გია ფერაძე: ”დასასრული”

7 დეკემბერი, 2015

1gia-feradzeრუსთაველის თეატრის მსახიობი  გია ფერაძე მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა ფილმიდან “არასერიოზული კაცი”. უდიდესმა ტკივილმა და პირადმა ტრაგედიამ ხელოვანს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია და 47 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან.

1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი.

მსახიობი სამაგალითოდ დაისაჯა, 12 წელი ციხე და 5 წელი გასახლება მიუსაჯეს. მკვლელობის ბრალდებით მსახიობი სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

მთელი პატიმრობის განმავლობაში ის ლექსებს და დღიურებს წერდა.

”დასასრული” მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია:

ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი,
ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.
ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,
მაგრამ რაღა დროსია… კომედია დასრულდა!

რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,
მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი…
ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?
ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!

ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,
შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა
თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.
ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.

ბევრთან შევცდი… სხვა “ბევრი” ჩემთან არის “ჩაჭრილი”
ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.
თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,
კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.

სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.
ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,
ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.

რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან…
ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.
მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია…
ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.

მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები…
სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია…
ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,
კომედია დასრულდა?… დასრულდა ტრაგედია!

“არტინფო” გთავაზობთ გია ფერაძის ციხეში გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ:

***

“1988 წელი 15 მარტი. როგორც ყოველთვის, მესამედაც მომატყვილეს. საქმე შენი დაიშალაო და თბილისში უნდა გაგიშვათ “სიზო-1”-შიო. როგორც ყოველთვის, მე დეგენერატმა, გახარებულმა, გალაღებულმა, “რუგზაკში” ვდურთე ნივთები და შევხტი “ჩორნი ვორონაში”, რასაც ჩვენთან “ვორონოკს” უძახიან. ჩამოვედი ქუთაისში და იქ მითხრეს: ესა და ეს თქვენ ბრძანდებით? დიახ-მეთქი – ვუთხარი მოწიწებით.
– მაშინ ერთი, გენაცვა, აქეთ გადმოვბრძანდეთ რუსეთისკენ მიმავალ ხალხთან ერთადო.
მივხვდი, რომ კიდევ მომატყვილეს… მაგრამ რას იზამ. “პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი”.
17-მდე ვიყავი ქუთაისის ციხეზე, ხოლო ამავე დღეს რუსეთისკენ მიკრეს თავი.
წამიც არ მიმახედეს
არც დედისკენ და არც ძმისკენ,
ჩამსვეს სწრაფად სტოლოპინში,
თავი მიკრეს როსტოვისკენ…
18-ში ვიყავი როსტოვის ციხეზე, ხოლო 19-ში გავემგზავრე ვოლგოგრადისკენ.
ვოლგოგრადში ეგრეთ წოდებულ ჯუღაევგრადში დავყოვნდი 2 დღე – 2-ში დამიძახეს სარატოვიდან – “გია, დროზე, გელოდებითო”, მეც სხვა რა გზა მქონდა, 23-ში ჩავედი სარატოვში. ვიკითხე, ვინ მეძახდა-მეთქი? იქ მითხრეს – “ბიძია, რაცხა ცუდათ გამოიყურები, მგონი, გზაში გაგვიცივდი და ეხლა უნდა გაგათბოთო” და ისე მარბენინეს მიწისქვეშა გადასასვლელში, უკან ძაღლები და შტიკიანი ჯარისკაცები მოგვდევდნენ, რომ ათი დღე სული ძლივს მოვითქვი. შევედი სარატოვში “ეტაპკაში”. როგორც ყოველთვის, მარტო ვარ, ირგვლივ 8 კაცია, მაგრამ ეგენი გინდა ყოფილან, გინდა არა.
მე ვცოცხლობ, როცა თქვენ გხედავთ, ჩემო დედიკო, ჩემო ძმაო, შვილებო და ჩემო სისხლო და ხორცო ჩემო მეგობრებო. ო, რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით! ღმერთმა მიცოცხლოს თქვენი თავი, ალბათ კიდევ როდესმე ვიქნებით ერთად. არა მგონია, მაგრამ კარგი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში “ია ტაკ ხოჩუ”! შინაგანი ხმა მპასუხობს: ძალიან ბევრი მაინდომე, აი, გიაჯან! მოხარშულ წაბლზე უარს ხომ არ იტყვი?!

***

და აი, 1 აპრილამდე ვიყავი აქ სარატოვის ციხეზე. 1-ში მითხრეს – “დღეს პირველი აპრილია, გამგზავრებაც ადვილია”. მეგონა, კვლავ მატყვილებდნენ, მაგრამ მართლა არ გამამგზავრეს ააა… ჩვენში ხომ ტყვილი მეფობს. ავკრიფე გუდა-ნაბადი და ჩელიაბინსკისკენ ჰერი… ჰერი…
დღეს უკვე აპრილის ორია
და სტოლიპინშიც “სბორია”.
3-ში ვიქნები ჩელიაბინსკში, მერე როგორ? საით? და როდის? “ჩორტ ეგო ზნაეტ”…
აპრილი კი ჩემი თვეა, მე მართლაც მაგრად მიყვარს აპრილი… 10-ში ჩემი პატარა გოგოს დაბადების დღეა, 20-ში ჩემი დაბადების დღე.
რა საოცარი ოთხეული შევიკრიფეთ 20 აპრილს – გიტლერი, ნაპოლეონი, ხრუშჩოვი და მე, ხოლო ორი დღით გვიან კი დაიბადა, მე იმის დაბადების დღეც… მახსოვს… ვოვა ულიანოველი. სამწუხაროდ, გარდა ჩემი დაბადების დღისა ვერც ერთს ვერ დავესწრები, საპატიო მიზეზი მაქვს.
ეჰ… გია… გია.. ფერა… ფერა… გია… გია… ფერა… ფერა… ისმოდა ბორბლების რაკა რუკი…
მე კი ვიჯექი ჩემთვის და გულში ბანს ვეუბნებოდი.
ვაი… გია… გია… ფერა… ფერა… ძე… ძე… ვაი!
და აი, 4-ში ამოვყავი თავი, არა ჩელიაბინსკში, არამედ სვერდლოვსკში. ერთ პატარა კამერაში 60 კაცი შეგვყარეს, მაგრამ არა უშავს… ამასაც მიჩვეული ვარ…
დღეს 10 აპრილია! ჩემი გოგო 4 წლის გახდა…
დღეს 10 აპრილია! აღდგომაა… ქრისტე აღდგა!
აღდგომა ჩემთვის უწმინდესი და სასწაულად ლამაზი დღესასწაულია.
წითელი კვერცხი… ბატკანი… სანთელი… გაზაფხული…
ღმერთო ჩემო, რა დღე დადგა.
მე ვკვდები და ქრისტე აღდგა… (ჭეშმარიტად!).
ყველა ჩემებს ვულოცავ ამ დღესასწაულს, ყველა ქრისტიანს და ყველა მორწმუნეს.
დღეს ალბათ რამდენმა ურწმუნომ და უხატომ გადაიწერა პირჯვარი, იმდენი საათი რომ მომაკლონ, ანდა წამი… მთავრობა კიდევ ვალში დამრჩება. დაველოდები, რას მომიტანს ხვალინდელი დღე… ისე ღმერთის წყალობით, ჩაი არ გვაკლია, ჩეფირი – არესტანტების კონიაკი… მადლობა, დიდი მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ საშუალება გვაქვს ჩაით მაინც ვთქვათ გულის ნადები… ველოდები ეტაპს…
დრო გარბის. მე კი ისევ სვერდლოვსკის “პერესილკაში” ვარ. მოდის დალოცვილი და ამავე დროს დაწყევლილი 20 აპრილიც, ჩემი დაბადების დღე – დაიქცეს ეს დღე. ჯიგარი ბიჭები არიან ჩემთან ერთად: ჩეჩენი საიდა, კაზახები ანვარ ღაბზი (ბრძენს ნიშნავს) და ხალიდა, ვახა, მალიშა და იურა. დილიდან 20 აპრილს ადრე ადგნენ და საჭმლის მომტანს რაღაც ჩვენებური ფოკუსი ჩაუტარეს – იმან კი მოიტანა მაგარი შაქარი და 2 პაიკით მეტი პური. გავიღვიძე და დამახვედრეს “კრიტნიკების” ტორტი. ისეთი ლამაზი იყო, რომ იმის ყურებას არაფერი ჯობდა. ზემოდან წვრილად დაფქვილ შაქარზე ჩაით ეწერა: “გია 40 ლეტ”.
გია, აი, ესეც 40 წელი,
სულ გაგითეთრდა ტიალი წვერი,
გუშინ ყმაწვილი გერქვა სახელად,
უცებ ერთ დღეში გახდი ბებერი.
ჩაი შემოვინახეთ ამ დღისთვის სპეციალურად. მივიღე მრავალი მისალოცები. გვერდით ქურდები იჯდნენ: თბილისელი ვახო და სოხუმელი სლავიკა. ჯემპრი მაჩუქეს შავი, ჩვენებური. ჩემმა კამერის ბიჭებმა კი – პირსახოცი, ცხვირსახოცები, ნასკები, შარფი და ვისაც რა ჰქონდა მრავალი სხვა სახსოვარი. მადლობელი ვარ იმათი. ყველას თავის დარდი აქვს და ღმერთი იყოს მათი მფარველი…
ისევ ეტაპის ცდაში, ისევ ჭაღარა თმაში…
ეს მერამდენე თვეა, რომ მივეთრევი გზაში.
იაკუტიამდე მივაღწევ თუ არა, აზრზე არა ვარ, ერთი კი ვიცი, მე მიყვარს ყველა, ვისაც უყვარხარ, ვისაც არ უყვარხარ და თავის გზაზე გაუმარჯოს… ეტყობა, ეგეთებიც ბევრია, რადგანაც კარგა ხანია კრიტის რეჟიმი დამიმთავრდა, მაგრამ მე ისევ კრიტის რეჟიმი მაქვს, ამას სხვანაირად ვერ დაარქმევ, ზონა წესიერად არც მინახია, და არც მჯერა, თუ ოდესმე ვნახავ.
თუმცა დავიცადოთ… სად გვეჩქარება, მივყვეთ დინებას.
ეს სროკი ხომ ასეც და ისეც ჩემი გასატანია,
ამათ ხელში კი ეს ცხოვრება, ვახ, რა მძიმე ასატანია…
დღეს უკვე 21 აპრილია – დღეს დავლიეთ ბოლო ჩაი… თავი გვტკივა, დედა, ვაი…
აბა, ჯერჯერობით, ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ ფინალი იყოს “ჰეპი ენდი”. ზღაპარია, მაგრამ “ია ტაკ ხოჩუ”…
როგორც იქნა, 21-ში პატივცემულებმა ინებეს და ჩამსვეს მატარებელში. უკვე 20 დღეზე მეტია აქა ვარ, ეტყობა, უკვე მოვბეზრდით და უფრო იმიტომ. შეგვრეკეს პატარა ოთახში და 22-ში საღამომდე იმ პატარა ოთახში ვიყავით 70 კაცი. ამათ ეხერხებათ, მაგაში ოსტატები არიან, ეს ხომ შრომა-გასამხეცებელი კოლონიაა.
როგორც იქნა, ისევ მატარებელი, ისე მიხარია ხოლმე, თითქოს ისევ სადმე საზღვარგარეთ მივდიოდე.
სტოლიპინი, სტოლიპინგი,
რა გართობა, ან რის ლხინი,
გულზე გაწევს რკინის კარი,
გასაქცევი არსით არი.
ოცდასამი – გათენდა-დაღამდა,
ოცდაოთხი – გათენდა-დაღამდა.
ოცდახუთი გათენდა, ჯერ კარგად არ დაღამებულა.
მივაღწიეთ კრასნოიარსკს. ვიფიქრე, კრასნოიარსკში ციხეზე რამდენიმე დღეს გამაჩერებდნენ, ამ ქალაქთან ჩემი გასტროლებისდროინდელი საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს, გულით მინდოდა, მაგრამ ცხოვრება ეგრეა მოწყობილი, გულით რაც გინდა, ის სად არის ბაბაია?!.. “ზაკონ პოდლოსტი პროცვეტაეტ”. ზუსტად ერთ საათში დამიძახეს კრასნოიარსკის ციხიდან ეტაპზე გასასვლელად! ეგეთი რამ მე არ მახსოვს, რაც ეტაპებში ვარ, რომ მატარებლიდან, მატარებელზე დავეძახეთ ერთ დღეში, მაგრამ ხომ ხვდებით, რატომ მოხდა ასე? მე მინდოდა, რომ დავრჩენილიყავი კრასნოიარსკში…
“ვნუტრენი გოლოსი” კვლავ მეუბნება:
“ეეჰ… გიაჯან! შენი მიკვირს, ვეღარ გაიგე, რომ უბედო ხარ?! ამ ხნის კაცი მაკვირვებ, აი!”
ოცდახუთი დაღამდა – ოცდაექვსი გათენდა. საღამოს ვიქნებით ირკუტსკშიო, ასე თქვეს.
ჩამოვედით ირკუტსკში. შეგვყარეს ისევ ოთახში ეტაპკაში, მაგრამ ოთახიც არის და ოთახიც. წარმოიდგინეთ კუბო რამოდენიმე კაცზე. ტემპერატურა იგივე, რაც მიწის ქვეშ ადამიანს აქვს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ეგრე იქნება, 27-ში საღამომდე გამოვკუბოვდით. ხო, მართლა! წამოგვყარეს ღამის 3 საათზე მკვდრები, ძვლების გასათბობად. ცოტა შევითბეთ ძვლები და ის იყო ამ ქვეყნისკენ უნდა მოგვეხედა, რომ ჩქარა, ჩქარას ძახილით გამოგვრეკეს და ისევ იმ სასაფლაოზე ე.ი. იმავე კუბოში – ე.ი. იმავე კამერაში ჩაგვასვენეს. იქნება ასე საბოლოოდ გაცივდეთო. მაგრამ მოხდა სასწაული – არავინ არ მომკვდარა, ყველა გაგვანაწილეს კამერებში. აქ ცოტა მოვითქვი შედარებით სული. ეხლა ვზივარ ირკუტსკში და ველოდები.

***

მოვიდა პირველი მაისი, დაიწყო დღესასწაულები.
რისი პირველი მაისი,
რომელი გულზე ხალისი,
დღეს ისეთ ხასიათზე ვარ,
რა გავაკეთო, არ ვიცი.
მოვიდა 7 მაისი – გამოგვათრიეს კამერიდან. გამოგვათრიეს და ჩაგვათრიეს ისევ იმ ყინულის კუბოში, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ.
“გამოგვათრიეს, ჩაგვათრიეს, წაგვათრიეს”, რატომ ვხმარობ ამ სიტყვებს?
იმიტომ რომ ამათ სხვანაირად არ შეუძლიათ და იმ მოპყრობას, როგორც ჩვენ გვექცევიან, სხვას ვერაფერს დაუძახებ. რას იზამ, თანამდებობის პირები არიან და სხვანაირად “ნე პოლოჟენო!”, ასეა ყველგან, როგორც აქეთ, ისევე იქეთ, მავთულს ზევით თუ ქვევით. ჩვენც რაღა დაგვრჩენია რა.
ვითმინოთ, ვითმინოთ, ვითმინოთ,
იდაყვზე ვიკბინოთ, ვიკბინოთ!
საქმე არის იმაში,
ჯერ მივდივართ ჩიტაში,
მერე “ჩორტ ეგო ზნაეტ”,
მგონი, იაკუტიაში.
როგორც იქნა, დაგვიძახეს ეტაპზე. ეხლა მთავარია ვნახოთ, რომელ ტრანზიტში მომიწევს გაჩერება… გავედით გასაშმონად და საჭმლის მისაღებად. აქ პურის რაოდენობაზე მიხვდები, სად მიყავხართ: ნახევარი პური – ულან უდემდე, 1 პური – ჩიტამდე, 2 პური – ტახტამიტამდე (“დოლინა სმერტი”), 3 პური – ხაბაროვსკამდე. ასევე თითო კოვზი შაქარი ჩიტამდე, 2 კოვზი – ტახტამიტამდე, კოვზი – ხაბაროვსკამდე, ნახევარი – ულან უდემდე. ასევე ზუსტად ნაწილდება თევზი. მე მივიღე ყველაფერი თითო-თითო. თქვენთვის ალბათ უკვე გასაგებია, თუ სად მივდივარ. ჩვენთან, საქართველოში, დედა შვილს რომ წყევლის, შენ წადი არმოუსვლელში, ჩიტაში და იაკუტიაშიო.
ჩემო გია, ეს რა ხდება,
რა თვალები დაგეჭყიტა,
მსოფლიო რომ მოიარე,
რა მოხდება, ნახე ჩიტაც.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩიტაში ვზივარ და
ხვალე სად წავალ, არ ვიცი,
აქ მაინც მინუსს აჩვენებს,
ჰოდა ნიფხავიც ჩავიცვი!
დაველოდები, როდის გამათრევენ, ან წამათრევენ ჩიტიდან. აქ შემოვბრძანდი… (ეს ისე! ჩემს თავს თუ არ ვეცი პატივი, აბა ესენი ხომ სულ ფეხებზე მიკიდებენ!), მაშ ასე… შემოვბრძანდი ჩიტაში 9 მაისს, გამარჯვების დღეს. ვისი გამარჯვების? რისი გამარჯვების აზრზე არა ვარ. მგონი, მაგნების. შემოვბრძანდი 9-ში და დღეს 25 მაისია უკვე… უკვე ის დრო დგება და ის განწყობა, როდესაც ყველაფერს იღებ და ფეხებზე იკიდებ. სწორედ ასე ვარ მეც. არაფერი არ ვიცი, როგორა ხართ, ჩემო ახლობლებო. მე კი ვწერ წერილებს და ვარ, არ ვიცი მოდის თუ არა თქვენამდე, იქნებ თქვენც ამ დღეში ხართ, რომ არ იცით, როგორა ვარ, რას ვშვრები. ასეა პატიმრის ხვედრი ეტაპში. მას აქვს მიმართულება და პატიმრის ნომერი, სხვა არანაირი მისამართი და უფლება მას არ გააჩნია.
ვზივარ და ვზივარ ჩიტაში და ველოდები თვითმფრინავს, როდის ინებებს ამინდი ჩემს გამგზავრებას. რას იზამ, იაკუტიაში მიმავალი პატიმრის ბედიც ტაროსზეა დამოკიდებული…
ვაი ჩემს უბედურ თავს,
ველოდები თვითმფრინავს,
ამ ლოდინში დრო გადის
და ეს წლებიც მიფრინავს.
მალე წამიკითხავენ
მეც ჩუკჩების სიაში,
თავს ამვყოფ სულ მალე
“მზიან” იაკუტიაში.

როგორც იქნა, ლეკო თათაშელმა (გია ფერაძემ) ივნისის შუა რიცხვებისათვის მიაღწია “მზიან” იაკუტიას ცოცხალ-მკვდარმა.”

გააზიარეთ