25 ნოემბერი, 2015

დოდო ჭიჭინაძის ყველაზე დიდი ოცნება

1Dodo-CHichinadzeუკვე წლებია ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის დოდო ჭიჭინაძის სილამაზეზე ლეგენდები დადის. ლია ელიავა, ლიანა ასათიანი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლეილა აბაშიძე – ეს ის ქართველი მსახიობები არიან, რომელთა სილამაზე გასცდა საქართველოს.

დოდო ჭიჭინაძე ცხოვრებაში მიღებული არაერთი ტკივილისა და ტრავმისა, მაინც ბედნიერი იყო და ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი სხვებსაც აძლევდა მაგალითს.

“არტინფო” მსახიობის ცხოვრების უცნობ და საინტერესო ეპიზოდებს შემოგთავაზებთ.

***

დოდო ჭიჭინაძე და მისი ძმა რეზო ჭიჭინაძე ბავშვობაში მხოლოდ ზაფხულობით ახერხებდნენ ყვარელში ჩასვლა და მშობლების მონახულებას, დანარჩენ დროს კი თბილისში ატარებდნენ. ისინი კახეთში მატარებლით მამიდას ჩაყავდა. ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, პატარა დოდო ჭიჭინაძემ ფანჯრიდან ყურებისას, ჩოჩორი დაინახა. ბავშვს გამიხარდა პატარა ვირის დანახვა და გადაწყვიტა, სიხარული მამიდისთვის გაეზიარებინა. მან არ იცოდა რა ერქვა პატარა ვირს და თურმე მორთო ყვირილი: “მამიდა, ვირიშვილი! ვირიშვილი!” მთელი მატარებელი მსახიობის ნათქვამზე იცინოდა, მას კი ვერ გაეგო ამ სიცილის მიზეზი.

***

…ხუთი-ექვსი წლის ასაკში დოდო ჭიჭინაძეს მამამის მეგობარმა ლაქის ფეხსაცმელი აჩუქა. გახარებულმა მაშინვე ჩაიცვა და მდინარესთან გაიქცა. შილდაში მდინარე ჩელთი ძალიან სწრაფია. მომავალმა მსახიობმა დიასახლისობა გადაწყვიტა და მდინარეზე ახალი ფეხსაცმელების რეცხვა დაიწყო, მაგრამ მდინარემ ერთი ფეხსაცმელი მოსტაცა. რაღას იზამდა? ბევრი იტირა, იღრიალა, წავიდა სახლისკენ კოჭლობით, ცალი ფეხსაცმლით. მისი მეგობრები თითქოს ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ სახლისაკენ მიმავალმა პატარა დოდომ გარკვევით გაიგონა როგორ გადაულაპარაკა ერთმა გოგონამ მეორეს – ძალიანაც კარგიო.

***

მოუსვენარი ბავშვი იყო დოდო ჭიჭინაძე. მას განსაკუთრებით უყვარდა აღდგომის დღესასწაული. სოფელში ყველა ეკლესიური ადათ-წესი შემონახული იყო. ბავშვები “ალათასა, ბალათასას” სიმღერით აღდგომა დღეს მთელს სოფელს შემოივლიდნენ, პატარა კალათებში წითელ კვერცხებს და ტკბილეულს აგროვებდნენ. აღდგომასთან ერთად მსახიობს ძალიან უყვარდა ჭიაკოკონობა. ჩააბამდნენ ბავშვები დიდ საქანელებს და კოცონს თავს ევლებოდნენ. ერთხელ პატარა დოდო კალოზე წაყვა ბავშვებს და შინ ბულულში ამოგანგლული დაბრუნდა. მის მშობლებს მოსამსახურე ჰყავდათ, სახელად დაშა, რომელმაც პატარა გოგონა კარგად გატყიპა.

***

დოდო ჭიჭინაძეს მშობლები ექიმობისთვის ამზადებდნენ, თუმცა გოგონა მსახიობი გახდა და ამით მამაც მოიმდურა. მართალია, სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ მისი მომავალი რადიკალურად შეცვალა:

დოდო ჭიჭინაძე ვერის ბაზარში შეამჩნია რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის დედამ, სადაც მომავალი მსახიობი მამიდასთან ერთად იმყოფებოდა. ნიკოლოზ სანიშვილის დედამ მათ კინოსტუდიაში წაყოლა შესთავაზა. თურმე იმ დროს “დავით გურამიშვილის” გადაღებას აპირებდნენ და ქეთევანის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. დოდოს მამიდამ იუარა, რადგან იცოდა, მისი ძმა სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ რეჟისორებისა და ფილმის დირექტორის დაჟინებულ თხოვნას ვერაფერი მოუხერხა.

როდესაც კინოსტუდიაში დოდო ჭიჭინაძე დაინახეს, ფილმის შემქმნელები თვალებს არ უჯერებდნენ, ისერთი ერთში ჰგავდა ფილმის მხატვრის, თამარ აბაკელიას მიერ კარგა ხნით ადრე შექმნილ ქეთევანის სავარაუდო პორტრეტს. ამ მსგავსებამ თავად მხატვარიც კი გააკვირვა.

რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრას ასე იხსენებდა:

“მოსკოვში ყოფნისას მსახიობ მიხეილ გელოვანს ვთხოვე, დოდო ეტარებინა მოსკოვის თეატრების წარმოდგენებზე და მისთვის სამსახიობო ანბანი ესწავლებინა.

ერთხელ მიშა გელოვანი მოვიდა და მითხრა: მე ვეღარ წავიყვან დოდოს თეატრში. რა გინდა, სანამ არ მომტაცებენ ბავშვს, არ მომეშვებიო?

თურმე მოსკოვის სამხატვრო თეატრში ყოფილან… “მესამე რიგში ვსხედვართ და ვუყურებთ წარმოდგენას, ყვებოდა მიშა, ჩვენს გვერდით ზის მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლკოვნიკი. წარმოდგენის ნაცვლად ეს ოფიცერი მთელი საღამო დოდოს მისჩერებოდა. შესვენებისას იხელთა დრო და მკითხა, ვინ არის ეს ქალიშვილიო. არ მესიამოვნა შეკითხვა, მაგრამ მაინც ვუპასუხე, ჩემი დისწულია-მეთქი.

– გათხოვილია? – ჩამეძია ოფიცერი.

– არა-მეთქი.

– მე გახლავართ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე. რამდენიმე დღის შემდეგ ვამთავრებ სამსახურს და სამშობლოში მივემგზავრები. თუ ნებას დამრთავთ და ქალიშვილიც ისურვებს, სიამოვნებით წავიყვანდიო ამერიკაში…”

***

დოდო ჭიჭინაძის პარტნიორი პირველ ფილმში გიორგი შავგულიძე იყო. როდესაც ფილმში “დავით გურამიშვილი” იმ კადრის გადაღების დრო დადგა, როცა დავით გურამიშვილს (გიორგი შავგულიძეს) ქეთევანისთვის (დოდო ჭიჭინაძისთვის) უნდა ეკოცნა. ჟორა დაიხარა და ელოდა რომ დოდო ბაგეს შეაგებებდა, მაგრამ მას მკაცრად ჰქონდა ტუჩები მოკუმული.

რეჟისორს შავგულიძისთვის დაუძახია, რა არის, ქალისთვის არ გიკოცნიაო, რაზეც გიორგი შავგულიძეს უთქვამს, ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არაო.

ასეთი ბჟღარტი დარჩა დოდო ჭიჭინაძე გიორგი შავგულიძისთვის:

“მას ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს, როგორც ქალისთვის, მისთვის სულ პატარა გოგო ვიყავი. ერთხელ კინოსტუდიის ეზოში ვიდექი, მაშინდელ ჩვენს მინისტრ ვალოდია ჭიაურელთან და მოსკოვიდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებთან ერთად. ბატონმა მინისტრმა მათთან წარმადგინა, მეც რატომღაც თავი მნიშვნელოვან ფიგურად წარმოვიდგინე და დიდის ამბით ჩავერთე საუბარში. ამ დროს კინოსტუდიის ფანჯრიდან მესმის ჟორას ხმა:

– ტრაკუნ, რა ამბავში ხარ?

ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ვითომ მე არ მეხებოდა, მაგრამ ჟორამ თავისი არ დაიშალა და გრიმიორს ხმამაღლა უთხრა, – ერთი შეხედე, ჩვენი ტრაკუნა რა დღეშიაო.

ამასობაში ბატონი ვალოდია და სტუმრები გამომემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ.

მე დიდხანს ვიტირე, ჟორა კი სიცილით კვდებოდა.”

***

ულამაზეს მსახიობს თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა, თუმცა დოდო ჭიჭინაძის სილამაზე იმდენ მოწიწებას და კრძალვას იმსახურებდა, მამაკაცები იოლად ვერაფრის თქმას ვერ უბედავდნენ.

მისი პირადი ცხოვრება თავიდან არ აეწყო. მან ოჯახის რჩევა არ გაითვალისწინა და მაინც გათხოვდა, რაც ინანა კიდეც. მეორედ ოჯახი კარგა ხანს არ შეუქმნია, რადგან მამაკაცებისადმი ნდობა დაკარგა.

თავის პირად ცხოვრებაზე დოდო ჭიჭინაძე ასეთ ისტორიებს იხსენებდა:

“გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები…
ერთხელ ლაშიკო (თაბუკაშვილი) მეუბნება: გზაზე ვიდექით ბიჭები. ვხედავ, თქვენ და დედაჩემი (მედეა ჯაფარიძე) მოდიხართ. ჰოდა, კაცები თქვენზე ისეთ კარგ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, გასუსული ვიდექი, ვუსმენდი და ჩემზე ბედნიერი ქვეყნად, ალბათ, არავინ იყო!

მე, ძალიან ახალგაზრდა, უბედოდ გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისაგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით მეორედ ვცადე ბედი და, კიდევ ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახისადმი: ამას როგორ აკეთებ, დოდო, ცოდო ხარო, სულ მეუბნებოდა და…. ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ, მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავისი ცხოვრებაა, უყვარხარ, ჩემი მეგობარია, ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. რომ მივედით, იხუმრეს, ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ კიდევ, რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარმა მეგობარ რაიკომის მდივანს, რომელიც ბიუროს სხდომას ატარებდა, დაურეკა: “ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ, აქ, მმაჩის ბიუროში კი ამას ერთი თვე სჭირდებაო, უარს გვეუბნებიანო. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ კიდევ ერთი ამბავი ატეხეს, ახლავე მოაწერონ ხელიო… რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ამბის ატეხა მაშინ გენახათ, ჩემი გათხოვება კამოს ქუჩის N4-მა რომ გაიგო, მთელი სახლი აივანზე გადმომდგარი, ტაშის გრიალით შემეგება.

ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი; დიდზე-დიდი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა და ეგრძნო ეს ცხოვრება…. მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი. მას იმ ასაკში გავყევი ცოლად, რომ შვილთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ ჰქონდა, რადგან 40 წელს ვიყავი გადაცირებული. თანაც მას შვილი უკვე ჰყავდა, ბიჭი. ჩემს მეუღლეს ახალგაზრდობაში ქალები უყვარდა ძალიან. ის ქალიც “ნემკა ევრეიკა” სპორტსმენი იყო, მასზე დაოჯახება კი არასოდეს უფიქრია. მაგრამ შვილს გვარი მისცა.”

***

როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა, რადგან იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა, მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს.

რომის პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე ქალბატონის სილამაზის მიმართ და უთქვამს:

– ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) – დიდებული ევროპაა!

– ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია!

– აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო.

***

დოდო ჭიჭინაძე და მედეა ჯაფარიძე დამეგობრდნენ. მსახიობი მათი გაცნობის დღეს ხშირად იხსენებდა და ასეთ ისტორიას ყვებოდა:

“არასოდეს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა ჩემი აღმზრდელის ოჯახში, წვეულებაზე. მაშინ პატარა გოგო ვიყავი, მედეა კი უკვე თეატრის დასში ირიცხებოდა. ოთახში რომ შემოვიდა, ფარდიდან თავი გამოვყავი და მისმა სილამაზემ თვალები გამიშტერა. თვალებგაფართოებული, დაჟინებულ მზერას ვერ ვაშორებდი მედეას. ალბათ ეს მანაც იგრძნო და შემომხედა. ჩემი თვალები რომ დაინახა, ჩვეული გულუბრყვილობით შესძახა: “ღმერთო ჩემო, ეს რამხელა კაკლის მურაბებია!” რა ვიცოდი, იმ დღიდან მედეა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი თუ გახდებოდა.

ბევრი მეგობარი მყავდა დუდუხანა წეროძე, თამილა ლასხიშვილი, მზია მახვილაძე, ლეილა აბაშიძე. ო, ლეილა! ის ჩინებული კინომსახიობია, ნამდვილი კინოვარსკვლავი! მეც არაერთ ფილმში ვარ გადაღებული, მაგრამ ვთვლი, რომ ძირითადად მაინც თეატრის მსახიობი ვარ. აი, ლეილა კი ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავია. “ქაჯანადან” დაწყებული მან უამრავი სახე შექმნა ეკრანზე… მაგრამ სულ სხვაა ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი. მათ ჩემი ბედის მკვერავებად ვთვლი. შენი ადგილი თეატრშიაო, მითხრა ვერიკო ანაჯაფარიძემ და მივხვდი, სიმართლეს მეუბნებოდა.

მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი როლი ივდითი იყო “ურიელ აკოსტაში”. რეპეტიციებზე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, აი, დადგა პრემიერის დღეს სცენაზე რომ აღმოვჩნდი, ტექსტი დამავიწყდა. ამ დროს კულისებიდან ნაცნობმა ხმამ რამოდენიმეჯერ გამიმეორა ივდითის ფრაზა: “ცხოვრების სიბრძნე… ცხოვრების სიბრძნე მიუწვდომი თილისმა არის.”

ეს ჩემი საყვარელი დამრიგებელი და უფროსი კოლეგა სესილია თაყაიშვილი იყო. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, მივუახლოვდი ჩემს მხსნელს და ვკითხე:

– ქალბატონო სესილია, თქვენ რა იცოდით, რომ ასე დამემართებოდა-მეთქი და “შე დურაქო, მე არტისტი ვარ, არტისტი, პარტნოი კი არაო,” მიპასუხა.

ხშირად მეკითხებიან, კინო თუ თეატრი? რა თქმა უნდა, თეატრი, რადგან ეს არის ცოცხალი, უშუალო კონტაქტი მაყურებელთან. თეატრის სცენა მუდმივი ძიებისა და მიგნების საშუალებაა. კინოში როლს ერთხელ შეასრულებ და ამით მთავრდება ყველაფერი.”

***

დოდო ჭიჭინაძის მოგონება კახეთში გამართულ გასტროლთან დაკავშირებით:

“კახეთში ჩავედით, სადაც “მეფე ერეკლე” უნდა გვეთამაშა. მე ანა ბატონიშვილი ვიყავი, ბესიკი კი იაშა ტრიპოლსკი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკვე თავიც “მოვიკალი” და ტახტზეც ვიწექი, იაშაც შემოვარდა და “ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებოო” დამიტირა…. უცებ შევამჩნიე, მაყურებელთა დარბაზიდან ორი პატარა თავი გადმოიწია და გაფაციცებით მაკვირდება. მერე ერთი მათგანი, რვა-ცხრა წლის ბიჭუნა, დარბაზს გაბრწყინებული სახით გასძახის “სუნთქავს განა?! სუნთქავს!” ატყდა ხარხარი, ტუჩებს სიმწრით ვუყრი თავს, იაშა თავზე მაცხრება და ისიც კვდება სიცილით. კიდევ კარგი, სინათლე ჩააქრეს.”

***

მსახიობს არაერთხელ დაუმტკიცეს, რომ ის ძალიან უყვართ როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე უახლოეს მეგობრებს:

“კარგა ხნის წინათ, საავტომობილო შემთხვევის გამო ერთ-ერთ საავადმყოფოში უგონოდ მიმიყვანეს, მანამდე ვერ მოვიხედე, სანამდე ნაცნობი სიმღერა არ ჩამესმა. ძალა მოვიკრიბე, ჯერ ყურთასმენა დავძაბე, შემდეგ თვალი გავახილე. საწოლთან ცინუკი დადიანი მეჯდა და მეგრულ სიმღერებს მიგალობდა. თურმე მთელი ღამე ასე გაეტარებინა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისმა სიმღერებმა გადამარჩინა. ო, რა ძალა და მშვენიერება იყო იმ ტკბილ ხმაში, თითქოს ზღვა მიმღეროდა.”

***

სიცოცხლის ბოლო წლებში დოდო ჭიჭინაძე მთავრობისგან ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა:
“ახლა მთავრობა რაღაც სარჩოს მაძლევს ჰუმანიტარული დახმარების სახით… მაგრამ მე დავთანხმდი ამ ჰუმანიტარულ დახმარებას, ერთ ლიტრ ზეთს, მაკარონს, წიწიბურას და დავთანხმდი იმიტომ, რომ ერთ გაჭირვებულ მრავალშვილიან დედას ვაძლევ.”

***

დოდო ჭიჭინაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ყველაზე დიდი ოცნება სცენაზე ქეთევან დედოფლის გაცოცხლება იყო.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...