27 დეკემბერი, 2015

როგორ შევხვდეთ ახალ წელს?

1axali-weliრამდენიმე დღეში ახალი – 2016 წელი დადგება. ამ წლის დევიზია: “ეძებე სიახლე და ნუ იტყვი უცებ უარს გიჟურ წინადადებებზეც კი!”

იმისთვის, რომ ახალი წელი სიახლეებით სავსე, იღბლიანი, ბარაქიანი, წარმატებული და ბედნიერი იყოს, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს.

მიხეილ ცაგარელი:

“წლის მასპინძელი ცეცხლის სტიქიის, წითელი ფერის მაიმუნის ზოდიაქოა. კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ჩავიცმევთ წითელ, შინდისფერ, ვარდისფერ და ცეცხლის სტიქიიდან გამომდინარე, ოქროსფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ ტანსაცმელს. ეს არის ძირითადი ფერები ახალი წლის ღამის და მთლიანად 2016 წლისა. ატრიბუტებში შეიძლება შევიტანოთ ნებისმიერი ფერი მცირეოდენი რაოდენობით.

წლის რიცხვებია 2 და 9. კარგი იქნება თუ ახალი წლის ღამეს, რამდენიმე წუთით ადრე ახალ წლამდე დავანთებთ 2 წითელ სანთელს, თუ არ გვაქვს, მაშინ ყვითელი ფერის სანთელს და ჩავუთქვავთ მას, თუ რა გვინდა რომ მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში და ასე შევხვდებით ახალი წლის დადგომას. სანთელი ენთოს ჩაქრობამდე, თუ ვერ დაელოდებით, მაშინ ძილის წინ ჩააქრეთ საუკეთესო სურვილებით.

რადგან ეს წელიწადი განეკუთვნება იან (იაქტიური) ენერგიის ცეცხლის სტიქიის მაიმუნის ზოდიაქოს, ე.ი. კარგი იქნება თუ მეტად გამოყენებული იქნება ლითონის ატრიბუტიკა, მათ შორის სუფრაზეც.

საკვებ რაციონში მთავარი პროდუქტია ბანანი, რომელიც ძალიან უყვარს მაიმუნს, კარგი იქნება მზესუმზირა, ანანასი, ავოკადო და სხვა ტროპიკული და ეგოზოტიკური საკვების გამოყენება. კვლავ აქტუალური იქნება სუფრაზე ტრადიციული კერძები – გოზინაყი, საცივი, ხაჭაპური, შესაბამისი სასმელებით. მაიმუნს ძალიან უყვარს ტკბილეული, ამიტომ მაგიდა უნდა იყოს უხვად წარმოდგენილი ნამცხვრებით, კანფეტებით, შოკოლადებით.

მაგიდაზე აუცილებლად უნდა მოთავსდეს წითელი ან ყვითელ-ოქროსფერი მაიმუნის ფიგურის გამოსახულება, თხის გამოსახულებასთან ერთად, რადგან თხის წელიწადი აღმოსავლური კალენდრით დასრულდება მხოლოდ 8 თებერვალს. აი, ამ დროიდან მაგიდან დარჩება მხოლოდ მაიმუნის ფიგურა.

ყველაზე პოზიტიური ენერგიის სექტორი წელს იქნება ოთახის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. კარგი იქნება თუ ამ ზონაში მოვათავსებთ ნაძვის ხეს და პატარა აკვარიუმს.

რადგან აქტიური მაიმუნის წელიწადია, ახალ წელს უნდა შევხვდეთ აქტიურად – ცეკვებით, სიმღერებით, იუმორით, სკეტჩებით, რადგან მაიმუნს უყვარს ხმაური და თამაში.

ახალი წლის ღამეს იკრძალება დეპრესია, პირიქით, ოპტიმიზმი და მხიარულება მოგიტანთ მეტად მაიმუნის კეთილგაწყობას და წარმატებას.

ზოდიაქოს ნიშანთა საახალწლო საჩუქრებია:

ვერძი – შალის ნაწარმი, შარფი, სვიტერი, ელექტრო გაჯეტი;

კურო – ახალი საფულე, სუნამო, ჩანთა, მათ შორის ნოუთბუქის;

ტყუპები – ლამაზი სანთლები, ელექტრო და კომპიუტერული საგნები;

კირჩხიბი – სურათები, საყოფაცხოვრებო საგნები, სანთლები;

ლომი – ხელთათმანები, შარფები, პარფიუმერიის ნაწარმი;

ქალწული – ფენი, უთო, ელექტრო საქონელი, ნაძვის ხის სათამაშოები;

სასწორი – წიგნი, ფოტოაბლომი, ფლეშკები, ყურსასმენი, სანამოები, სურათები;

მორიელი – ჭურჭელი, შალის ნაწარმი;

მშვილდოსანი – წინდები, ხელთათმანები, შარფები, ქუდები, ტყავის ნაწარმი, სპორტული ნაწარმი;

თხის რქა – სამზარეულოს ატრიბუტიკა, ჭურჭელი, ფეხსაცმელი;

მერწყული – საათი, კომპიუტერული ატრიბუტიკა;

თევზები – ჭურჭელი, ნაძვის ხის სათამაშოები.