ილია ჭავჭავაძე: ,,ეს ანდერძად გქონდეთ ჩემგან!’’

8 ნოემბერი, 2015

1ilia-chavchavadzeმწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე გამორჩეულად სათაყვანებელია ქართველი ხალხისთვის.

“არტინფო” ილია ჭავჭავაძის გამონათქვამებს შეგახსენებთ, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ ამ წუთისოფლის ავ-კარგიანობაზე და ადამიანის ამქვეყნიურ მთავარ მისიაზე:

***

ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.

კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.

ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.

შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.

წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.

ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.

ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.

ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს, ღმერთი ძლიერია… ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს… რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის… ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.

კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.

ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.

კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?

თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.

ზნე – ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე – ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.

ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის – მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.

განა შეტყობა იმისი თუ რა არის ცაში, – ან ცის იქით, – მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად – კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად – კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?

სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.

სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა… მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.

ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.

…ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი” – აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.

ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ – კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი.

ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.

ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.

არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.

ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.

მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.

ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.

აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.

ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!

ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.

მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.

ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.

გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.

ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.

ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.

დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.

„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, – ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, – აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.

დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.

ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.

დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.

იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.

როცა ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო… სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!
ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლქედება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.

დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, … ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.

არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.

საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.

გააზიარეთ

 
...