24 ოქტომბერი, 2015

,,დურუჯის’’ გამარჯვებულები ცნობილია

1durujiპირველმა დამოუკიდებელმა თეატრალურმა პრემიამ “დურუჯი” გამარჯვებულები გამოავლინა. საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია უკვე მეშვიდედ გაიცა. წელს პრემიაზე 22 თეატრის 38 განაცხადი იქნა წარდგენილი.

5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ ნომინირებული სპექტაკლები შეაფასა და საუკეთესოებიც დაასახელა.

ნომინაციები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – ლევან წულაძე “შეშლილის წერილები”, მარჯანიშვილის თეატრი, პრემია 14.000 ლარი;

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ვანო იანტბელიძე „ვინ გატეხა ქოთანი“ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი, პრემია 2.000 ლარი;

საუკეთესო მსახიობი ქალი – მარინა კახიანი „ასულნი“ შოთა რუსთაველის თეატრი, პრემია 2.000 ლარი;

სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – ოთარ ქათამაძე, პაატა ციკოლია „კალიგულა“ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი, პრემია 2.000 ლარი;

საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – ნიკოლოზ საბაშვილი „1945“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ამ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 ლარის ოდენობით.