გაეცანით ოთარ რამიშვილის უნიკალურ ჩანაწერებს

16 დეკემბერი, 2015

1otar-ramishvili1თბილისის კოლორიტის, კომპოზიტორისა და მომღერლის ოთარ რამიშვილის ოჯახი საშუალებას აძლევს მისი შემომქედების მოყვარულებს და მკვლევარებს შემოქმედის უნიკალურ ჩანაწერებს გაეცნოს.

ოთარ რამიშვილის შვილის, მიშა რამიშვილის გადაწყვეტილებით, მომღერლის სიმღერების ჩანაწერების ორიგინალები ეროვნულ არქივში შეინახება. მან არქივს გადასცა გასული საუკუნის 70-90-იან წლებში 12 მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი 160-მდე სიმღერის ორიგინალი ჩანაწერი.
სიმღერებს შორისაა „ფუტკარი“, „თბილისო“, „ბულბულის სტვენა“, „მითხარ რად ხარ მოწყენილი“, „მარტის თვეა შენი“…

“სამომავლოდ ვაპირებ, მამაჩემის მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა მასალაც ეროვნულ არქივს გადავცე, აქ დოკუმენტებს სათანადო პირობებში ინახავენ და უვლიან“, – განაცხადა მიშა რამიშვილმა.

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის გიორგი კაკაბაძის თქმით, არქივი ის ადგილია, სადაც დოკუმენტების ორიგინალები ინახება და შინაარსთან ერთად, ოთარ რამიშვილის ოჯახის შემოტანილი მასალა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.

ოთარ რამიშვილის სიმღერის ჩანაწერები, მისი ოჯახის თანხმობით, ხელმისაწვდომი იქნება მკვლევართათვის.

უახლოეს მომავალში ამ სიმღერებიდან შერჩეული ორი კომპოზიცია არქივის www.soundcloud.com-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდება პროექტის „33 1/3 ქართული ესტრადა“ ფარგლებში.