ჩეხოვის პოპულარული ვოდევილები ახმეტელის თეატრშია

1 ნოემბერი, 2015

1premiera-axmetelshiახმეტელის თეატრი მაყურებელს პრემიერას სთავაზობს. ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ თეატრის დასთან ერთად კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის ორ ყველაზე პოპულარულ ვოდევილზე იმუშავა და ახლა ანგარიშს მაყურებელს ახალი სპექტაკლით ჩააბარებს.

რეჟისორმა ჩეხოვის ვოდევილების „დათვი“ და „ხელის თხოვნა“ მიხედვით ახლებური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერპრეტაცია ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელა.

კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის პიესები დღემდე აღელვებს და იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეჟისორებს, ქორეოგრაფებს, კომპოზიტორებს. მისი ნაწარმოებების მიხედვით ქმნიან სპექტაკლებს სხვადასხვა ჟანრში, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ფართო მაყურებელში, სვამს და ეხმიანება ჩვენთვის დღემდე აქტუალურ და მარადიულ პრობლემებს. მისი მცირე ფორმის პიესები, რომლებსაც ექსპერტები ვოდევილებსაც უწოდებენ, დღემდე იდგმევა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

ახმეტელის თეატრში ესტონელი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი ქართველი მსახიობების მონაწილეობით მაყურებელს სიცილთან ერთად, დააფიქრებს კიდეც…

საპრემიერო სპექტაკლის მხატვარი მარიკა კვაჭაძეა, ქორეოგრაფი გიორგი რაზმაძე, სპექტაკლში მონაწილეობენ გია ჯაფარიძე, თამარ ბეჟუაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თათული ედიშერაშვილი და იუკა ვასაძე.

გააზიარეთ

 
...