ვან გოგის საიდუმლო ამოხსნილია

18 ოქტომბერი, 2015

1van-gogiმსოფლიოში ცნობილი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი თავისი შემოქმედებით თუ ცხოვრებით მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის დიდი თავსატეხია.

“არტინფო” გთავაზობთ 10 უცნობ ფაქტს ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომელიც მისი იდუმალი პიროვნების შეცნობასა და საიდუმლოებების ამოხსნაში დაგეხმარებათ.

ფაქტი პირველი:

ალბათ ბევრს გაუკვირდება როცა გაიგებს, რომ მსოფლიოში ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც დღეს ათობით მილიონ დოლარად არის შეფასებული, მხოლოდ სიცოცხლის ბოლო ათი წლის განმავლობაში ხატავდა.

ფაქტი მეორე:

სანამ თავის საყვარელ საქმეს აღმოაჩენდა, ვან გოგი ლონდონში ბიძასთან სახვითი ხელოვნების ნიმუშების ვაჭრობაში იყო ჩართული. სწორედ იქ გაეცნო ფერწერას, ჩაუღრმავდა და შეუყვარდა კიდეც. მაგრამ იქ დიდხანს მუშაობა ვერ შეძლო, მძიმე და აუტანელი ხასიათის გამო, მხატვარი სამსახურიდან გააგდეს.

ფაქტი მესამე:

დიდი ხნის განმავლობაში ვან გოგს სურდა მამის კვალს გაჰყოლოდა და სასულიერო პირი გამხდარიყო. მას აინტერესებდა ბიბლია, თარგმნიდა და ემზადებოდა ამსტერდამის უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, მაგრამ სწავლისადმი ინტერესი მალევე დაკარგა. მოგვიანებით ბრიუსელთან ახლოს პროტესტანტულ-მისიონერულ სკოლაში დადიოდა და რამდენიმე თვით ბელგიაშიც იმყოფებოდა ღატაკებთან საქადაგებლად.

ფაქტი მეოთხე:

წარუმატებელი სასულიერო კარიერის შემდეგ, ვან გოგი ფერწერით დაინტერესდა. მან ბრიუსელში ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ ერთ წელიწადში სწავლას თავი დაანება და დამოუკიდებლად დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა.

ფაქტი მეხუთე:

ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მხატვრის შემოქმედებაში პარიზს უკავშირდება, სადაც გაიცნო იმპრესიონისტები და მათი გავლენის ქვეშაც მოექცა. პარიზში ხშირად ეწყობდა ვან გოგის გამოფენები, მაგრამ საზოგადოებამ კატეგორიულად არ მიიღო მისი ნამუშევრები.

ფაქტი მეექვსე:

1889 წელს ქალაქ არლიში ვან გოგსა და პოლ გოგენს შორის საერთო სახელოსნოს კონცეფციასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა. კონფლიქტის დროს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ვან გოგი სამართებლით დაეხსა თავს კოლეგას, მაგრამ საბედნიეროდ, პოლ გოგენი არ დაშავებულა. სამაგიეროდ, იმ ღამეს ვან გოგმა ყური მოიჭრა. დღემდე საიდუმლოდ რჩება რატომ მოიქცა მხატვარი ასე – ეს იყო მონანიებით გამოწვეული ქმედება თუ აბსენტის დიდი დოზით მიღების შედეგი. ამ შემთხვევის შემდეგ ვან გოგი საკმაოდ მძიმე დიაგნოზით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ქალაქ არლის მაცხოვრებლებმა მიმართეს მერს, რომ სასწრაფოდ მოეხდინათ მხატვრის საზოგადოებისგან იზოლირება. ასე აღმოჩნდა ვან გოგი სულიერად დაავადებულთა დასახლებაში, სადაც თავისი ერთ-ერთი შედევრი “ვარსკვლავებიანი ღამე” შექმნა.

ფაქტი მეშვიდე:

საზოგადოებამ ვან გოგი პირველად მისი სიცოცხლის ბოლო წელს აღიარა. მხატვარმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ გამოფენაში და სწორედ მაშინ დაიწერა დადებითი რეცენზია მის ნახატზე “წითელი ვენახები არლიში”.

ფაქტი მერვე:

მხატვრის ყველაზე ახლობელი მეგობარი და მესაიდუმლე მისი ძმა თეო იყო. ის ყველანაირად მხარში ედგა და ეხმარებოდა თავის ძმას, მისი გარდაცვალების შემდეგაც უნდოდა გრანდიოზული გამოფენის მოწყობა, მაგრამ ფსიქიკურმა აშლილობამ შეუტია და ვინსენტის გარდაცვალებიდან 6 თვეში თეოც გარდაიცვალა.

ფაქტი მეცხრე:

არსებობს ვერსია, რომ თავის სიცოცხლეში ვან გოგმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი “წითელი ვენახები არლიში” გაყიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არსებობს დოკუმენტაცია, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ვან გოგი მანამდეც ყიდდა თავის ნამუშევრებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მინიმალურ ფასად.

ფაქტი მეათე:

ვინსენტ ვან გოგი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული. მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ვან გოგი პისტოლეტით მკერდში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა, რადგან სისხლისგან დაიცალა. აქამდე უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობა თუ თავდასხმა. ბოლო სიტყვები, რომელიც ვან გოგმა წარმოთქვა ასე ჟღერდა: “მწუხარება სამუდამოდ გაგრძელდება”…

გააზიარეთ

 
...