გურამ დოჩანაშვილი ოზურგეთის თეატრში

27 დეკემბერი, 2015

guram1ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული გურამ დოჩანაშვილი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრშია.

თეატრი რიგით მერვე პრემიერას გამართავს და მაყურებელს შესთავაზებს მწერლის მოთხრობის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს.

წარმოდგენაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ რეჟისორ ოთარ კუტალაძესთან ერთად იმუშავა, ინსცენირების ავტორი ზურაბ კანდელაკია, სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გამფორმებელი გოგა მახარაძეა.

ვასიკო კეჟერაძის როლზე მოწვეულია ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ზურაბ ცინცქილაძე, ამავე როლზე მუშაობს ოზურგეთის თეატრის მსახიობი ზვიად ჯორბენაძე. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ გიორგი დოლიძე, ირაკლი ვადაჭკორია, ვახტანგ ჩხარტიშვილი.

სპექტაკლი ერთდროულად დიდი და მცირე სცენებისთვის მზადდება. მისი პრემიერა ოზურგეთის თეატრში 28 დეკემბერს გაიმართება, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გათამაშდება.