17 ნოემბერი, 2015

გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმი განახლდა

1galaktionis-muzeumi-ganaxldaთბილისში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი განახლდა. ქართული პოეზიის მეფის დაბადებიდან 124-ე წლის აღსანიშნავად პოეტის მემორიალურ ბინა-მუზეუმში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ გალაკტიონის ლექსების მიხედვით დადგმული მონო-სპექტაკლის „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ნაწილი წარმოადგინა.

განახლებულ გალაკტიონის ბინა-მუზეუმში დამონტაჟდა სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება, უწყვეტ რეჟიმში, მოისმინოს გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსების ჩანაწერები, დაათვალიეროს მისი ფოტოსურათები და ვიდეო მასალა.

მუზეუმის კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, დამზადდა გალაკტიონის ფოტოებითა და ხელნაწერებით გაფორმებული ბლოკნოტები, მაისურები, ჩანთები და მაგნიტები.

გალაკტიონის მუზეუმის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა წიგნი „მე ვკითხულობ გალაკტიონს“, სადაც შეტანილია რიგითი მოქალაქეების მიერ გალაკტიონის ლექსების კითხვის პროცესი. წიგნის პრეზენტაცია გალაკტიონის დაბადების დღეზე გაიმართა.