიკალური, გუმბათიანი შენობა, საოცარი ვიტრაჟებით, დერეფნებით, იარუსით, მოდერნისტული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი, ნაძერწი გვირგვინებით სავსე შედევრი მენახა. შენობა მიტოვებული და უფუნქციოა. პლეხანოვის ავადსახსენებელი რესტავრაციის დროს, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ არ შეიძლება საქართველოში შენობებზე რუსული წარწერა არსებობდეს და ბერძნული წარწერა <ΑΠΟΛΛΟ> იქვე მოანგრევინა (რუსულად იქნებოდა АПОΛΛОН).

დიდი ხნის მანძილზე გაურკვეველი იყო შენობის მეპატრონის ვინაობა. ამბობდნენ რომ კოდუასია და კაზინოდ უნდა გადააკეთონ და რას აღარ ამბობდნენ, მოკლედ:
დღეს, მსოფლიოს უიშვიათესი, უკვე დამახინჯებული ძეგლის პირველ სართულზე გახსნილია ხილის და ბოსტნეულის ბაზრობა და კარებზე კიდია აბრა: “ახალციხის კარტოფილი”.

ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ არ ითვლება ამ ქვეყანაში ისტორიულ ძეგლად არაფერი ეკლესიების გარდა. ძალიან საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან საქართველოს არტში და ბომონდურ ფუქსავატობაში გადაცვენილი კინოშნიკები ქართული კინოს საწყისით. მეგობრებშიც მყავს ძალიან ბევრი. როდის შეიძლება მიხვდეთ, რომ “კინოშნიკობა” ტარკოვსკიზე და გოდარზე ლაპარაკი არაა და ბევრად მეტს ნიშნავს? როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთი გულგრილები? როგორ არ გრცხვენიათ იმის, რომ კინოთეატრის პირველ სართულზე პრასი იყიდება? არ მჯერა მე თქვენი კინოსი. და არც თქვენი არ მჯერა!”