დავით საყვარელიძე: ,,ჩემი სახელის ხსენებას ერიდებიან”

19 დეკემბერი, 2015

1davit-sayvarelidzeრეჟისორი დავით საყვარელიძე საჯაროდ აცხადებს, რომ მისი სახელის ხსენებას კოლეგები ერიდებიან. რეჟისორმა 10 წელი იმუშავა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს.

დავით საყვარელიძე ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის დაკიდების ამბავს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკვე დაკიდული ფარდა ორიგინალი ესკიზისგან განსხვავდება და შესადარებლად საზოგადოებას ფარდის ესკიზის ნამდვილი ორიგინალის ფოტოებს სთავაზობს, რომელიც სახლში აქვს.

დავით საყვარელიძე, რეჟისორი:

“გილოცავთ ნიკოლოზობას!

მეც მინდა ოპერაში სერგო ქობულაძის ფარდის სიმბოლური გაცოცხლება მოგილოცოთ. კულტურის მინისტრის ეს ნაბიჯი მართლაც დასაფასებელია. ძალიან ამაღელვებელი იყო ის კადრები, რაც ტელევიზიით გადმოსცეს.

როგორც იცით, მე თითქმის 10 წელი ვიმუშავე თბილისის ოპერაში და ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა.

ოპერაში მისვლისთანავე ბატონმა ზურა ლომიძემ, ოპერის დირექტორმა, გამანდო სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ ჯანსუღ კახიძეს ჰქონდა, როგორმე აღედგინათ სერგო ქობულაძის ფარდა. მეც ჩემი მონდომებით გავაგრძელე ამ თემაზე მუშაობა და საინტერესო ფაქტებსაც მივაკვლიე. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის გიორგი კალანდიამ, რომელიც ძალიან მაგარი მენეჯერი აღმოჩნდა. არ დავიშურებ მის მიმართ საქებარ სიტყვებს.

მოკლედ, მივაკვლიე ფარდის ესკიზს. ეს ესკიზი სერგო ქობულაძის მიერ არის დახატული. ამ ესკიზის მიხედვით გამოყო საბჭოთა მთავრობამ რამდენიმე მილიონი რუბლი და ბატონმა სერგომ დაუვიწყარი ფარდა დახატა. დღეს ეს ესკიზი კერძო კოლექციის საკუთრებაა.

ეს ესკიზი განსხვავებულია იმ ესკიზისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკიდეს ოპერის სცენაზე. განსხვავებულია, პირველ რიგში, დამჯდარი ფერებით, ლურჯი ფერი თითქმის საერთოდ არ არის ნახმარი. უფრო მუქი წითელი, ღვინის ფერში გადასული. ვერცხლის ფერებიც გადაჰკრავს. ქნარის უკანა მხარეს ცისფერი ფერია, თითქოს მოზაიკისებრი ქვებითაა გაწყობილი. ჩემი მობილურით გადაღებული ვერ გადმოცემს ზუსტ ფერებს, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც შეგექმნებათ.

როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაში ფარდა აღადგინეს, რამდენიმე დღით ვითხოვე ეს ესკიზი, რათა ჩემი მეგობრებისთვის მეჩვენებინა და ამით მაინც დამერწმუნებინა, რომ ოპერაში მუშაობისას არ დამიზოგავს თავი, არც დრო და ენერგია.. და რომ ზედმეტად პედანტურად ვუდგებოდი ჩემ საქმეს…

ძალიან ვწუხვარ, რომ ადრე არ ვაქვეყნებდი იმას, რასაც ვაკეთებდი. (დღეს ჩემი სახელის ხსენებას, ვატყობ, ერიდებიან). ოპერის რეკონსტრუქციაში ყოველ დეტალში ვარ ჩახედული და არ არსებობს საკითხი, რომელიც მე არ ვიცი. შენახული მაქვს ყველა დოკუმენტი და მიმოწერა, კონტრაქტი ყველა სამშენებლო, ტექნიკურ და მუსიკალურ კომპანიებთან. ეს დოკუმენტაცია უდიდეს ინფორმაციას ინახავს. თითქმის 4 წელია ოპერაში აღარ ვმუშაობ და ამიტომ, რაც ამ 4 წლის მანძილზე შეიცვალა, იმაზე საერთოდ არ ვფლობ ინფორმაციას.

მოკლედ სახლში დროებით მიდევს სერგო ქობულაძის მიერ დახატული (ორიგინალი) ფარდის ესკიზი.”

1sergo-qobuladzis-farda1