7 დეკემბერი, 2015

რევაზ მიშველაძის მოთხრობები მოზარდმაყურებელთა თეატრში დაიდგა

1premiera-mozardshiრევაზ მიშველაძის მოთხრობები ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დაიდგა.

11 და 12 დეკემბერს თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. ერთმოქმედებიანი დრამა მწერლის რამდენიმე მოთხრობაზეა აგებული. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“.

სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი…

მოზარდმაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე ცრემლიან, სულში ჩამწვდომ წარმოდგენას იხილავს, რომლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, მხატვარი ნონო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ პავლე ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ნაირა გელაძე, ნინო ლეჟავა, ლელა მახნიაშვილი, ქეთევან ქიტიაშვილი, ანა ხუროშვილი, შალვა ანთელავა, ვახტანგ ახალაძე, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე და ირაკლი ხვთისიაშვილი.