დუდუხანა წეროძე – ქართველი დედის ეტალონი

5 დეკემბერი, 2015

1duduxanaქართველი დედის ეტალონი – ასე ახასიათებდნენ მსახიობ დუდუხანა წეროძეს მას შემდეგ, რაც თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ერთობლივ ფილმში “მაგდანას ლურჯა” მთავარი როლი შეასრულა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრიზი მიიღო.

მართალია დუდუხანა წეროძის კინოდებიუტი 15 წლის ასაკში მიხეილ ჭიაურელის ფილმში ეპიზოდურ როლში შედგა, მაგრამ ეს კარგი გზის დასაწყისის აღმოჩნდა და მსახიობის კარიერა წარმატებით გაგრძელდა.

”არტინფო” მსახიობის ცხოვრების მნიშვნელპვან მომენტებს გაგახსენებთ.

***

დუდუხანა წეროძის მშობლებს 4 შვილი ჰყავდათ, სამი გოგონა და ერთი ბიჭი. მსახიობი პირველი შვილი იყო. ბიჭი გოგი, 18 წლის ასაკში წავიდა ომში და უკან ვეღარ დაბრუნდა. მისი ცხოვრება სავსე იყო ტკივილით და განსაცდელით. მსახიობის მამა რამდენჯერმე დააპატიმრეს. პირველად მაშინ, როცა ნოე ჟორდანიას მთავრობას საზღვარგარეთ მიჰყვებოდა. გემზე ასულმა ნაპირზე ორსული ცოლი და შვილები რომ დაინახა, გემიდან ჩამოვიდა და წასვლაზე აღარც უფიქრია. ციხეს ვერც მეორედ ასცდა, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ოჯახის მთელი სიმძიმე დუდუხანა წეროძეს დააწვა მხრებზე.

***

მსახიობი ხშირად იხსენებდა თავის პირველ ემოციებს კინოსთან დაკავშირებით. პატარაობისას მომავალი მსახიობი მამამ კინოში წაიყვანა ფილმის “ვინ არის დამნაშავე?” სანახავად. ფილმმა ისე გაიტაცა, დაავიწყდა, სად იყო. ერთ–ერთ ეპიზოდში ნატო ვაჩნაძის გმირი თავს იხრჩობს. დუდუხანამ ეს რომ დაინახა, ტირილი დაიწყო. მამა იძულებული გახდა აღელვებული შვილი გარეთ გაეყვანა და აეხსნა, რომ ეს მხოლოდ კინო იყო და მსახიობი ცოცხალი იყო. იმ დღიდან ნატო ვაჩნაძე დუდუხანა წეროძის იდეალი გახდა. სიმბოლურია, რომ მათ ერთად თამაშიც მოუწიათ და წლების შემდეგ დუდუხანა წეროძე აღმოჩნდა პირველი მსახიობი, ვინც ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემია მიიღო.

***

დუდუხანა წეროძის პირველი ფილმი მიხეილ ჭიაურელის “უკანასკნელი მასკარადი” იყო, რასაც მოყვა დავით რონდელის “დაკარგული სამოთხე.” მან 30–მდე ფილმში ისე ითამაშა, სამსახიობო განათლება არ მიუღია. სიცოცხლის ბოლო წლებში კი მიხეილ თუმანიშვილის ახალშექმნილ კინომსახიობთა თეატრში დაიწყო მუშაობა.

***

მსახიობს უყვარდა ლექსების კითხვა, იუმორისტული ამბების მოყოლა, კარგად მღეროდა. ფილმში “დაკარგული სამოთხე” ბათუ კრავეიშვილთან ერთად იმღერა, მაგრამ ის ფირი დაიწვა და გახმოვანების დროს სხვა ხმა დაადეს.

***

როდესაც “მაგდანას ლურჯამ” კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის პრიზი აიღო, მთავარი როლის შემსრულებელი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, სამი კაბაც შეიკერა, მაგრამ ფესტივალს მიღმა დარჩა. ეს მისთვის დიდი ტკივილი იყო, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს. საფრანგეთში სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა. დუდუხანა წეროძე დელეგაციაში არ იმყოფებოდა, კანის კინოფესტივალზე ლეილა აბაშიძე ჩავიდა, რომელიც ფილმში არ მონაწილეობდა.

***

დუდუხანა წეროძე მეგობრობდა მეგი წულუკიძესთან, თამარ ციციშვილთან, ლია ელიავასთან, ნანა მჭედლიძესთან. მან აღმოაჩინა ნანული პირველი, რომელიც პროფესიით მსახიობი არ ყოფილა და მხოლოდ რამდენიმე ფილმში ითამაშა. მისი პირველი ფილმი “კეთილი ადამიანები” იყო, სადაც სწორედ დუდუხანას წყალობით მოხვდა. მსახიობს ამბიციები არასდროს ჰქონია, მოკრძალებული იყო. მის სახლში რომ შეხვიდოდით, ვერ იტყოდით, აქ სახალხო არტისტი ცხოვრობსო. არ ჰქონდა ძვირადღირებული ნივთები, სამკაულები.

***

მსახიობის პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი გივი ყიფიანი იყო. მისგან ჰყავდა ერთი ვაჟი, ბაადური, რომელიც მამის კვალს გაყვა და ოპერაში მღეროდა. ბაადური ნაადრევად გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა. გივი ყიფიანი რუსეთში ცხოვრობდა, ამიტომ ისეთი ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდათ მეუღლეებს ერთმანეთთან. მსახიობისთვის თითქმის არ ყოფილა მოულოდნელი, როდესაც ერთხელ დუდუხანამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა სხვა ქალი შეიყვარა და ორსულდადაც იყო. ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი. მიუხედავად ასეთი დიდი ტკივილისა, დუდუნახა წეროძემ შეძლო იმ ქალის გაცნობა და მასთან ურთიერთობის დალაგება.

***

მსახიობი მეორედ მხატვარ შალვა მამალაძეზე გათხოვდა და მასთან ერთი ბიჭი ეყოლა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე მასზე 24 წლით უფროსი იყო, ისინი სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. როცა ახლობლები მსახიობს ეკითხებოდნენ, ამდენი თაყვანისმცემლის გარემოცვაში რატომ აირჩია ცხოვრების თანამგზავრად ასაკოვანი მამაკაცი, ის პასუხობდა, რომ ჰქონდა ყველაზე დიდი ნაკლი – იყო განათხოვარი და ჰყავდა შვილი.

***

დუდუხანა წეროძე სიცოცხლის ბოლომდე ისეთივე ახალგაზრდა და ლამაზი დარჩა, როგორიც მანამდე მაყურებელს სხვადასხვა ფილმებიდან ახსოვდა. ის 82 წლის ასაკში ასთმით გარდაიცვალა.

გააზიარეთ

 
...