19 ოქტომბერი, 2015

სასტიკი განაჩენი ლევან გოთუასთვის

1levan-gotua“სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად… ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც,” – ეს სიტყვები მწერალმა ლევან გოთუამ უკანასკნელი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.

მწერალი 20 წლის ასაკიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში იყო ჩართული და ამის გამო არაერთხელ დაისაჯა. მთლიანობაში ლევან გოთუამ 22 წელი გაატარა დევნასა და გადასახლებაში. მისთვის ყველა გადასახლება რთული იყო, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ვორკუტაში გატარებული 10 წელი აღმოჩნდა. ურთულესი პირობებში ლევან გოთუამ მოახერხა და თავისი ერთ-ერთი გენალური ნაწარმოების “გმირთა ვარამის” ორი ტომი სწორედ იქ დაწერა.

საკმაოდ ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლებები 50 წლის ასაკში დასრულდა. ნახევარსაუკუნეს გადაბიჯებულმა მწერალმა პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცალა, შექმნა ოჯახი და ეყოლა ერთადერთი გოგონა, რომელსაც ძველქართული სახელი ლელა თავად შეურჩია. საცხოვრებლად კი არმაზი აირჩია და აქტიურად დაიწყო ნაწარმოებების წერა.

“არტინფო” მწერლის ტანჯული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს შეგახსენებთ.

ლევან გოთუამ 22 წელი გაატარა გადასახლებებსა და დევნაში. ის რამდენჯერმე დააკავეს. მათი ოჯახი “ჩეკას” განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამაზე მწერალი წერდა კიდეც – ღირსეული მამულიშვილები გვინდოდა ვყოფილიყავით, სამშობლოში ამის საშუალება კი “ჩეკამ” ყოველმხრივ დაგვიხშოო.

“ჩეკისტების” სამიზნე გოთუების ოჯახი პირველად 1920 წელს გახდა. ქალიშვილის ქორწილში მოზეიმეები უკლებლივ ყველა დააპატიმრეს, შეამოწმეს ოჯახის ყველა წევრი, თუმცა მეორე დღეს გაათავისუფლეს. ლევან გოთუა 15 წლის იყო და ეს ფაქტი განსაკუთრებით მძაფრად დაამახსოვრდა. 20 წლის ასაკში მწერალმა პირველი გადასახლება იგემა, ის დააკავეს და სოლოვეცკის ბანაკში გადაასახლეს. ერთი წლის შემდეგ, ლევან გოთუას სასჯელი თავისუფალი გადასახლების მუხლით შეუცვალეს, მაგრამ დედაქალაქში ცხოვრების უფლება არ მისცეს, ამიტომ მწერალი ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და მასწავლებლად მუშაობდა. ლევან გოთუას გადასახლების ვადა გაუზარდეს, პროტესტის ნიშნად მან ბანაკიდან გაქცევა დააპირა, მწერალი დაიჭირეს და სამი წლით საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.

პირველი გადასახლებიდან დაბრუნებულ მწერალს თბილისში ცხოვრება აუკრძალეს, ამიტომ ის დროებით წალკაში დასახლდა და ეკონომისტად მუშაობა დაიწყო. წალკაში დაწერა ლევან გოთუამ თავისი პირველი პიესა “ჩაძირული სოფელი”, რომლის დადგმასაც აკაკი ხორავა აპირებდა, მაგრამ ვერ განახორციელა. ლევან გოთუას მეორე პიესაზე “მეფე ერეკლე” სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს უფლება მწერალს თბილისში ეცხოვრა.

სამწუხაროდ, მწერლის თავისუფალი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ლევან გოთუა ისევ დააპატიმრეს და ამჯერად ვორკუტაში გადაასახლეს, სადაც 10 წელი გაატარა. საპყრობილე მან სტალინის გარდაცვალების შემდეგ დატოვა, თუმცა მისი რეაბილიტაცია უფრო გვიან მოხდა. ვორკუტას გადასახლება აღოჩნდა მწერლისთვის ყველაზე მძიმე და რთული გადასატანი, რასაც მოგონებებშიც ხშირად აღნიშნავდა, ვერც კი წარმომიდგენია, საიდან მოდის ეს სისასტიკე და გესლი. მე მიკვირს, კაცს, რომელმაც რა არ გადავიტანე.

ვორკუტაში ლევან გოთუასთან ერთად იყო გადასახლებული გრიგოლ დობროშტატი. მათ ციხეში ბუნტი მოაწყვეს. დობროშტატი მოსკოვში ჩამოიყვანეს და ის ხრუშჩოვს შეხვდა, სადაც კატეგორიულად მოითხოვა ლევან გოთუას საკითხის გარკვევა, თუ რისი გულისთვის იხდიდა მწერალი სასჯელს. გაირკვა, რომ მამაჩემს ბრალად ედებოდა ქვეყნის მტრობა, მონასტრის აფეთქების მცდელობა და კიდევ ათასი მიზეზი იმისთვის, რომ ის თავისუფალი არ ყოფილიყო. მაშინ ასეთი წესი იყო – საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლებულ ადამიანებს საქართველოში დაბრუნების უფლება არ ჰქონდათ. ციმბირში ახალაშენებული ქალაქები იყო და ხალხს იძულებულს ხდიდნენ, იქ დასახლებულიყვნენ. ლევან გოთუამ გათავისუფლების შემდეგ, ბანაკის ტერიტორია არ დატოვა და იმ ქალაქში საცხოვრებლად არ გადავიდა, ჩემთვის თავისუფლება სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს და თუ მაინც აქ უნდა ვიცხოვრო, სულერთია სად ვიქნებიო. მეგობრები ურჩევდნენ, ეს არ გააკეთოო, ისევ ციხეში არ დაგტოვონო, მაგრამ ის ჯიუტად იდგა თავის პოზიციაზე არ არაფრის შეცვლას არ აპირებდა. მას ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა და საბოლოოდ ციხიდან გათავისუფლებულებს თავის სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

ლევან გოთუას გენიალურ რომანთან “გმირთა ვარამი” არაერთი საინტერესო ისტორია არსებობს. რომანში არის ეპიზოდი, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ალექსანდრე ძეგამიდან გრემში ბრუნდება. ის ტყეში, წვიმაში სულ მარტოა, ამალის გარეშე და ღამეს ნაბადში გახვეული ათევს. ერთ დღეს მწერალმა გადაწყვიტა, ეს გზა თავადაც გაევლო, უთქვამს, უნდა ვიგრძნო ალექსანდრე რას გრძნობდა და ფიქრობდაო. ლევან გოთუამ მითრიდატეს გზაც გაიარა და ისტორიული ხერსონესიდან სულ ფეხით იარა. უთქვამს, ეს სწორედ ის გზაა, რომელიც მითრიდატემ კოლხეთში ჩამოსვლამდე გაიარა და მეც უნდა გავიაროო. “გმირთა ვარამის” პირველი და მეორე ნაწილი ვორკუტაში დაიწერა, იქიდან თბილისში ნაწილ-ნაწილ აგზავნიდა, პატიმრები ძალიან ეხმარებოდნენ, ზოგი ქაღალდს აძლევდა, ზოგი ფანქარს, ზოგი ხელნაწერს მალავდა, რომ ციხის უფროსობას არ ენახა და არ გაენადგურებინა. საქართველოში ნაწერებს ჩუმად აგზავნიდნენ. შემდეგ ყველაფრის ხელით გადაწერა ხდებოდა. როდესაც გადასახლებიდან დაბრუნდა, წიგნი მაშინ გამოიცა. მესამე და მეოთხე ნაწილი მწერალმა არმაზში ცხოვრებისას დაწერა. ეს პროცესი კარგად ახსოვდა მის მეუღლეს, რომელიც იხსენებდა, რომ ერთხელ ლევან გოთუას წერის დროს ცრემლები წამოსვლიაროცა მეუღლეს უკითხავს ტირილით მიზეზი, მას უპასუხია, ნაწარმოების პერსონაჟი ზაზა ორმოში ჩამივარდა და არ ვიცი როგორ ამოვიყვანოო.

მწერალმა თავისი შემოქმედების სახით შთამომავლობას დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა. “მითრიდატეს” დასრულება ვერ მოასწრო. ბოლო პერიოდში “გმირთა ვარამის” სცენარად გადაკეთებაზე მუშაობდა, რამაც ხელი შეუშალა “მითრიდატეს” დასრულებაში. მწერლის გარდაცვალების შემდეგ სპექტაკლი სახელწოდებით “გმირთა ვარამი” რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა მარჯანიშვილის თეატრში დადგა. მის სიცოცხლეში კი რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა მისივე სცენარით: “ჩაძირული სოფელი”, “სამსახეობა რაინდისა”, “მეფე ერეკლე”.

ლევან გოთუა ბოლო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდა თავის მეუღლეს ციცო ალხაზიშვილს. მათ ერთმანეთი მწერალთა პოლიკლინიკაში გაიცნეს, სადაც მისი მომავალი მეუღლე თერაპევტად მუშაობდა. თურმე ექიმს მწერლები გადაეკიდნენ, ლევან გოთუა უნდა გაგირიგოთო. საბოლოოდ 55 წლის მწერალმა 33 წლის რჩეულთან ერთად შექმნა ოჯახი. მათ ერთად მხოლოდ 13 წელი იცხოვრეს. ლევან გოთუა მამა 61 წლის ასაკში გახდა და ქალიშვილი ეყოლა. ლელა თავის გოგონას თავად დაარქვა და ამ სახელის შერჩევა მისი ძველქართულობით ახსნა. მამა-შვილური ურთიერთობა მხოლოდ 6 წელს გაგრძელდა, რასაც მწერლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შეუშალა ხელი.

მწერალს სურდა გადასახლების სასტიკი ისტორიები გააერთიანებინა და მოგონებების სახით დაეწერა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მას ინსულტი დაემართა და მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. ცოტა ხანს საავადმყოფოში იწვა, მეტყველების უნარი დარღვეული ჰქონდა, მისი მოძრაობა არ შეიძლებოდა. ექიმს უთქვამს, შვილი მოუყვანეთ და ამის შემდეგ შეიძლება ორგანიზმმა სიცოცხლისთვის მეტად იბრძოლოსო. შვილის დანახვაზე ლევან გოთუამ იტირა, კიდევ უფრო განერვიულდა და მდგომარეობა დამძიმდა. მწერლის სიცოხლე 67 წლის ასაკში დასრულდა. ის არმაზში მისივე სახლი ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით კი ლევან გოთუას ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში გადაასვენეს.