6 ოქტომბერი, 2015

გრიგოლ რობაქიძის გზავნილი მომავალ თაობებს

1grigol-robaqidzeთანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გრიგოლ რობაქიძე თავისი შემოქმედებით დღემდე რჩება ყვედაზე აქტუალურ შემოქმედად.
მისი ნაწარმოებები წლების განმავლობაში აკრძალული იყო და იდევნებოდა თავად ავტორიც. ის იყო პოლიტიკური ემიგრანტი. საზღვარგარეთ გადახვეწილი მწერალი აქტიურად ადევნებდა თვალყურს სამშობლოში მიმდინარე პროცესებს.

“გველის პერანგი”, “ჩაკლული სული”, “მცველნი გრაალისა”, “დემონი და მითოსი” “მეგი – ქართველი გოგონა” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გრიგოლ რობაქიძემ დატოვა.

“არტინფომ” მწერლის საუკეთესო გამონათქვამები შეკრიბა, რომლებიც დღესაც საოცრად აქტუალურია და მათში მომავალი თაობებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილია.

***

ხშირად ერთ მბჟუტავ ნაპერწკალს ძალუძს ცეცხლი ჩაქრობას გადაარჩინოს.

***

ყოველი ხელოვანი ორგანიული ნაწილია ერის სხეულისა, სული მისი ინდივიდუალური სახეა ერის სულისა.

***

თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა – მოვლენაა ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა “თანამედროვეობისა”. ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა.

***

ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ. იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არაა ბრძანებული. დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ.

***

თავზარი დამცა უღრმესმა, შინაგანმა შეცნობამ: ადამიანის გული ხორცადქცეული ნაწილია მითიურად გაგლეჯილი ღმერთის. ეს დასკვნა ახლა ჩემთვის ცხოვრებად გადაიქცა.

***

სამყარო ინგრევა, ამის შემჩნევა არ შეუძლიათ მხოლოდ ბაზელის კმაყოფილებს. არის იგი ნგრევა უაღრესად კოსმიური თუ მარტოოდენ სოციალური: ეს ბოლოს და ბოლოს შეცნობის ინტენსივობის საკითხია. არსად ისე მძაფრათ არ ცნაურებულა ეს ნგრევა როგორც პოეზიაში და საერთოდ ხელოვნებაში.

***

მხოლოდ ის ხალხი ასრულებს თავისს “სახეს”, რომელიც ისტორიულს გარდაქმნაში გამოდის როგორც კულტურის სუბიექტი.

***

მეორედ შვება ვეღარ ითმენს ხავოან ქავილს
და იხდის პერანგს ცხელ ქვიშაზე რქიანი გველი.

***

ხედავთ!? გველმა თავის თავი დატოვა: მოიხსნა და დააგდო. აქ არის სიბრძნე.

***

ისე უნდა შეხედო საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერის საკუთარ პერანგს- გახდილსა და დაგდებულს. სიცოცხლის ატანა მხოლოდ ამ გზით თუ შეიძლება.

***

საშინელ ხანაში ვცხოვრობთ. მსოფლიო მოსალოდნელ და მოულოდნელ მოვლენათა სათამაშო ასპარეზს წარმოადგენს. განჭვრეტა ჟამთა ცვლილებათა არავის ძალუძს. კაცობრიობას დღეს არ ამოძრავებენ დიდი, სასწაულ-მოქმედი იდეები, ღვთაებრივი ცეცხლი ყველგან კლებულობს, დაუცხრომელი დემონი მთელ სამყაროს დაუფლებით ემუქრება.

***

თუ ხალხში არ არსებობს ღმერთი, როგორც მარადიული ცეცხლი, მაშინ უმჯობესია თვით ღმერთის იდეა მოკვდეს- ხალხი უღმერთო ცხოვრებას დიდხანს ვერ აიტანს, ოდესმე ურვისგან მხეცივით გამძვინვარებული აღდგება, რათა ჯვარს ეცვას ღმერთისთვის.

***

ყველა გულს რომ შეეძლოს სხვების შესახვედრად გაღება , ბოლომდე, მთლიანად კოსმიურად, მაშინ ალბათ გამრთელდებოდა დანაკუწებული ღმერთი.

***

როგორც დოსტოევსკის ადამიანებმა არ უწყიან, სად თავდება ღვთისმშობელი და სად იწყება სატანური, ასევე არ იცოდნენ საბჭოთა მოქალაქეებმა , სად თავდებოდა რევოლუცია და სად იწყებოდა კონტრევოლუცია.

***

მე არ მწამს ისეთი რევოლუცია, რომლის სათავეშიც ქრისტე მოაბიჯებს.

***

რუსული რევოლუციური იდეის საფუძველი ღირსების უარყოფაა.

***

უღმერთობა ავადმყოფობაა, ხოლო სნეულისთვის კრიზისია აუცილებელი.

***

რელიგიის მიზანი შინაგანი სასიყვარულო კავშირისა და გარეგანი თავისუფალი ერთიანობის აღდგენაა. ამისათვის აუცილებელია ყოველგვარი შეზღუდულობის ბორკილებიდან დახსნა.

***

რუსეთის იმპერატორებს მეფე ერეკლეს შორსმჭვრეტელობა არ აღმოაჩნდათ: მათ უღალატეს საქართველოს – ამ ღალატით თავის თავს უფრო უღალატეს.

***

ჩვენთან ღმერთის წინააღმდეგ იბრძვიან, მისი მოკვლა სურთ. ამერიკასა და ევროპაში კი არ კლავენ ღმერთს, იქ იგი თავისით კვდება.

***

მტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭირო: თავდაჭერა და ირონია.

***

უნდა უკუვაგდოთ საძრახისი თვალსაზრისი თითქოს ჩვენთვის გზის მითითება მხოლოდ ევროპას შეეძლოს.

***

სტალინს არ ჰქონდა ცეცხლი, ის ცივსისხლიანი იყო. ეს ერთგვარად აორმაგებდა კიდეც მის ძალას.

***

შენ შენს თავში ატარებ ყოველგვარ სიამეს, ყველა ბრწყინვალებას, მაგრამ ყველა დარდსაც.

***

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველწელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს.