8 დეკემბერი, 2015

ამადეო მოდილიანის რექვიემი

1modilianიტალიელი მხატვარი ამადეო მოდილიანი იმ გენიოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც დიდება და აღიარება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვეს. ამადეოს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მისი ნახატები პენსილვანიელმა კოლექციონერმა ალბერტ ბარნესმა აღმოაჩინა და მის მიმართ ინტერესიც გაიზარდა.

გავიდა წლები და ამადეო მოდილიანის ნამუშევრებს ფასი დაედო. მისი ტილოები მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე მილიონებად იყიდება და კოლექციონერებში ხელიდან ხელში გადადის. მისი ყველაზე ძვირადღირებული ნახატი “მწოლიარე შიშველი ქალია”, რომელიც 170 მილიონად გაიყიდა.

მეგობრები მას უბრალოდ მოდის ეძახდნენ. მხატვარი ბევრს სვამდა, ეწეოდა და აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის ეპოქაში მოდილიანი ყველაზე განათლებული მხატვარი იყო, სიცოცხლეში თავის ნახატებს ვერ ყიდიდა და სიცოცხლის ბოლო წლებშიც აუტანელ სიღატაკეში ცხოვრობდა.

“არტინფო” მსოფლიოში აღიარებული მხატვრის შემოქმედებითი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოგიდგენთ.

***

მხატვარი ბავშვობიდან სუსტი იყო და არაერთი დაავადება გადაიტანა. ის ბევრს მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ მთელი მისი სული, გული და გონება მხოლოდ თავის საყვარელ საქმესთან იყო დაკავშირებული. როგორ ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ხატავდა და ხატავდა.

პარიზში გადასვლამ მოდილიანის ცხოვრების სტილი და ტემპი მთლიანად შეცვალა. პარიზის ღამის ცხოვრებაში აქტიურმა მონაწილეობამ მხატვარს ბოჰემური ადამიანის იმიჯი შეუქმნა. მხატვრები ამადეოს თაყვანს სცემდნენ და ტოსკანელ პრინცს ეძახდნენ. იგი მართლაც წარჩინებული ოჯახიდან იყო. მონმარტრზე მასზე მითებს ყვებოდნენ, რომ ღატაკი არისტოკრატია, ბანკირის ვაჟი და სპინოზას შთამომავალი. დედამისი მართლაც იყო სპინოზას შორეული ნათესავი. მამამისის წინაპარი კი ოდესღაც რომის პაპის ბანკირი გახლდათ.

მხატვარი გაუთავებლად სვამდა, შიშველი ნატურის დასახატად ის მეძავებს იყენებდა. პარიზში მას “მოდი” შეარქვეს, რაც “დემონს” ნიშნავდა. არადა, რეალურად არაფერი იყო მასში დემონური.უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მას მუდამ თან სდევდა წარუმატებლობა, რასაც ავადმყოფობაც ემატებოდა. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა მხატვარმა არაერთი ნამუშევარი დაკარგა და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ იხდიდა ბინის ქირას და ხშირად უწევდა ხეტიალი. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საღებავებით ხატვა კატეგორიულად აკრძალული იყო, ის მაინც გამუდმებით მუშაობდა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელებას მაინც ვერ ახერხებდა:

“ეტყობა ფერწერა ჩემს სურვილებზე ძლიერია, ის მოითხოვს, რომ პარიზში ვცხოვრობდე.…პარიზში უბედური ვარ, მაგრამ მხოლოდ ამ ქალაქში შემიძლია მუშაობა.”

მოდილიანი არასოდეს არაფერზე წუწუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ უქონელიც იყო და უარყოფილიც. მისი ხელოვნების გაგება ყველას უჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი პირველი გამოფენა პარიზის ერთ-ერთ გალერეაში გაიხსნა. პოლიციის უფროსს არ მოეწონა მოდილიანის შიშველი ქალბატონების ნახატები და მხატვარი იძულებული გახადა გამოფენა სასწრაფოდ დაეხურა.

***

მხატვრის ცხოვრებაში გამოჩნდა ჟანა ებიუტერნი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მხატვარს შეალია. ამადეომ ჟანას პორტრეტი მისი პირველივე დანახვისას ქაღალდის ფურცელზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: “შევხვდი ერთადერთ ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა. იგი ჩემი ნამდვილი სიყვარული გახდება.” ამბობენ, ჟანა ჩიტს ჰგავდა, რომლის შეშინება ძალიან ადვილია. მას ქალური, მოკრძალებული, მომღიმარი სახე ჰქონდა. მშვიდად საუბრობდა და ღვინოს არასოდეს სვამდა. ჟანა მხოლოდ მუზა არ იყო. იგი თვითონაც მხატვარი გახლდათ და ამადეოს ათეულობით პორტრეტი აქვს დახატული. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო და, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან საცხოვრებლად გადავიდა. მაშინ ამადეო ძალიან ბევრს სვამდა და ავადმყოფობდა. ის 33 წლის იყო, გამხდარი, ჩავარდნილი ლოყებით და უფერული სახით. იგი სუტინის სახელოსნოში ცხოვრობდა და ძილის წინ იატაკს წყლით რეცხავდა ტარაკანებთან და ბაღლინჯოებთან საბრძოლველად. პარიზში ჩამოსვლისას კი სულ სხვაგვარი იყო, მუქი ფერის კოსტიუმი და ქათქათა თეთრი პერანგი ეცვა. ხალისიანი და ჯანმრთელი იყო, ცხოვრებას შეჰხაროდა.

***

მოდი და ჟანა ლუქსემბურგის ბაღთან ახლოს დასახლდნენ. ფული არ ჰქონდათ. ამადეოს უკვე შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა. იგი ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა დააავადმყოფა. ტუბერკულოზის გამო ღამით განუწყვეტლივ ახველებდა. ჟანას მშობლებმა იგი სამკურნალოდ ნიცაში წაიყვანეს. ამ დროს ჟანა უკვე ორსულად იყო და გოგონა შეეძინა. მოდიმ განცხადება დაწერა პირველ ცოლთან განქორწინებაზე, მაგრამ ვერ მოასწრო ჟანა მისი კანონიერი ცოლი გამხდარიყო, რის გამოც მათ გოგონას რეგისტრირებისას დედის სახელი ჟანა ებიუტერნი ჩაუწერეს.

ამადეო ნიცაში უკეთესად არ გამხდარა. პარიზში დაბრუნებისას ისევ დაიწყო სმა. უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ამიტომ ჟანას მამამ ბავშვი წაიყვანა. იმ პერიოდში გალერეაში მოდილიანის 12 ნახატი გამოფინეს. მათგან რამდენიმე გაიყიდა. ერთ დღეს მოდი მეგობრის დედასთან მივიდა, სასმელი ითხოვა და ებრაულად, მოთქმით რაღაც უმღერა. ფიქრობენ, რომ ეს ებრაული რეკვიემი იყო – ერთადერთი, რაც მოდილიანის ურწმუნო ოჯახში იცოდნენ. თითქოს მხატვარმა საკუთარ თავს უმძიმესი განაჩენი გამოუტანა.

მოდი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ ორ დღეში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. თავზარდაცემული ჟანა მასთან საავადმყოფოში მიიყვანეს. მან მოდის დიდხანს, თვალმოუცილებლად უყურა. მოდილიანის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ის მშობლების სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. ის მეორე ბავშვზე იყო ორსულად.

***

მხატვარი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხატვრებმა მას პომპეზური ცერემონიალი მოუწყვეს. ჟანა მეორე დღეს პარიზის შემოგარენში დაასაფლავეს. იგი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოდილიანის ოჯახის თხოვნით გადაასვენეს პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

მათ საფლავზე ერთი ქვა დევს, რომელსაც აწერია:
“ამადეო მოდილიანი,
მხატვარი,
დაიბადა ლივორნოში 12 ივლისს 1884 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 24 იანვარს, 1920 წელს.
სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო”

ცოტა ქვემოთ, იმავე დაფაზე წერია:

“ჟანა ებიუტერნი.
დაიბადა პარიზში, 6 აპრილს, 1898 წელს.
გარდაიცვალა პარიზში, 25 იანვარს, 1920 წელს
ამადეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ვინც არ
მოისურვა უმისოდ სიცოცხლე”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...