ქართველების ტრიუმფი სან სებასტიანში

2 ოქტომბერი, 2015

1zaza-magalashviliქართველების ტრიუმფი სან სებასტიანში. „კურსაალის“ კინოდარბაზში 1800-მა მაყურებელმა კორიდორი შექმნა და ხანგრძლივი ოვაცია მოუწყო ქართველებს წითელ ხალიჩაზე.

სან სებასტიანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა ქართული კინოსთვის. ლევან თუთბერიძის ფილმი ”მოირა” სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

”მოირა” მესამე ქართული ფილმია თენგიზ აბულაძის ”მონანიების” და გიორგი ოვაშვილის ”სიმინდის კუნძულის” შემდეგ, რომელსაც ეკუმენური ჟიურის პრიზი მიენიჭა.

SIGNIS AWARD – კინოინდუსტრიის პროფესიონალების მიერ დაწესებული ჯილდოა და გადასცემენ მთავარ საერთაშორისო კინოფესტივალებზე ”მაღალი ხარისხის ძლიერ ნამუშევარს, რომელსაც უნარი აქვს ჩაწვდეს ადამიანური არსების სიღრმეს, აჩვენოს მისი მოლოდინები, ტკივილები და იმედგაცრუებები”. ამ პრიზის მფლობელთა შორის არიან ფასბინდერი, ტარკოვსკი, ალმადოვარი, ინიარიტუ და სხვა ცნობილი რეჟისორები.

ლევან თუთბერიძის ფილმში ზაზა მაღალაშვილი ინვალიდის როლს თამაშობს. ბავშვობის მეგობრის შეთავაზებამ მის ფილმში ეთამაშა, ცოტა შეაშინა, თუმცა საბოლოოდ დათანხმდა და გამორჩეული პერსონაჟიც შექმნა.

”არტინფო” ზაზა მაღალაშვილს ესაუბრა.

– პირველ რიგში კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯილდოს. რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის პრიზის მიღება?

– ფილმი ნანახი არ მქონდა, რადგან რამდენიმე თვის მანძილზე ქვეყნიდან გასული ვიყავი. პირველად ვნახე სან სებასტიანში – პრემიერის წინა დღეს, ჟურნალისტებისა და კინოკრიტიკოსებისთვის გამართულ სპეციალურ ჩვენებაზე.

ფილმის მიმართ კინოპროფესიონალების გამორჩეულად კარგმა განწყობამ, გარკვეული იმედები მოგვცა, მაგრამ იმას, რაც 23 სექტემბერს, პრემიერის შემდეგ, „კურსაალის“ კინოდარბაზში მოხდა, არავინ ველოდით: ათას რვაასმა მაყურებელმა კორიდორი შექმნა და ხანგრძლივი ოვაცია მოგვიწყო წითელ ხალიჩაზე. მაყურებელი, ფაქტიურად, არ გვიშვებდა. ფესტივალის გენერალური დირექტორი, ხოსე ლუის რებორდინოსიც ჩვენს გვერდით დადგა. რა სამწუხაროა, რომ ქართული ფილმის ასეთი დაფასების დროს, იქ არცერთი ჩვენი ტელეჟურნალისტი არ იყო. ქართული ტელევიზიების გარდა, ეს ამაღელვებელი მომენტი ყველამ გადაიღო.

ამის მერე, გაგვიჩნდა იმედი, რომ მთავარს თუ არა, რაიმე სპეციალურ პრიზს მაინც წამოვიღებდით. მართლაც, ფილმი დააჯილდოვეს სიგნისის პრიზით – ესაა სპეციალური ეკუმენური ჟიურის ჯილდო, რომელსაც წამყვან კინოფესტივალებზე „განსაკუთრებული სულიერი ღირებულების მქონე მაღალპროფესიულ ფილმებს“ ანიჭებენ. ასე აქვთ განსაზღვრული ჯილდოს მისია, რომელიც თავის დროზე მიღებული აქვთ ტარკოვსკის, ფასბინდერს, ალმოდოვარს, აბულაძეს, ოვაშვილს, ანგელოპულოსს, ინიარიტუს და კიდევ ბევრ გამოჩენილ რეჟისორს.

– თქვენი აზრით, რატომ გამოარჩია ”მოირა” სან სებასტიანის ფესტივალმა?

– სიღარიბე, სოციალური გაჭირვება არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მთავარი გმირის – ციხიდან ახლადგამოსული მამუკას ძალისხმევა გააერთიანოს ოჯახი და ბოლოსდაბოლოს, სიღატაკიდან გამოიყვანოს, ნებისმიერ მაყურებელში გამოიწვევს თანაგრძნობას. მაგრამ არსებობს ბედისწერა, რომლის წინაშე მთავარი გმირი უძლურია. აქედანაა ფილმის დასახელება – მოირა.

ეს რაც შეეხება ფილმის შინაარსს…ამას გარდა, მინდა აღვნიშნო მსახიობების ძალიან მაღალი პროფესიული დონე: ქეთი ცხაკაია, პაატა ინაური, გიორგი ხურცილავა, ჯანო იზორია; არ მინდა ვინმე გამომრჩეს, იმიტომ რომ მეორეხაისხოვანი როლები და ეპიზოდებიც კი ძალიან მაღალი დონის ნამუშევარია. აღარაფერს ვამბობ რეჟისორ ლევან თუთბერიძეზე – მინდა გითხრათ, მასთან მუშაობა ყველა ქართველი მსახიობის ოცნებაა; ამას დაუმატეთ ოპერატორის – გორკა გომესის ძალაინ მაღალი კლასი და ნუკრი აბაშიძის შთამბეჭდავი მუსიკა…

– როგორ აღმოჩნდით ლევან თუთბერიძის ფილმში?

– მე და ლევანი ლამის ბავშვობის მეგობრები ვართ. ერთად ვსწავლობდით თეატრალურ ინსტიტუტში. თვრამეტი წლის ვიყავით, როცა კინოში ჩვენი სამსახიობო დებიუტი შედგა – ბუბა ხოტივარის „დემეტრე თავდადებულში“ ლევანი მეფეს თამაშობდა, მე – რატი სურამელს. შარშან, ლევანმა სინჯებზე მიმიწვია. მინდა გითხრათ, ოცდაორი წელია საქართველოში არ მიცხოვრია და სამსახიობო ხელოვნებასთანაც კავშირი არ მქონია. ამ წინადადებამ გამახარა და შემაშინა კიდეც. ლევანს ვუთხარი, ხომ არ რისკავ-მეთქი. მან მიპასუხა, სინჯების მერე გეტყვიო… როლზე დამამტკიცეს.

– რით არის თქვენთვის მნიშვნელოვანი თქვენი პერსონაჟი?

– ინვალიდის როლის თამაში, ცხადია, ძნელია. ვაკვირდებოდი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს, რომლებიც ეტლზე არიან მიჯაჭვულები, ვსწავლობდი ეტლის ტარებას. ჩემი აღქმით, ამ პერსონაჟს აქვს დიდი შინაგანი ძალა და პატიების უნარი.

– მისი ტიპაჟის შექმნაში ფანტაზია დაგეხმარათ თუ რეალური პიროვნებები?

– რა თქმა უნდა, ორივე.

– პარტნიორებზეც გვითხარით. რამდენად კომფორტული იყო თქვენთვის მათთან მუშაობა?

– რატომ გაუადვილდა ყველა მსახიობს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა?
იმიტომ რომ, ყველანი ერთმანეთის თანადგომას და კეთილგანწყობას ვგრძნობდით. ეს იყო, ნამდვილი გუნდი, მკაცრი დისციპლინით და წესრიგით. იგივე ითქმის მთელს გადამღებ ჯგუფზე და ტექნიკურ პერსონალზე.

– ლევან თუთბერიძის ეს ფილმი საქართველომ ოსკარზე წარადგინა. გულწრფელად გვითხარით, რამდენად გვაქვს შანსი კიდევ ერთხელ აღმოვჩნდეთ ოსკარის ნომინანტთა შორის?

– გულწრფელად გეუბნებით, ნაღდად არ ვიცი, რას გადაწყვეტენ ამერიკის კინოაკადემიის წევრები; რამდენად არის იმის შანსი რომ ფილმი შორტლისტში მოხვდეს, არავინ იცის.

– რიგით მაყურებლებს რომ დაუსახელოთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომ უნდა ნახონ ”მოირა”?

– მოდით, ეს , საქართველოში პრემიერის მერე, მაყურებელმა განსაზღვროს.

– კიდევ რომელ ფესტივალებზე იმოგზაურებს ეს ფილმი?

– ახლა რეჟისორი – ლევან თუთბერიძე და მთავარი როლის ორი შემსრულებელი – პაატა ინაური და გიორგი ხურცილავა, ვარშავის კინოფესტივალზე მიემგზავრებიან; სამწუხაროდ, მე ვერ მივდივარ.

ვიცი, რომ „მოირა“ პირველი კატეგორიის ბევრ ფესტივალზეა მიწვეული. დანარჩენი, სჯობს, რეჟისორს კითხოთ.

გააზიარეთ

 
...